ეროვნულ ლიგაზე „დუღილის ტემპერატურა“ მატულობს
ეროვნულ ლიგაზე „დუღილის ტემპერატურა“ მატულობს
20.10.2017
ავტორი:

საკმაოდ დატვირთული გამოდგა 13-დან 23-მდე, ოქტომბრის თვის 10-დღიანი შუალედი. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს ფაქტიურად, ყოველ მეოთხე დღეს თამაში უწევთ. 23 ოქტომბერს, სატურნირო ცხრილის პირველ 4 გუნდს ერთმანეთში უწევთ თამაში. შესაბამისად, სწორედ ამ წრეში გამოიკვეთება, ჩემპიონატის ბოლომდე, რომელი კლუბი, როგორი გეგმით იმოქმედებს. ფაქტია, რომ 4-დან სამს, „დინამო თბილისს", „ტორპედოსა" და „სამტრედიას" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება უნდა. აი, „ლოკომოტივს" კი, რომელსაც ზურგს უკან „საბურთალოს" სუნთქვა ესმის, ევროთასებზე მოსახვედრად, აუცილებლად სჭირდება მეოთხე საფეხურზე მოხვედრა. აქედან გამომდიმარე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისური კლუბი ყველანაირად უნდა შეეცადოს „ტორპედოსთან" ქულების აღებას. მითუმეტეს, რომ „საბურთალო", „სახლში" თამაშობს „დილასთან" 3 ქულის აღებას შეეცდება.

იმავე დღეს, „დინამო თბილისი", „დინამო არენაზე" „სამტრედიას" უმასპინძლებს. დედაქალაქის გუნდი, იმედოვნებს, რომ დინამოელთათვის საკვანძო მატჩში, თბილისური გუნდის საქომაგოდ, მე-12 მოთამაშე ბოლოს და ბოლოს მოვა სტადიონზე.  ეს მატჩები, 31-ე ტურის იქნება. მანამდე კი 19 ოქტომბერს, 30-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა ფოთსა და გორში გაიმართა.

„კოლხეთი -1913" - „ტორპედო" 1-2

სტადიონიდან სტადიონზე, „ხეტიალის" შემდეგ, „კოლხეთი 1913" კი დაბრუნდა ფოთში, მაგრამ სარაგბო მოედანი, ეროვნული ლიგის „განწირულ ზონაში" მყოფი გუნდისთვის არ აღმოჩნდა წარმატების მომტანი. ფოთის „პარკი არენაზე", „კოლხეთი 1913", ქუთაისის „ტორპედოსთან" მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა.


ის, რომ ფოთელები მეორე ნომრად ითამაშებდნენ ისევე არ გაჰკვირვებია არავის, როგორც ქუთაისელთა გოლი მე-12 წუთზე.  ლაშა კუჭუხიძის გადაცემის  შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ, რომელსაც მასპინძელთაგან ფაქტიურად ხელს არავინ უშლიდა, ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ამ ტაიმში, დარჩენილ 33 წუთში, შეიძლება ითქვას, საინტერესო არაფერი მომხდარა. „ტორპედო", სათამაშო უპირატესობას ფლობდა, „კოლხეთი 1913" კი, ცდილობდა კონტრშეტევებში ეპოვნა ხეირი. თუმცა ტაიმი, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან, მე-9 წუთზე, გიორგი ჯანელიძემ, შორეული დარტყმის შემდეგ, როინ კვასხვაძეს კარიდან ბურთი გამოატანინა. კიდევ რამდენიმე წუთში, ქუთაისელები, მეორე გოლისგან ძელმა იხსნა. თუმცა, როგორც ჩანს ეს იყო, ფოთელთა მაქსიმუმი და ჩხეტიანის გუნდმაც პირველი ტაიმის მსგავსად, ამ მომენტის შემდეგ, მატჩის სადავეები ხელში აიღო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ფოთელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, მათსაც, ჩვენსავით, ძალიან ესაჭიროებათ 3 ქულა. ამიტომ მატჩი დაძაბული გამოდგა. მოედანი ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ დღეს ის მოიგებდა, ვინც მეტს იბრძოლებდა და მადლობას ვუხდი მათ, რომ დღეს მოსაგებად მათ გული ჩადეს", - განაცხადა კახა ჩხეტიანმა, თამაშის დასრულების შემდეგ.

ბუნებრივია, ქუთაისელებს, ამ მატჩში ბრძოლას ვერ დავუკარგავთ, თუმცა თერთმეტმეტრიანი, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა, ვლადიმერ კორობკას წაქცევის გამო დადო შეხვედრის 76 წუთზე, ცოტათი ეჭვს ბადებს. თუმცა, ასეა თუ ისე, მსაჯების გადაწყვეტილება არ შეცვლილა და „ტორპედოც" ანგარიშში დაწინაურდა. „კოლხეთთან" გამარჯვების გოლი, გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, ბექა ტუღუში, სავარაუდოდ უფრო მსაჯთან კამათისთვის იღებს, ყვითელ ბარათს, რაც იმას ნიშნავდა, რომ  „ტორპედო" 10 კაცით დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მას მიმდინარე მატჩის 69-ე წუთზე უკვე ჰქონდა ყვითელი მიღებული, ტორპედოლებს დარჩენილი წუთების ნაკლული შემადგენლობით მოუწიათ თამაშის დასრულება. მიუხედავად ამისა, „ტორპედომ" ამ თამაშის მოგება და მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება მოახერხა.

