
ერთადერთი ქართული კლუბი, თბილისის „ლოკომოტივი", რომლისგანაც ევროტურნირებზე ე.წ. საფეხბურთო წრეებში ნაკლებად ელოდნენ წარმატებას, საბოლოოდ, სწორედ, ის კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან ჩამოქვეითებულ, მეორე თბილისურ კლუბთან, „დინამო თბილისთან" ერთად გააგრძელებს ასპარეზობას. მეორე ეტაპის წილისყრა, უეფა-ს შტაბბინაში 31 აგვისტოს გაიმართება. სწორედ, ამ დღეს გაირკვევა ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა, მატჩები კი, 16/17 სექტემბერს არის ჩანიშნული.
თუმცა, წილისყრამდე დღევანდელი დღის ქრონოლოგიას მივყვეთ. უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დღეს სამმა ქართულმა კლუბმა, „საბურთალომ", „ლოკომოტივმა" და ბათუმის „დინამომ" იასპარეზეს. სამწუხაროდ, „საბურთალოსა" და ბათუმის „დინამოს" შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, კვიპროსული ლიმასოლის „აპოლონი" და ისრაელის ბეერ შევას „ჰაპოელი", შეხვედრას ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ. საბოლოოდ, „საბურთალო" დიდი ანგარიშით 5-1 განადგურდა და მატჩი 10-კაციანი შემადგენლობით დაასრულა. თბილისური კლუბიდან, პრესტიჟის გოლის გატანა, გიორგი გულიაშვილმა მოახერხა.

აჭარლებმა კი, რომელთა იმედიც ქართული გუნდებიდან 2020-2021 წლის ევროტურნირებზე ყველაზე მეტად ჰქონდათ ქართული ფეხბურთის სპეციალისტებს, ქომაგებსა და მედიის დიდ უმრავლესობას, მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. თუმცა, მეტოქის კარში ვერც ერთის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროს, საკუთარ კარში, შეხვედრის 21-ე წუთზე, გასული სეზონის საუკეთესო მცველმა, მამუკა კობახიძე, გოლი ჩაჭრა. ბათუმის „დინამომ", გასვლაზე 3-0 წააგო.
„ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მარცხი, შეგვიძლია, გარკვეულწილად უიღბლობასაც დავაბრალოთ. „ჰაპოელს" ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე არ ვიტყვი იმას, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ეს ანგარიში მართლაც რომ მეტისმეტია. მინდა, ჩემი ბიჭების სასახელოდ ვთქვა, რომ მოინდომეს. კარის ასაღებად კარგი მომენტები გვქონდა. რთული თამაშს მოლოდინი გამართლდა და საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ამით ჩვენი მიზნები და ამოცანები არ იცვლება, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მარცხი არავის უხარია - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებს და თავისთავად ცხადია, არც გულშემატკივრებს. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. ამ შეფასების გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, აუცილებლად იქნება პროგრესი", - „დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის, ასეთი შინაარსის კომენტარი გაავრცელა ბათუმელთა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

მცირე დანაკლისს, ვერც „ლოკომოტოვი" გადაურჩა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თბილისელთა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც დღეს, საკმაოდ კარგად იდგა, გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. თუმცა, რუმინული „კრაიოვასათვის" ეს ამ დღეს, იმ იშვიათ შემთხვევათაგან იყო, რომლებმაც ქართველების დაცვის ხაზში დაბნეულობა შეიტანა და ამით ისარგებლა. კიდევ ერთი დანაკლისი, „ლოკომოტოვისთვის" ნიკა სანდოხაძეა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილთან შეტაკებისას სერიოზული ტრავმა მიიღო კისრის არეში და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
„ნიკა სანდოხაძე კარგად არის. ის უკვე კლინიკაში წაიყვანეს, საიდანაც ექიმმა გვაცნობა, რომ მას ტკივილები ჰქონდა, თავის მიდამოში დაზიანება აქვს, მაგრამ კონტაქტურია, თუმცა სერიოზული არაფერია. მინდა ავღნიშნო, რომ მან დღევანდელი შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მე მომწონს მისი ლიდერის თვისებები და იმედია მალე დაგვიბრუნდება და ამ სიხარულს ჩვენთან ერთად გაიზიარებს", - აღნიშნა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე.
საწყისი წუთები, ალბათ მატჩის დამატებულ წუთებთან ერთად, ის დრო იყო, როდესაც დღეს, „ლოკომოტივს" გაუჭირდა. დანარჩენი დრო გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ბურთის გაკონტროლებაც მოახერხა და მეორე ტაიმში ორი გოლის გატანაც.

„ეს ეიფორიის ნაწილი არ არის და გათვითცნობიერებულად ვამბობ, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ამის თქმა არ მინდოდა, რადგან ამით ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად წნეხს შევუქმნიდით... ჯერჯერობით, იმ თამაშის ხარისხი არ გვაქვს, რომელიც მსურს. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ სასურველი თამაშის ნახევარი ვაჩვენეთ. შრომა უნდა გავაგრძელოთ და წლების განმავლობაში ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინელების იტალიელი მწვრთნელი კრისტიანო ბერგოდი, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჯიუტად ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ პირველ ნახევარში ბურთის გაკონტროლება და მომენტებიც შექმნეს, „ლოკო" ეს მატჩი 2-1 გაიმარჯვა და როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სექტემბერში ასპარეზობას, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.





ჩვენ








