ნიკე და მართვე გათამაშებას წაუგებლად ლიდერობენ
ნიკე და მართვე გათამაშებას წაუგებლად ლიდერობენ
30.08.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩები 29 და 30 აგვისტოს გაიმართა.


ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა", მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე, მარტივად მოახერხა გათამაშების დებიუტანტის „მცხეთის" დიდი ანგარიშით, 0-16 დამარცხება. ლანჩხუთელთაგან, ყველაზე მეტი, 4 გოლი, ირინა ხაბურზანიამ გაიტანა, 3-3 ნათელა წოწერიას და მარიამ რომანჩუკის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების მიუხედავად, „ლანჩხუთი" სატურნირო ცხრილში, 10 ქულით ჯერჯერობით, მხოლოდ მესამე ადგილზეა.


ჩემპიონატს კი, 12-12 ქულით, 4 ტურის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა დროის ჩემპიონატების გამარჯვებულები „ნიკე" და „მართვე" ლიდერობენ.


„მართვემ", დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 2-1, გათამაშების დებიუტანტი, თუმცა, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „კვარტალი" დაამარცხა. შეხვედრის არბიტრს 5 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. ანგარიში, ხონის ი. ხვიჩიას სახელობის სტადიონზე, მე-7 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი თამთა შენგელიამ გაიტანა, თუმცა, 20 წუთში მეგი ეჯიბიამ, გათანაბრება შეძლო და გუნდები გასახდელში დაზავებულები გავიდნენ. მატჩის ბოლო, 89-ე წუთზე კი, თბილისელთა კარში, გადამწყვეტი გოლი, ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა გაიტანა და „მართვეს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.


არ გასჭირვებია 3 ქულის აღება „ნიკეს". თბილისელებმა, „გორი იუნაიტედი" მშვიდად, 5-0 დაამარცხეს. თუმცა, პირველ ტაიმში, მხოლოდ ერთი გოლის გატანა შესძლეს. მე-19 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, გორელთა კარში, გოლი ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, თამარ ტატუაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში კი, ასევე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, თეონა ბაქრაძემ დუბლი, ლელა ჭიჭინაძემ და ანია პოღოსიანმა კი, თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.


ხობის „კოლხეთმა" 0-11 მოუგო „თუშეთს" და ახლა, ხობელები, სატურნირო ცხრილში, 6 ქულით, მე-5 ადგილზე არიან და მხოლოდ, ერთი ქულით უსწრებენ „ნორჩ დინამოს". ოთხი გოლი გაიტანა ხობელთა მე-6 ნომერმა ნატა კვირკაიამ.


აღსანიშნავია, რომ „კოლხეთისა" და „ნორჩი დინამოს" მე-3 ტურის მატჩი, უამინდობის გამო გადაიდო. შესაბამისად, 9 სექტემბერს, როდესაც გამოტოვებული მატჩია ჩანიშნული, შესაძლოა, სატურნირო ცხრილშიც მოხდეს ცვლილება. ამ ტურში კი, „ნორჩმა დინამომ", სამეგრელოს მეორე გუნდს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს" 12-0 მოიგო. ნორჩთაგან დუბლი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა - ელენე კახნიაშვილმა, ჟუჟუნა ხმელიძემ, სამი გოლი კი მარიამ მოდრეკილაძის ანგარიშზეა. ამ ტირის კიდევ ერთი „პოკერი" ნადეჟდა ნაკვეთაურის ანგარიშზეა.


გასულ წელთან შედარებით, ახალციხის „ზარზმა" უფრო თავდაჯერებულად თამაშობს. ხაშურის „ივერიის" წინააღმდეგ, მარიამ ოთანაძის და ანი კვახაჯელიძის წყალობით, გუნდმა, მატჩის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 1-2. 


მეოთხე ტურში, ერთადერთ მატჩში დაფიქსირდა ფრე. 1-1, ასეთი ანგარიშით ბათუმში, ადგილობრივი გუნდი, მეორე შავიზღვისპირა ქალაქის სახელობის გუნდს, სოხუმის „დინამოს" დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა, ამ ტურში პირველი ქულები დაკარგეს.


ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მორიგი, მე-5 ტური, 5 სექტემბერს გაიმართება.