
დღეს, 18:30 რუსთავში, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-3 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება. „რუსთავი", თბილისის „დინამოს" უმასპინძლებს. 2017-2018 წლების სეზონში, ეს ტრადიციული მეტოქეების პირველი დაპირისპირებაა. ახალი სეზონის სტარტზე, „რუსთავმა" პირველი ტურის შეხვედრაში, თბილისში „მგზავრები" 97-69 დაამარცხა, ხოლო მომდევნო ტურში, საკუთარ კედლებში ჩემპიონატის დებიუტანტს, მარნეულის „დელტას", 96-78 სძლია. ამრიგად, დინამოელებთან დაპირისპირება, რუსთაველებისთვის მესამე თამაში იქნება სუპელიგაში. „დინამო" კი, მხოლოდ მეორეს ჩაატარებს და ამასთან ერთად, 2 დღეში ფიბას ევროპის თასზე ელის თბილისური მატჩი. ამიტომ, არაა გამორიცხული, თბილისელებმა, დღევანდელ თამაშს, სპარინგის დატვირთვა უფრო მიანიჭონ, ვიდრე სატურნირო ცხრილში ადგილის გასამყარებელი. შეგახსენებთ, ეს მესამე ტურის პირველი მატჩი იქნება.
გუშინ კი, „კაკტუსისა" და „ოლიმპის" შეხვედრით, სუპერლიგის მეორე ტური დასრულდა. ამ მატჩში, ბოლო, მე-4 პერიოდის დამთავრებამდე 5 წუთით არდე, რთული იყო წინასწარმეტყველება, თუ რომელი გუნდი მოიგებდა. პირველი მეოთხედი, „ოლიმპმა" მხოლოდ 3 ქულით, 17-14 მოიგო. მეორეში 23-15 გაიმარჯვეს, ტაიმი კი 12 ქულის სხვაობით მოიგეს, 40-28. თუმცა, ეს გარემოება, სულაც არ აძლევდა უკრაინელი ლეონიდ ივატინისის გუნდს თამაშში მოდუნების საშუალებას.
„კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ მესამე პერიოდში ჩავარდნა გვქონდა. მეტოქემ არაერთი რთული ბურთი ჩააგდო, მაგრამ ამით არ ვამართლებ ჩვენს წაგებას. ვუყურებთ შეხვედრის ვიდეოფირს, გავაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე", - ამბობს დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი.
მესამე მეოთხედში კაკტუსელებმა ნელ-ნელა, უპირატესობის ხელში აღება მოახერხეს. მატჩის ამ პერიოდში კაკტუსელთა ლეგიონერ ფრენკ როჯერსსა (საბოლოოდ, 12 ქულას დააგროვებს) და კრისტიან ჯონსონს (საბოლოოდ 17 ქულას დააგროვებს) გამოვყოფდით, რომელსაც მხარი, კლუბის ქართველმა ახალწვეულმაც, გამოცდილმა ანატოლი ბოისამაც (საბოლოოდ 12 ქულას აგროვებს) აუბა. ბუნებრივია, არაფერს ვიძახით, „კაკტუსის" კიდევ ერთ ლეგიონერზე, ამერიკელ დეანდრე პარკსისზე, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე, სტაბილური იყო და გუნდში, ლიდერის ფუნქიას თავს სათანადოდ ართმევდა. ამერიკელი. თამაშის ბოლოს 27 ქულას დააგროვებს. მესამე მეოთხედს კი „კაკტუსი" 33-23 იგებს. თუმცა ამ მეოთხედში მოგებული 10 ქულის წყალობით, დასკვნითი პერიოდის წინ, არჩილ ჟღენტის გუნდი მატჩს, 2 ქულით მაინც აგებს, 63-61. მეოთხე მეოთხედის მე-5 წუთზე, „კაკტუსი" ანგარიშში დაწინაურებას ახერხებს 69-67 და ნელ-ნელა უპირატესობის გაზრდასაც ცდილობს. თუმცა, მიმდინარე სეზონში, საკმაოდ კარგად დაბალანსებულ და ორგანიზებულ „ოლიმპთან" ამის გაკეთება არც თუ იოლი იყო.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები, მიმდინარე სეზონში, დუდუ დადიანის მემორიალის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა „ოლიმპმა" დიდი ანგარიშით 87-66 მოიგო. სუპერლიგის მატჩის, ბოლო მეოთხედში, კი ჟღენტის ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხვედრა მოეგოთ. საბოლოოდ, ანგარიშში, 9 ქულიანი სხვაობა, 85-76 დაფიქსირდა „კაკტუსის" სასარგებლოდ.
„მადლობას გადავუხდი ჩემი გუნდის წევრებს. წინა მატჩის მსგავსად, ახლაც მთელი თამაში ვაგებდით, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. რაც შეეხება „ოლიმპს", ძალიან კარგი გუნდია და ეს მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს გუნდში ჯერ კიდევ არის პრობლემები სათამაშო დისციპლინის მხრივ და ვეცდებით, უახლოეს მომავალში ბევრი რამ დავალაგოთ", - ამბობს თამაშის შემდეგ, არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.
მიმდინარე სუპერლიგაზე, ეს, „კაკტუსის" მეორე გამარჯვებაა. პირველი თამაში „სოხუმთან" ოვერტაიმში მოიგეს. რაც შეეხება „ოლიმპს", მან სასტარტო შეხვედრაში, გემახსოვრებათ „ქუთაისს" სძლია 84-78. ისევე, როგორც იმ შეხვედრაში, „კაკტუსთან" მატჩშიც, „ოლიმპში" მარკ ოგდენი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა იყო. 15 ქულა მორის ჰილმა, გივი ბაქრაძის კი 12 ქულა დაგროვდა.
(იხილეთ ფოტო)
სუპერლიგის მეორე ტურში, რომელშიც თბილისის „დინამო" ისვენებდა, ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
„სოხუმი" - „მგზავრები" 78-89
„ქუთაისი" - „ბათუმი" 78-67
„რუსთავი" - „მარნეული" 96 - 78
სუპერლიგის მე-3 ტურს, სტარტი რამდენიმე საათში რუსთავში მიეცემა. ამ ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა კი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება - იმ დღეს, როდესაც იმავე შენობის მთავარ არენაზე, 19:00 „დინამო" თბილისი ფიბას ევროპის თასზე რუმინულ „კლუჟ -ნაპოკას" უმასპინძლებს.





ჩვენ








