სტადიონის ტრიბუნები წნეხი თუ თავისუფლება
სტადიონის ტრიბუნები წნეხი თუ თავისუფლება
07.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერეციაზე, რომელიც ასევე ტრადიციულად „დინამო არენაზე" გაიმართა ნიკა კვეკვესკირს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხვალინდელი მატჩის დროს, ცარიელი ტრიბუნები ერთგვარი შვება ხომ არ იქნებოდა და ჩვენს ნაკრებს იმ წნეხისგან გაათავისუფლებდა, რომელსაც გადავსებული „დინამო არენა" იწვევს ხოლმე.


შეკითხვას „კვევკვემ" მისთვის ჩვეული სიდარბაისლით მოუსმინა და ჟურნალისტს უპასუხა:


„ქართველი მაყურებელი "დინამო არენაზე" ჩვენთვის წნეხი არასდროს ყოფილა. პირიქით, ეს დიდი ძალაა. ფეხბურთელები, ჩვენი თანაკლუბელები, რომლებსაც სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში ამ სტადიონზე უთამაშიათ, აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია ევროპაში და აქ, თამაში რთულია. აქ, განსაკუთრებული ქომაგობა იციან. ქართველი ქომაგი დიდ გამარჯვებებს მონატრებულია. შესაძლოა, ბელარუსთან მატჩში ისინი ტრიბუნაზე არ დაუშვან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გულშემატკივრის ხმას მაინც გავიგონებთ. ვთხოვ, ჩვენს გულშემატკივარს რომ გვიქომაგონ, თუმცა, მათ ამის თხოვნაც არ სჭირდებათ. ქართველებს გვერდში დგომა გვეხერხება. ქართველები ისეთი ერი ვართ, რომ როცა ვერთიანდებით დიდ საქმეებს ვაკეთებთ და იმედია, ამ ოცნების თამაშსაც საერთო წარმატებით დავასრულებთ", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.


თუმცა, 8 ოქტომბრის თამაშამდე არის ხვალინდელი მატჩი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო გაგვირთულდა, ფეხბურთელებთან ურთიერთობა, საინტერესო იყო იმის გაგებაც, თუ, როგორ გაართვეს თავი ამ რთულ პერიოდს.


„დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრებაც და ფეხბურთის თამაშიც, რომ ყველაფერი ძალიან გართულებულია. განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის, რადგან ბავშვობიდან ბურთით ვთამაშობთ და ეს ბურთი წაგვართვეს, განსაკუთრებით გაგვიჭირდა ლეგიონერებს, რომლებიც ოჯახებისგან შორს ვიმყოფებით. 3 თვე ვისვენებდით, შემდეგ კი 9 დღეში სამი ტურის ჩატარება მოგვიწია, ამას ემატება ფრენები, რომლებიც ძალიან გართულებულია. პირადად მე და ჯაბას გზაში 24 საათის გატარება მოგვიწია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგ ფიზიკურ ფორმაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში იმდენად მოგვენატრა, ეს ჩვენთვის იმხელა სტიმულია, რომ ყველაფერს ფარავს," - ამბობს კვეკვესკირი.


ყაზახური „ტობოლისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თვლის, რომ ესტონეთში დალაგებული ფეხბურთი ითამაშეს. ამის შესახებ ბევრს საერთო აზრიც აქვს, თუმცა, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს, უფრო კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც, საქართველოს ნაკრებმა, სწორი ფეხბურთის თამაში უნდა მოახერხონ, რათა ოქტომბერში გასამართ ოცნების მატჩის, ფსიქოლოგიურად მომზადებულები შეხვდნენ.

ხვალ, 8 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი, თბილისში, „დინამო არენაზე", საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 20:00 დაიწყება და მასზე გულშემატკივარს უეფა-ს რეგულაციების შესაბამისად არ დაუშვებენ.