„ნიკე“ და „მართვე“ მაქსიმალური ქულებით ლიდერობენ
„ნიკე“ და „მართვე“ მაქსიმალური ქულებით ლიდერობენ
07.09.2020
ავტორი: თ.ჯ.


ქალთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შემდეგაც, სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეული უცვლელია. თბილისის „ნიკე" და ქუთაისის „მართვე" ამ ეტაპზე ქულების მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობენ. მესამე ადგილზე კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთია" რომელიც ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩება.


ისევე, როგორც წინა ტურებშიც, ამჯერადაც გოლის გარეშე არ დაუტოვებია მოედანი ქუთაისის „მართვეს" ამერიკელ ლეგიონერს, ლაურა ლებერს. ამჯერად, ლებერმა ჰეთ-თრიქი, ხობის „კოლხეთთან" მატჩში შეასრულა. ქუთაისელებმა, ამ შეხვედრაში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, გასვლაზე მასპინძლებს 2-6 სძლიეს.


ტურის პოკერი, გორელ ეთერ სულაშვილს ეკუთვნის. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც კასპის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც „გორი იუნაიტედმა" ამ ტურის საშინაო შეხვედრა გამართა, „ბათუმის" კარში 4 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბათუმელებმაც ბოლომდე იბრძოლეს და მეორე ტაიმი მშრალად მოიგეს, თუმცა, სართო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „გორი იუნაიტედმა" მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად, ანგარიშით 4-3.


როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, ჩიბათში გამართული მატჩი, რომელშიც, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა" მშრალი ანგარიშით 3-0 „ნორჩი დინამო" დაამარცხა. ამ შეხვედრაში, პრესტიჟის გოლის გატანა ნადეჟდა ნაკვეთაურს შეეხლო, თუმცა, თბილისელმა 81-ე წუთზე 11-მეტრიანი გააცუდა.


მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა ხაშურის „ივერიამ". ამ შეხვედრაში პირველი მე-9 წუთზე და უკანასკნელი 79-ზე გადამწყვეტი გოლები ელენე ენჯიბაძემ გაიტანა. თუმცა, მანამდე ხაშურელი ფეხბურთელი გოგონას ანგარიშზე კიდევ ერთი გოლია. ივერიელთა სამ გოლს კი, ამ შეხვედრაში, ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტმა სოხუმმა, მხოლოდ 2 გოლით უპასუხა და სახლში, დამარცხდა 2-3.


ერთნაირი ანგარიშით 3-0 „ზარზმამ" და „სამეგრელო" ჩემპიონატის დებიუტანტები დაამარცხეს და 3-3 ქულა ჩაიწერეს სატურნირო ცხრილში. ორივე გუნდი სახლში თამაშობდა. „ზარზმამ" „მცხეთას" სძლია, „სამეგრელომ" კი, „თუშეთს".


მეხუთე ტურის ბოლო მატჩი, კი თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. გათამაშების დებიუტანტმა „კვარტალმა", 2018 წლის ქვეყნის ჩემპიონს, „ნიკეს" უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ამ წელს, „ნიკე" სრულიად განახლებული შემადგენლობით თამაშობს და მის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვია თავმოყრილი. მიმდინარე სეზონში, ამ გუნდის სახელით ქვეყნის ჩემპიონატში, დებიუტი აქვთ რამდენიმე ფეხბურთელს. მათ შორის თამარ ტატუაშვილსა და ტატა მატვეევას (რომელიც ამავდროულად მოთამაშე მწვრთნელია), რომლებმაც კვარტალთან მატჩში გოლებიც გაიტანეს. „ნიკემ" ეს მატჩი, ანგარიშით 1-6 მოიგო.


აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა ლიგის მატჩებს, მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის მსაჯები უფრო ხშირად მსაჯობენ. ამ ჯერზე, ტურის ბოლო შეხვედრის მთავარი მსაჯი არსენ ნონიკაშვილი იყო.


ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტური, 12 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, მანამდე, 9 სექტემბერს, მე-3 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ხობის „კოლხეთი", „ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.


სატურნირო ცხრილი https://bit.ly/333F95y