„დინამო თბილისი“ პირველ საკვალიფიკაციოს ტონუსში ხვდება
„დინამო თბილისი“ პირველ საკვალიფიკაციოს ტონუსში ხვდება
18.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით, 21:00 საათზე „დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. უკვე დღეიდან, სტადიონმა აღნიშნული თამაშისთვის მზადება კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შესაბამისად დაიწყო მზადება. ამ სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა მატჩისწინა პრესკონფერენციები, რომლებშიც სტუმარი გუნდის, ალბანური „ტირანასა" და „დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.




ხვალინდელ თამაშზე არ იქნება გულშემატკივარი, თუმცა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ „დინამო თბილისი" თავისი გულშემატკივრის ხმას გაიგებს.


„არ აქვს მნიშვნელობა ერთი მატჩის ჩატარება გვიწევს თუ ორის, ყველა შემთხვევაში, მოედანზე მოტივირებული და მომზადებული უნდა გამოვიდეთ.  მატჩების რაოდენობა არაფერს არ ცვლის. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და კარგად უნდა გავაცნობიეროთ. შეხვედრის თითოეული წუთი მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს," - ამბობს კახა ჩხეტიანი.




როგორ ხვდება „დინამო თბილისი", ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს? დღეს, მედია, ამ თემითაც, რომ დაინტერესდებოდა, არ იყო გასაკვირი. მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისელებმა, თელავში, საკმაოდ უღიმღამო მატჩი გამართეს და 2 ქულა დაკარგეს.


„ბოლო მატჩი, რომელიც "თელავთან" ჩავატარეთ, კმაყოფილების საფუძველს არ ტოვებდა, მაგრამ არც მოედნის ხარისხი იყო აღსაფრთოვანებელი. ეს ფრე არაფერს ცვლის. მორიგი რიგითი მატჩი ჩავატარეთ და ამით არაფერი სრულდება. სამწუხაროდ ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში მოტივაცია სხვადასხვაა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და თუკი მაღალ მიზნებზე ბრძოლა გვსურს, ყველა შეხვედრას თანაბარი", - ამბობს ჩხეტიანი.


ხვალინდელი მატჩის წინ, „დინამო თბილისსა" და „ტირანას" შორის კიდევ რამდენიმე განსხვავებაა. თბილისელები, ადგილობრივ, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სეზონის მიმდინარეობისას რამდენიმე ფეხბურთელმა, ბოლოს კი ნიკა ნინუამ დატოვა, გუნდი ასე თუ ისე შეთამაშდა. დინამოელთა მეტოქისთვის, კი, სეზონში პაუზაა და გუნდმა, ბოლოს მხოლოდ, თასის ფინალი ითამაშა, რის შემდეგაც „ტირანას" რიგები 6 ფეხბურთელმა დატოვა.


„მათი უმეტესობა ისეთი იყო, რომელსაც აქამდე თამაში ხშირად არ უწევდათ. პირიქით, "ტირანამ" შევსება მიიღო და ვფიქრობ მათი შემადგენლობა უფრო გაძლიერდა. ჩვენს მეტოქეს გუნდში ჰყავს ბრაზილიელი, არგენტინელი და ინგლისელი ფეხბურთელები, ისინი გუნდის ლიდერები არიან და შემტევ ხაზს საგრძნობლად აძლიერებენ.მატჩამდე ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიეთ, ყველა დეტალი განვიხილეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი.




გუნდში, საბრძოლო განწყობაზე საუბრობს „დინამო თბილისის" კაპიტანი გიორგი პაპავა. მისი თქმით, ხვალ თბილისელები მინდორზე  საბრძოლველად გამოვლენ.


„მეტოქე შევისწავლეთ და კონცენტრირებულები ვართ. ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რასაც „დინამოს" სახელით თამაში ჰქვია და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მცირე უპირატესობა გვაქვს იმ კუთხით, რომ ჩვენთან სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ დაპირისპირება ერთმატჩიანი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ", - ამბობს პაპავა.


„დინამო თბილისმა" მატჩისწინა ვარჯიში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ამ მომენტისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. თუმცა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანს მინიშნებითაც კი არ უსაუბრია შემადგენლობაზე, რომელიც ხვალ ითამაშებს.




„დინამო თბილისისგან" განსხვავებით, „დინამო არენაზე" საათზე ონდავ მეტი ივარჯიშა, თბილისელთა ხვალინდელმა მეტოქემ, ალბანეთის „ტირანამ".  ვარჯიშამდე კი სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ნიგერიელმა ემანუელ ეგბომ, ქართველი და ალბანელი ჟურნალისტები კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისში, მისი გუნდი მოსაგებადაა ჩამოსული.


„დინამო" საინტერესო და ბრძოლისუნარიანი გუნდია. შანსები 50/50-ზეა. აქ უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩამოვსულვართ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ისე, საინტერესო დამთხვევაა, რომ 17 წლის წინაც, "დინამოს" ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მოუწია. თუმცა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და შეხვედრისთვის სრულფასოვნად უნდა მოვემზადოთ", - ამბობს ემანუელ ეგბო.



სტუმართა მწვრთნელს, ერთ მომენტში, „ტირანას" პრეზიდენტის სიტყვების გამო, ახსნა-განმარტების მიცემაც მოუხდა და აღნიშნა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტის ნათქვამი, არასწორად იყო ინტერპრეტირებული და სულაც არ უფიქრია „დინამო თბილისის" დამცირება. უფრო მეტიც, ემანუელ ეგბომ, აღნიშნა, რომ 17 წლის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულს, საქართველოს დედაქალაქი სასიამოვნოდ შეცვლილი დახვდა. ჩვენის მხრივ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალ, მატჩის შემდეგ, ალბანელები, ქართველთათვის სასიკეთოდ, კიდევ უფრო გაოცებულნი დარჩებიან.