„ტირანასთან“ მარცხის შემდეგ, „დინამო თბილისში“ ცვლილებაა
„ტირანასთან“ მარცხის შემდეგ, „დინამო თბილისში“ ცვლილებაა
20.08.2020
ავტორი: თ.ჯ.


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს. მანამდე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ფეისბუქ-გვერდი გუნდის მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის განცხადებას აქვეყნებს:

 

გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

 

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო," - ამბობს კახა ჩხეტიანი.


კლუბი ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე ნაადრევია ლაპარაკი, მოყვება თუ არა მთავარი მწვრთნელის წასვლას სხვა ცვლილებები. მაგალითად, სამწვრთნელო შტაბში ანდა, შორის ფეხბურთელთა შორისაც, თუმცა, გამორიცხული არც ესაა. ამ მომენტისთვის არც, კახა ჩხეტიანის სავარაუდო შემცვლელი სახელდება.


შეგახსენებთ, რომ  გუშინ, „დინამო თბილისმა", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო არენაზე" უფერული თამაშის შემდეგ, ალბანურ „ტირანასთან" წააგო 0-2 და გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა, დინამოელებს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სექტემბერში უკვე, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის გამართვა უწევთ.