
კიდევ 2 ტური და ეროვნულ ლიგაზე კვლავ სანაკრებო შესვენება გამოცხადდება. საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ამ რიგით შეკრებაზე, ვის გამოუძახებს ვლადიმირ ვაისი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, დიდი შანსია, გორსა და ქუთაისში, ნაკრებში, იმ ფეხბურთელების თამაშის ხილვა უფრო მოუწიოს გულშემატკივარს, რომლებიც სწორედ ეროვნულ ლიგას წარმოადგენენ, ან თამაშობენ უცხოურ გუნდებში, მაგრამ ნაკრებში იშვიათად იძახებენ.
ამ შესვენებამდე, კი ეროვნულ ლიგაზე კიდევ 2 ტურია დარჩენილი. თუმცა, მანამდე 22 და 23 ოქტომბერს 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის დამთავრების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულში ვითარება, კიდევ ერთხელ „მაქსიმალურად" დაიძაბა. გათამაშებას 65 ქულით კვლავ „დინამო" ლიდერობს, რომელსაც ზურგში „ტორპედის" სუნთქვა ესმის 64 ქულით და იქვე, ფეხდაფეხ, 61 ქულით „სამტრედიაც" არ არის შორს.
რეალურად, ამ ტურმა, სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-4-5 ადგილებზე მოახერხა კორექტივის შეტანა და „საუბრთალომ", რომელიც „ლოკომოტივის" მსგავსად ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის, „ლოკომოტივს" 1 ქულით გადაუსწრო.
„კოლხეთი 1913" - „შუქურა" 0-3
ამ გუნდების შეხვედრით, ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მეორე დღე უნდა გახსნილიყო. თუმცა, ფოთის "კოლხეთი 1913" - ქობულეთის "შუქურა" შორის მატჩი გადაიდო. რამდენიმე საათის შემდეგ, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "კოლხეთს" ჩაეთვალა 0:3 წაგება და დაჯარიმდა 2500 ლარით. აგრეთვე, კლუბს სეზონის ბოლომდე მიეცა პირობითი სასჯელი.

ამ გადაწყვეტილების საბაბი კი ის გახდა, რომ მატჩის დელეგატისა და მსაჯების ცნობით, მასპინძელმა კლუბმა ვერ შესძლო "პარკი არენას" მატჩისთვის სტადიონის მომზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს საფეხბურთო კლუბს, ფოთის „კოლხეთი 1913"-ს უკვე რამდენიმე წელია საკუთარი სტადიონი აღარ გააჩნია და ფოთელებიც ბოშათა ბანაკივით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხან სად ატარებენ თამაშს და ხან სად. ამ ხნის მანძილზე, ფოთელებს, „პარკი არენა" ადრეც დაუთმეს, თუმცა, აღნიშნული სტადიონის თემა, ყოველთვის სენსიტიური იყო. აღნიშნული მინდვრის არაშესაბამის მდგომარეობაზე, 30-ე ტურის შემდეგ, შენიშვნები ქუთაისის „ტორპედომაც" გააკეთა.
იმედია, მომავალი გათამაშებისთვის სფფ-ს ლიცენზირების კომისია, ეროვნული ლიგის კლუბების ინფრასტრუქტურულ მხარეს მაინც, უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს, რაც სხვა თუ არაფერი, სათამაშო პირობებს გააუმჯობესებს და ფეხბურთელთა ტრავმატულობას შეამცირებს.
