ქალთა ლიგის გათამაშებას სათავეში „ნიკე“ ჩაუდგა
ქალთა ლიგის გათამაშებას სათავეში „ნიკე“ ჩაუდგა
17.08.2020
ავტორი: თ.ჯ.


საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებას 2 ტურის შემდეგ, თბილისის „ნიკე"  ლიდერობს. 15 და 16 აგვისტოს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. „ნიკემ" რომელიც ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ადვილად მოახერხა „ზარზმას" დამარცხება, 10-0. თბილისელთაგან გოლები ნათია სხირტლაძე, ანა პოღოსიანმა, 2-2 ლელა ჭიჭინაძემ, ლიზი მწყერაშვილმა და ოთხიც თეონა ბაქრაძის ანგარიშზეა.


პირველი გამარჯვება ჩაიწერა მიმდინარე გათამაშებაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმაც". ჩემპიონატის დაძაბული სტარტის შემდეგ, გურულებს არ გასჭირვებიათ ხობის „კოლხეთის" დამარცხება,  ანგარიშით 3-0,  თუმცა, „ლანჩხუთმა" ანგარიშის გახსნა, მხოლოდ 35-ე წუთზე მოახერხა. მიმდინარე ჩემპიონატში, სადებიუტო გოლო გაიტანა საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ. მანვე, ამ შეხვედრაში, დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ლანჩხუთელთაგან, მეორე ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლი, ნინო ჩხარტიშვილმა გაიტანა.


გასვლაზე, დიდი ანგარიშით, 0-10, გამარჯვება მოახერხა „გორი იუნაიტედმა", რომელმაც გათამაშების დებიუტანტს  „თუშეთს" სძლია. ისევე, როგორც წინა სეზონზე, გორელთა შორის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი ეთერ სულაშვილი, ამ სეზონშიც გამოირჩევა. ეთერის ანგარიშზე ამ მატჩში, ხუთი გოლია. 3 გოლი გაიტანა გორელთაგან თამარ ეპიტაშვილმა, რომელიც  გუნდს, წელს შეუერთდა. 


მეორე ტურის პირველ საასპარეზო დღეს, მცხეთაში, „სამეგრელომ", გათამაშების დებიუტანტის კარში, მხოლოდ 2 გოლის გატანა შესძლო და 0-2 გაიმარჯვა.


შედარებით ნაკლები გოლი გავიდა, ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრაში, რომლებიც 16 აგვისტოს გაიმართა.


ბათუმში, ადგილობრივმა ქალთა გუნდმა, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა „ივერიას" დამარცხება, 3-2. ამ მატჩში გუნდებმა 11-მეტრიანებიც გაცვალეს და ბოლოს ხაშურელთა გუნდს, მას შემდეგ რაც მეკარე გაუძევეს, თამაშის დასრულება 10 ფეხბურთელით მოუხდა.


ტრადიციულად, სტაბილურად დაიწყო ჩემპიონატი, ქალთა შორის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქუთაისის „მართვემ". ამ ტურში ქუთაისელებს, არ გასჭირვებიათ გათამაშების დებიუტანტის, სოხუმის „დინამოს" დამარცხება, ანგარიშით 5-0. დინამოელთა კარში, ერთი გოლი, „მართვეს" ამერიკელმა ლეგიონერმა, ლაურე ლებერმა გაიტანა, 4 გოლი კი, ლანა გორგაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ გორგაძემ, ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და ფაქტიურად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ტრავმის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვეულ ფორმაში შედის.


ამ ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. „ნორჩი დინამო", გათამაშების დებიუტანტს, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ „კვარტალს" დაუზავდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.


ქალთა ლიგის გათამაშების მე-3 ტური 22 და 23 აგვისტოს გაიმართება.