
უგულობა არა, მაგრამ მომენტებიც არა. უიმედობა არა, მაგრამ არც შესრულებული დავალების 10%-იც კი. ამ თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი გამოსასწორებელიაო, იტყვის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშეს და მონდომება დააკლდათ. არა, ეს ასე არ ყოფილა, მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მეტოქემ შეტევის შესაძლებლობა მოგვცა, მაგრამ ეს ვერ გამოვიყენეთ და რეალური მომენტები ვერ შევქმენით".
„დღევანდელი თამაშის გამო ყველას ბოდიშის გიხდით და ვეცდებით, რომ შემდეგ შეხვედრებში სათამაშო ხარისხი და სტილი სრულფასოვნად შეიცვალოს".
„არ ვიცი რამდენად შევძლებთ გუნდის ახალწვეულებით გაძლიერებას, მაგრამ იმაზე აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ გუნდის შიდა რესურსი უფრო მეტად და უკეთ გამოვიყენოთ".
„რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ გუნდი არ ვითარდება და ჩემი დათხოვნის საკითხს განიხილავენ, ეს მათი ნება იქნება".
ეს არის ამონარიდები მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა" და „ტირანას" დაპირისპირების შედეგიდან გამომდინარე, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა მედიისთვის გააკეთა.
ფაქტია, რომ გასული სეზონის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჩემპიონი გუნდი, სხვადასხვა პოზიციებზე წლის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად გაძლიერებულიყო, ძირფესვიანად დაიშალა, ახალი კი, არათუ ევროპულ სარბიელზე, ეროვნული ლიგის დონეზეც ბეწვის ხიდზე დადის. ისიც ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ტირანულ დაპირისპირებაზე, სასტარტო შემადგენლობაში, წინა სეზონის ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელი მოხვდა.
ისიც ფაქტია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, თბილისელებს 2020 წლის სეზონზე უჭირთ დალაგება და კიდევ ისიც, რომ რაც არ უნდა კარგები იყვნენ მინდვრის ცენტრში და ბურთის კონტროლის თვალსაზრისით, 2020 წლის სეზონზე, თუ არ ჩავთვლით 1 შეხვედრას, დინამოელები რეალურად, კარის ჩარჩოსკენ არც კი ურტყამენ. საკუთარ კარში კი, არაფრიდან გოლებს იღებენ. დღესაც, ორივე გოლი აბსოლუტურად უწყინარ ვითარებაში გავიდა. „დინამო თბილისმა გოლები პირველი ტაიმის დამატებითი დროის ბოლო წუთზე და 86-ე წუთზე გაუშვეს და მატჩი, საკუთარ სტადიონზე 0-2 წააგეს.
ფაქტია, რომ ქვეყნის ჩემპიონი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ახლა, ევროპა ლიგაზე ინაცვლებს, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება. თუმცა, რა შეიცვლება მანამდე ჩემპიონში, ალბათ, ესეც უახლოეს დღეებში გაირკვევა.





ჩვენ