„საბურთალო" - „დილა" 3-1
გორელებთან გამარჯვების შემდეგ, „საბურთალომ" სატურნირო ცხრილში, თავის უშუალო კონკურენტს „ლოკომოტივს" ერთი ქულით გადაუსწრო. ამ შეხვედრაში, პირველი ტაიმიდან რაც დასამახსოვრებელი იყო, გორელთა მიერ მიღებული ყვითელი ბარათები და მსაჯის, ვადაჭკორიას მიერ კომპენსირებულ დროში, დადებული ჯარიმა და საბურთალოეთა მიერ შესრულებული სტანდარტით, ერთის შეხედვით საეჭვო გოლით. თუმცა, ელიგის რეპორტაჟზე მომუშავე კამერების არსებული განლაგებით, რთული სათქმელია მუჯრიშვილმა ხაზის შიგნიდან გამოიტანა ბურთი, თუ გარედან (მითუმეტეს, სხვა თამაშებში, თუნდაც ამ ტურშივე, ხშირად კარის ხაზზე მდგომი მსაჯები, იმას ვერ ამჩნევენ ბურთმა გადაკვეთა ხაზი და კუთხურია მოსაწოდებელი, თუ არა). სხვათა შორის, ასევე საეჭვოდ ჩათვალეს გორელებმა მომენტი, როდესაც პირველ ტაიმში, 25-ე წუთზე სარაჯიმოში ირაკლი ძარიას დარტმულის შემდეგ ბურთი საბურთალოელ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა (და არა ითამაშა), თუმცა ვადაჭკორია, თავის გადაწყვეტილებაში მკაცრი იყო.

ასე თუ ისე, გიორგი ხარაიშვილის გოლიც ჩაითვალა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში და ამ ფეხბურთელმა, 70-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მან ადვილად შესძლოს გორელთა საჯარიმოში ბურთის მიღება, ჯერ, უშუალო მეურვის მოტყუება, შემდგე მეკარისაც და მშვიდად გადააგზავნა ბურთი „დილას" კარში. თუმცა ამ მომენტამდე, გორელებს კარგი შანსი ჰქონდათ, ანგარიშის გათანაბრების. ირაკლი ძარიას დარტმული 50-ე წუთზე ხარიხას ხვდება. ამ მომენტიდან 8 წუთში, კი საბურთალოელი გიორგი კოხრეიძე ახერხებს ანგარიშის 2-მდე გაზრდას. კიდევ 10 წუთში, კვალვ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა ამჯერად შინდაგორიძის ჩაწოდების შემდეგ, მისი დარტმული ხვდება ხარიხას.
ალბათ, „საბურთალო" ამ თამაშში, კარს მშრალად შეინახავდა, რომ არა გორის „დილაში" მოთამაშე, ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ფანცულაია, რომელიც განსაკუთრებით, თბილისურ კლუბებს არ სწყალობს. 84-ე წუთზე, კირკიტაძის გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაის არ გასჭრვებია ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა. ეს ფანცულაიას მესამე გოლია „დილას" შემადგენლობაში. მიმდინარე გათამაშებაში კი მას, 5 გოლი დაუგროვდა.
„ტორპედო" - „ლოკომოტოვი" 4-2
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ცარიელი ტრიბუნების ყურება, ცოტა უჩვეულო და მოსაწყენი სანახაობაა. თუმცა, იმედია, სფფ-ს ეს სანქცია, „ტორპედოს" არაადექვატურად აგრესიული ფანებისთვის დამაფიქრებელი იქნება. ბუნებრივია, ამ გარემოებას ტორპედოელთა თამაშზე დაღი არ დაუსვია თუმცა, ქუთაისური გუნდი, ამ დღეს ორჯერ მდევრის როლში იყო. „ტორპედოსა" და „ლოკომოტივის" დაპირისპირებაში, ანგარიში სტუმრებმა მე-10 წუთზე გახსნეს. გიორგი გოროზიას გადაცემას, ზუსტი დაბოლოება ჩემპიონატის გოლეადორმა ირაკლის სიხარულიძემ ადვილად მოუძებნა. თუმცა, ამავე სიხაულიძემ, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ქუთაისელთა მეკარის, კვასხვაძის შეცდომით ვერ ისარგებლა და ვერ გაზარდა ანგარიში ორამდე.

თუმცა, ამ ნახევარში აშკარა საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს ვერც ქუთაისელებმა. გოლის შემდეგ, მე-12 წუთზევე, თორნიკე კაპანაძე მარტივად ახერხებს ლოკომოტიველი მამუკა კობახიძისთვის გვერდის ავლას და კარში დარტმას, თუმცა რევაზ თევდორაძე, ბურთის კუთხურზე მოგერიებას ახრეხებს. ამავე სტანდარტს კიდევ ერთი დაძაბული მომენტი მოჰყვება, თუმცა თევდორაძე კვლავ სიმაღლეზეა. 30-ე წუთზე თევდორაძემ მორიგი „სეივის" შემოგვთავაზა. გრიგოლ დოლიძის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, მეკარის საჯარიმოდან მათე კვირკვია, თავურით ცდილობდა „ლოკომოტივის" კარის აღებას, თუმცა თბილისელთა მეკარე, მოწოდების სიმაღლეზე იყო.
შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისშივე გრიგოლ დოლიძეს ამჯერად კუთხურის ჩაწოდება უხდება და კვლავ ზუსტად პოულობს თანაგუნდელს. ამჯერად, თორნიკე კაპანაძეს, რომლის თავურით ანგარიში თანაბრდება. თუმცა, „ლოკომოტივი" მალე, კვლავ ახერხებს დაწინაურებას. 56-ე წუთზე გოლი გოროზიას გააქვს. ამ მომენტიდან კიდევ ერთ წუთში, 57-ე წუთზე, სიხარულიძე, გოლის გატანის კიდევ ერთ შანსს უშვებს ხელიდან. ნოდარ ქავთარაძის პასის შემდეგ, სიხარულძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარგად ვერ დაარტყა და კვასხვაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია.
ამ მომენტის შემდეგ, „ლოკომოტივს" თამაში ფაქტიურად აღარ გაუმწვავებია და ძირითადად ანგარიშის შენარჩუნებას ფიქრობდა, რაც უმაყურებლო რამაზ შენგელიაზეც კი სახიფათოა. კახა ჩხეტიანის ბიჭებმა, ამ მატჩში, წონასწორობა, კიდევ ერთხელ 73-ე წუთზე აღადგინეს. ამჯერად ეფექტური საჯარიმო დარტყმით, გოლი შეცვლაზე შესულმა შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა. კიდევ 4 წუთში, ქუთაისელებს ამ შეხვედრაში დაიწნაურების შანსი აქვთ. თუმცა, ამას მხოლოდ 85-ე წუთზე ახერხებენ. მანამდე კი თევდორაძე, ორ მომენტში შველის გუნდს. მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე თორნიკე კაპანაძე, თბილისელთა მცველებს სჯობნის დასწრებაზე და პირველად ახერხებს „ტორპედოს" დაწინაურებას. ბოლო, მე-4 გოლი ამ შეხვედრაში, მსაჯის, ჯენერი ხორავას მიერ კომპენსირებულ დროში გააქვთ ქუთაისელებს. ის გიორგი კუხიანიძის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით, „ტორპედომ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში, ლიდერთან, „დინამო თბილისთან" სხვაობა, კიდევ ერთხელ, 1 ქულამდე შეამცირა.
„დინამო თბილისი" - „სამტრედია" 0-1
პრინციპული შეხვედრა, ეროვნული ლიგის პირველ და მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის მოულოდნელად დაიწყო. უკვე შეხვედრის მესამე წუთზე დინამოელებმა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. გიორგი ყრუაშვილმა, ომარ მიგინეიშვილის კარში, ბექა ქავთარაძის აკრძალული ხერხით შეჩერებისთვის 11-მეტრიანი დანიშნა. თუმცა, დინამოელთა ბოლო თამაშების გოლეადორმა, ყოფილი თანაგუნდელის და გამოცდილი მიგინეიშვილის მოტყუება ვერ მოახერხა. სამტრედიელთა მეკარემ, პენალი აიღო. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ომარ მიგინეიშვილი, კონკრეტულ თამაშში გამორჩეული და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. რაც შეეხება, თერთმეტმეტრიანს (tsff.ge-ს აზრით), ცოტა საეჭვო გარემოაბეში დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით, მატჩის მსვლელობისას მსაჯთა ბრიგადამ ამ მომენტის კომპენსირება სრულად მოახერხა.

