
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე გათამაშებას ტალინში დაგეგმილი მატჩით იწყებს. თბილისში გამართული ოთხდღიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ა ლე კოქ არენაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა."
„რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო. შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად რთულია" - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთში გამგზავრებამდე, ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ თამაშში გუნდს ვერც ვაკო გვილია დაეხმარებოდა. თუმცა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ გვილია დიდი ალბათობით, თბილისში დაგეგმილი 8 სექტემბრის მატჩისთვის უკვე მწყობრში იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში კი, არაა გამორიცხული ვაისმა, აქცენტები ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთოს.
"იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მით უმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ', - ამბობს ვაისი.
ესტონეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით თბილიში დაბრუნდება. ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

„პირველ რიგში, ყველას მოგვენატრა ნაკრებში ასპარეზობა. რა თქმა უნდა, რთულია მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაში. თუმცა, კარგი მოლოდინი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ განვიხილეთ ესტონეთის თამაშები, შევაფასეთ როგორც ძლიერი ისე სუსტი მხარეები, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ და ყველაფერი შეხვედრაზე გამოჩნდება", - ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.
უეფას გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ყველა შეხვედრა მიმდინარე თვეში მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში შემდეგი შემადგენლობით არის წასული:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








