„ბომბი“ ჯგუფი
„ბომბი“ ჯგუფი
02.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი, ნიონში გამართულ წილისყრას, ჩვენს გვერდთან საუბარში ეხმაურება და ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრებს უწევს ასპარეზობა ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე, „ბომბი ჯგუფის" სტატუსს ანიჭებს.


„თუკი, რამენაირად ძლიერი ჯგუფი შეიძლებოდა ყოფილიყო, იქ მოვხდით. ყველა ძლიერი გუნდი ჩვენთანაა. ვითომ, მე-4 კალათა რამე უპირატესობას მოგვცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ალბათ, დიდი ალბათობით, მეოთხე გუნდი სომხეთის ნაკრები იქნება. ბულგარეთი სუსტი გუნდია. თანაც ახლა, სომხებმა 6 ბრაზილიელი დაიმატეს. როგორც ჩანს, ჯგუფიდან გასვლაზე, სერიოზულად ფიქრობენ. ჯგუფის ფავორიტი, ერთპიროვნულად რუსეთია. ეს ნაკრები კონტინენტის ვიცე-ჩემპიონია. ამ ბოლო წლებში,  სასწაულია პროგრესი საფრანგეთშიც. გუნდმა, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და  ესპანეთს ფრე ეთამაშა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სქართველო, იმ ჯგუფში ამოსვლით, ვინმესთვის „საჩუქარი" ვიქნებით. ასე, რომ  კი არის „სიკვდილის" ჯგუფი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ფუტსალმა მოიპოვა ის სახელი, რათა ამ ჯგუფში იბრძოლოს იმ ადგილისთვის, რომელიც შემდგე ეტაპზე გასვლის საშუალებას იძლევა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად მთელი გუნდიც თვლის, რომ ჯგუფის სიძლიერე, მათ შეშინების საბაბს არ აძლევს. რადგან, შიში „ვერაფერს მოგვცემსო". ამიტომ, ჩვენები თვლიან, რომ ბოლომდე, ჯგუფიდან გასვლაზე უნდა იფიქრონ.


საერთო ჯამში კი, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ბოლო ორი მეორეადგილოსნის დამატებით ფლეი-ოფში გაირკვევა.


„მოსამზადებელ პერიოდს რაც შეეხება, სამწუხაროდ, სექტემბერში დაგეგმილ უეფა-ს ფანჯარას ვერ ვიყენებთ. ამხანაგურ თამაშს ვერ ვატარებთ.  თუმცა, 7 სექტემბრიდან საქართველოში მოასპარეზე მოთამაშეებით კარგ შეკრებას გავივლით. ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე შეთანხმებულია. ამის შემდგე, დეკემბრამდე კიდევ არის ერთი ფანჯარა, ნოემბერში. მანამდე, იმედი მაქვს დალაგდება ვითარება. სხვა შემთხვევაში, თუ ნოემბერში ამხანაგურს ვერ ვითამაშებთ, 6 დეკემბერს, უკვე შესარჩევი იწყება. ცუდი იქნება, თუ პირდაპირ ჯგუფის თამაშზე გასვლა მოგვიწევს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ბრაზილიურ ლეგიონს, სამწვრთნელო შტაბი მათ მოსამზადებელ პერიოდს კლუბებში და თამაშებს თვალყურს ადევნებს. ჩვენი ბრაზილიელები, ამ ეტაპზე საკუთარ გუნდებში ემზადებიან. სიმი საიოტი,  რუსეთის ჩემპიონი გახდა. დანარჩენებს ნოემბერში უწევთ თამაშები და თუ კოვიდ სიტუაცია საშუალებას მისცემს, ნაკრების სამწვრთნელოს წარმომადგენლები, იმ თამაშებზე დასწრებასაც აპირებენ.



ასევე იხილეთ სტატია