ასეა თუ ისე, შეხვედრის სტარტზე, „დინამომ" სწრაფი გოლის გატანა და ანგარიშში დაწინაურება ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში, კი დინამოელთა მეკარის, უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკოს წყალობით, დავით რიჟამაშვილის დარტყმის შემდეგ გოლსაც გადარჩა. თამაშის დასრულების შემდეგ, „სამტრედიელთა" მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი იტყვის, რომ დღეს მათ უბრალოდ გაუმართლათ და თუ, თამაშის მიმდინარეობას გადავხედავთ, ამაში არც ტყუის. რადგან, „დინამო" განსაკუთრებით პირველ ტაიმში სრულად ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა სხვა თამაშების მსგავსად, დინამოელებს, დამაგვირგვინებელ ფაზაში ან სიზუსტე აკლდებოდათ, ან უბრალოდ დარტყმა. ამას გარდა, პირველ ტაიმში, მიგინეიშვილმა, ქავთარაძეს ახლო მანძილიდან დარტმული აუღო, ხოლო ტაიმის მიწურულს, მეორე ბექას, მიქელთაძს დარტყმული ხარიხას მოხვდა. პირველ და მეორე ტაიმებშიც საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა დინამოელთა კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმაც. ბუნებრივია, „სამტრედია", რომელიც, განსაკუთრებით „დინამოსთან" მოგებული ამ შეხვედრის შემდეგ, კვალვ დაბრუნდა საჩემპიონო ბრძოლაში, გულხელდაკრეფილი არ იჯდა და თამაშის გამწვავებას კონტრშეტევებზე ცდილობდა. 37- ე წუთზე უკვე თბილისელთა კარი გადაურჩა გოლს, ინტერს გიის ძლიერად დარტყმული კარის ძელმა მოიგერია.
კიტეიშვილი „სამტრედიისთვის" და გიი „დინამოსთვის" იყო „პრობლემა" მეორე ტაიმშიც. თუმცა ეს თამაში, აშკარად მეკარეების იყო და ჩანდა, რომ ერთად-ერთი შეცდომა, შეხვედრის ბედს გადაწყვეტდა. ეს შეცდომა კი 89-ე წუთზე „დინამომ" დაუშვა. თბილისელთა ნახევარზე, მაიკლ ოლაიტანთან უხეშის თამაშის გამო, საჯარიმო ინიშნება. სამტრედიელთა რიგებში შეცვლაზე შემოსული გურამ სამუშიას ჩაწოდების შემდეგ, კი ანრი ნდონგამ დასწრებაზე აჯობა ლაშა თოთაძეს და ულამაზესი თავური დარტმით, „სამტრედიას" გამარჯვების 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ხანგრძილი ტრავმის შემდეგ, დინამოელებს გიორგი თევზაძე დაუბრუნდათ.
„დინამო" ბთ - „ჩიხურა" 1-2
და ბოლოს, შეხვედრა, რომლითაც 31-ე ტური დაიწყო. ბათუმის „რაგბი არენაზე" გაიმართა და „დინამომ", „ჩიხურას" უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში „ჩიხურამ" 1-2 იმარჯვა და ბათუმელებს თავისსატკივარი მოუმატა. ანგარიში სწრაფი გოლით მასპინძლებმა, მე-4 წუთზე გახსნეს. თეიმურაზ შონიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. „ჩიხურა" მე-16 წუთზე, გიორგი გაბედავას გოლით, ახერხებს ანგარიშს გათანაბრებას.
მეორე ტაიმი, მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და „დინამოს" დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა, შანსი 70-ე წუთზე „ჩიხურამ" გამოიყენა. გიორგი ივანიშვილის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გოლი მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა და „ჩიხურა" დააწინაურა. ამ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.

თამაშის შემდეგ, „ჩიხურას" მიკროავტობუსი, ხაშურთან ავარიაში მოჰყვა. შემთხვევის შედეგად მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა დაშავებულების გადაყვანა კლინიკაში მაინც გახდა საჭირო. მოგვიანებით, გაირკვა, რომ გუნდის კაპიტანს, შოთა კაშას, ლავიწის ძვალი ჰქონდა დაზიანებული და მას ოპერაცია დასჭირდა.
„ჩიხურას" ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ფეხბურთელს, კი ექიმების ვარაუდით 2-3 თვე სჭირდება სრული რეაბილიტაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ამ ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი, სამწუხაროდ დროზე ადრე დასრულდა.





ჩვენ