„დილა" - „დინამო თბილისი" 1-2

1-2 დასრულდა შეხვდრა გორშიც, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილამ" „დინამო თბილისი" მიიღო. გორის განახლებულ სტადიონზე, ღამის განათების თანხლებით, „დინამომ" პირველი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა, ამიტომაც, შეხვედრის სტარტი, ოდნავ, დაბალ რიტმში დაიწყო. თუმცა, მე-11 წუთზე დინამოელებს, უკვე შეეძლოთ ანგარიშში დაწინაურება. ბაქარ ქარდავას დარტმული, გორელთა მეკარემ, მიხეილ მუჯრიშვილმა კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ თამაში ურთიერთშეტევების ფონზე წარიმართა. ბურთს, „დინამოელები" აკონტროლებდნენ, თუმცა გორელთა კონტრშეტევებსაც არ აკლდა სიმწვავე. „დილას" რიგებში, ალიუ აბუბაქარი და გიორგი ფანცულაია გამოირჩეოდნენ. ფანცულაია, რომელიც ტრავმის შემდეგ, ჯერ არ არის შესული ჩვეულ ფორმაში და რიგ მატჩებში არც გიორგი დარასელია ენდო, შეხვედრის მე-40 წუთზე, ანგარიშის გახსნას ახერხებს. რამდენიმე წუთში, უკვე დინამოელებს აქვთ გოლის გატანის შანსი. აკაკი შულაიას ჩაწოდების შემდეგ, ბექა მიქელთაძე, გორელთა მეკარესთან ერთი-ერთზე რჩება, თუმცა ბურთს საკმაოდ დიდი მანძილით აცილებს კარს. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

მეორე ტაიმში კი დინამოელებმა, „დილას" თავიდან ბოლომდე საკუთარი თამაში მოახვიეს. თუმცა, რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 69-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ერთი-ერთზე გასული ქოჩლაძის დარტმა მუჯრიშვილმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ბექა ქავთარაძემ, პირველ ტაიმში სეხნიის, ბექა მიქელთაძის მსგავსად, ახლო მანძილიდან „მოახერხა", რომ გორელთა კარისთვის ბურთი აეცილებინა.

„სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ. თუმცა, ჩვენთვის ყველა ქულას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველი ტაიმი, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენ ოდან ვჯობნიდით მეტოქეს. მეორე ტაიმში, ვითარება რადიკალირად გამოვასწორეთ და ეს, ფეხბურთელების თვითდაჯერების ხარჯზე მოხდა. ამ გამარჯვებასაც, მეორე ტაიმიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმსახურებდით" - აღნიშნა, მატჩის შემდეგ კახა კაჭარავამ.

თვითდაჯერებულმა დინამოელებმა, კი მატჩის გადასარჩენად პირველი ნაბიჯი 82-ე წუთზე გადადგეს, როდესაც გორელთა მეკარის საჯარიმო მოედანში, ბექა ქავთარაძესთან უხეში თამაშისთვის ჯენერი ხორავამ 11-მეტრიანი დანიშნა მასპინძელთა კარში. ლაშა თოთაძემ კი პენალტი  ძლიერად და უშანსოდ დაურტყა მუჯრიშვილს, რომელსაც ამ დღეს, რამდენიმე კარგი „სეივი" ჰქონდა. თუნდაც, 2 წუთში მიქელთაძის მაკრატელა ავიღოთ, რომელიც სწორედ, გორელთა მეკარის დამსახურებით, არ გარდაისახა გოლად.  აქვე, რადგან სიტყვამ მოიტანა, თამაშის რამდენიმე ეპიზოდს შევეხებით.

პირველი ტაიმის მე-20 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დინამოელ გეგეჭკორს, ხელზე ხვდება ბურთი. ჯენერი ხორავა, შეხვედრას აჩერებს და საჯარიმო დარტმას ნიშნავს. შეხვედრის, 25-ე წუთზე, შეტევაში მყოფ ლევან ნონიკაშვილს, მხარზე ხვდება ბურთი და არბიტრი კვლავ აჩერებს თამაშს. 51-ე წუთზე, უკვე გორელთა საჯარიმოში პაპავას მკლავით ჩამოქვს ბურთი, თუმცა ხორავა, ამას უკვე აღარ იმჩნევს - უბრალოდ, დეტალი თამაშიდან და მსაჯის განწყობა ხელით თამაშთან დაკავშირებით.

შეხვედრა კი დინამოელთა გამარჯვებით და ლაშა თოთაძის დუბლით დასრულდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროის ბოლო წუთზე, დინამოელთა მცველმა, დაახლოებით 33-35 მეტრიდან, მორიგი სტანდარტით, ყუმბარისებული დარტმით დასვა წერტილი.  მიმდინარე ჩემპიონატში, ეს თბილისელთა გუნდის მცველის მე-6 გოლი იყო. დინამოელებმა კი, მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს და სატურნირო ცხრილში, მდევარ გუნდს, კვლავ 4 ქულით უსწრებენ.

 

„ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. მეორე ტაიმში ვფლობდით უპირატესობას, გვქონდა მომენტები და ეს შედეგიც ლოგიკურია", - აღნიშნა მატჩს დასრულების შემდეგ ლაშა თოთაძემ.

მომდევნო მატჩს თბილისელები 23 ოქტომბერს დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ ჩაატარებენ. 31-ე ტური კი 22-23 ოქტომბერს გაიმართება.