„საბურთალო“ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმის გაღებას შეეცდება
„საბურთალო“ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმის გაღებას შეეცდება
26.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" დღეს, 26 აგვისტოს დილით კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩაფრინდა და  სასტუმრო Semeli Hotel-ში დაბინავდა. თბილისელები, უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში, ხვალ, 27 აგვისტოს, კვიპროსულ „აპოლონს" დაუპირისპირდებიან.


დღესვე, GSP სტადიონზე, სადაც ხვალ თბილისის დროით 20:00 „აპოლონისა" და „საბურთალოს" დაპირისპირება დაიწყება, ქართულმა გუნდმა მატჩისწინ მსუბუქად ივარჯიშა და ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა:


„ყველანი მობილიზებული ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში მოახლოებულ შეხვედრას საბრძოლო განწყობით ვხვდებით.


„აპოლონი" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ვფიქრობ, თავდასხმის ხაზი გამორჩეული ჰყავს - დაბო და ბენჩოპი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. თუმცა, ეს უკანასკნელი ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში, ვერ გეტყვით, რადგანაც როგოროც ვიცი მცირე ტრავმა ჰქონდა.


ახლა ისეთი დროა, მეტოქეზე ინტერნეტში მაქსიმალურად შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია, თუმცა მოწინააღმდეგეზე გარკვეული დახასიათება კვიპროსში მყოფი ქართველებისგანაც მივიღე.


"საბურთალო" ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ამ კურსის გადახვევას არ ვაპირებთ, თუმცა ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა. ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბრძოლას გავუმართავთ მასპინძლებს.


ცენტრალური მცველები ჯანმრთელად არიან, უბრალოდ ხან მოუწევს ფეხბურთელს ძირითადში თამაში, ხან არა. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ისინი ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე იბრძოლებენ და წარმატებისსა მისაღწევად, მაქსიმუმს გაიღებენ".


„აპოლონისა" და „საბურთალოს" დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.



სკ "საბურთალოს" ფოტო /ავტორი  გიორგი არჯევანიძე