
მოთამაშეთა განვითარების ლიგის პირველი, ისტორიული გათამაშება დასრულდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, რომელიც უპირველესად კალათბურთელებისა და მწვრთნელების განვითარებას ემსახურება და მომავალში ტრადიციული გახდება, შედგა. ლიგის გამარჯვებული გახდა "დინამო თბილისი", რომელმაც ფინალურ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში "ოლიმპი" 73:68 (სტატისტიკა) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ განვითარების ლიგის შექმნა ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებისა და მწვრთნელების ხელშეწყობას ემსახურება. ამავდროულად, ლიგის ეგიდით გამართული მატჩები კარგი საშუალებაა გუნდებისთვის, სეზონის წინ ნათლად დაინახონ ახალგარდა მოთამაშეების შესაძლებლობები და მათთვის სასურველ კალათბურთელებს შანსი მისცენ. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ არაერთმა ახალგაზრდამ დაიმსახურა კონტრაქტი და ასეთი კალათბურთელების რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
ფინალური მატჩი დინამოელთა ლიდერობით დაიწყო და თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ჟოლივეტ ტუჯანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი 7-10 ქულით ლიდერობდა. "ოლიმპის" მწვრთნელი, დავით როგავა, რომელმაც მთელი ტურნირის მატჩების გათვალისწინებით, ლიგის გამორჩეული მწვრთნელის პრიზი დაიმსახურა, სხვადასხვა გზებით ცდილობდა ვითარების შეცვლას და როტაციის პრინციპის გათვალისწინებით დინამოელთა წინააღმდეგ სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავდა. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე, მატჩის ბომბარდირისა და ტურნირის MVP-ის, ლუკა კალატოზიშვილის სამქულიანისა და ზუსტი საჯარიმოების შემდეგ დინამოელთა ლიდერობა 2 ქულამდე შემცირდა. ოლიმპმა დაცვაშიც იხეირა და მეტოქეს ბურთი აართვა, თუმცა გამთანაბრებელ შეტევაში კალატოზიშვილს მათე კაპანაძემ ჩაუჭრა და დინამოელთა თავდამსხმელმა - ლაშა მიქელაძემ საჯარიმოებით თავისი გუნდი ჯერ 3, შემდეგ კი 5 ქულით დააწინაურა.
დინამოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდის ყველა წევრმა ბოლომდე და თავგანწირვით იბრძოლა. ტუჯანისა და ტომარაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა მეტოქეზე მეტი შემართებით ითამაშეს დასკვნით ეპიზოდში და საბოლოოდ დამსახურებულად - 73:68 გაიმარჯვეს. "დინამოში" 28 ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა მიქელაძემ დააფიქსირა. 17 ქულა დაჩი ქავთარაძემ, ხოლო 13 - ვოვა თავაქარაშვილმა მიითვალეს. ორმაგი დუბლით გამოირჩა ირაკლი კილაძე, რომელმაც 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
მოთამაშეთა განვითარების ლიგის 7 მატჩში საშუალოდ მითვლილი 16.7 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ლუკა კალატოზიშვილმა სრულად გაამართლა იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც მას გამოკითხვაში მხარი დაუჭირეს. ლიგის MVP გამოვლინდა გუნდების მწვრთნელების, მატჩების მომსახურე ფიბა-ს მსაჯებისა და კომისრების გამოკითხვის შედეგად, რომლებმაც სიმბოლური ხუთეულისა და მათ შორის საუკეთესო მოთამაშის საკუთარი ვერსია დაასახელეს.
MVP ლუკა კალატოზოშვილთან ერთად, რომელმაც ფინალურ მატჩში 31 ქულა, 16 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა, სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ - გიორგი ცინცაძე (მგზავრები), ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი) და ვოვა თავაქარაშვილი (დინამო).
მოთამაშეთა ლიგა დასრულდა და მისი მომდევნო გამოშვება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.





ჩვენ








