
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა. ეს ტიტული თსუ-მ მოიპოვა, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივ ფინალში „თელასი" დაამარცხა. ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და თელასს შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ტიკურიშვილმა მეორე ტაიმში გახსნა და „ენერგეტიკოსები" დააწინაურა. „სტუდენტების" რიგებიდან ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გიორგი ჩიმაკაძემ თამაშის განახლებიდან თხუთმეტ წამში შეძლო თსუ-ს წინ გაყვანა, მაგრამ ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მ 3-2 იმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.
დასკვნითი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლევან კობაიძე დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
თსუ, საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „სამივე თამაშში მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ამ შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა ნამდვილად დავიმსახურეთ. თელასი შარშანდელი ჩემპიონია და ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად რთული შეხვედრები გვქონდა. გახარებულები ვართ, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდი გავხდით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამისთვის მომზადებას მალევე დავიწყებთ და შევეცდებით ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ."
ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.
ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალი ნოდარ ქურცაძე (თსუ) გახდა.
საუკეთესო მცველად თეიმურაზ ექიზაშვილი (ილიაუნი) დასახელდა.
ტურნირის საუკეთესო მეკარე თორნიკე ბუკიაა (თსუ).
საუკეთესო თავდამსხმელის წოდება გიორგი ჩიმაკაძეს (თსუ) ერგო.
25 გატანილი გოლით ბომბარდირის ჯილდო გიორგი ტიკურიშვილს გადაეცა (თელასი).
გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ლევან კობაიძე (თსუ) დასახელდა.
საუკეთესო ასისტენტი 13 გატანილი გოლით შოთა თოფურია (თელასი) გახდა.
ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ვახტანგ ჯვარაშვილს (თელასი) გადაეცა.





ჩვენ








