გიორგი ჭიაბრიშვილი: ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა
31.08.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


თბილისის „ლოკომოტივი" 17 სექტემბერს, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის „დინამოს" დაუპირისპირდება. კორონა ვირუსის პანდემიის გამო, გათამაშების გადაკთებული ფორმატის მიხედვით, ერთრაუნდიანი დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართება და მასზე, ისევე, როგორც წინა ეტაპზე, გულშემატკივარი არ იქნება დაშვებული.

 

„პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

 

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.

 

გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.

 

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი, „ლოკოს" მთავარი მწვრთნელი, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


იგივე გვერდი, „ლოკოს" მოთამაშის ნიკა ჭანტურიას კომენტარსაც ავრცელებს:  „მოტივაციის ნაკლებობას არც პირველ თამაშში ვუჩიოდით და არც ახლა. კრაიოვასთან მოგებამ საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა და იმედი მაქვს, ეს გუნდზე მხოლოდ დადებითად აისახება.


მეორე ეტაპის წილისყრაზე, სამი სავარაუდო ძლიერი მეტოქე გვყავდა. რუსულ გუნდთან დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელის. ძალიან კარგია, რომ სახლში ვითამაშებთ. მიუხედავად იმისა, რომ უეფას რეგულაციების თანახმად, მაყურებელი სტადიონზე არ დაიშვება, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. დანარჩენი, მოედანზე, ჩვენი, ფეხბურთელების გასაკეთებელია. მთელი სერიოზულობითა და მონდომებით მოვემზადებით, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაშითა და დადებითი შედეგით ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ."