
საკალათბურთო სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა 25 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. გთავაზობთ, ქვეყნის მთავარი საკალათბურთო ტურნირის, მე-3 ტურის მიმოხილვას, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა მოამზადა.
„კაკტუსი"- „ბათუმი" 48-89
ბათუმელები პირველ ტურში ისვენებდნენ, ხოლო მეორეში, ქუთაისში მარცხი განიცადეს. არადა, აჭარულმა გუნდმა სოლიდური ლეგიონერები შეიმატა და მწვრთნელად სერბი სპეციალისტიც ჩამოიყვანა. ამბიციაც შესაბამისი აქვს და ქუთაისში მარცხის შემდეგ მოსაგებად იყვნენ მომართულები.
„კაკტუსს" კი 2-დან 2 მოგება ჰქონდა - არჩილ ჟღენტის გუნდმა „სოხუმი" და „ოლიმპი" ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა დღეს „ბათუმთან" უშანსოდ იყო. სადებიუტო წუთები შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა „ბათუმი" მალევე დაეპატრონა სრულ უპირატესობას და საწყისი მეოთხედი 30:14 მოიგო.
ანგარიში ბათუმელთა სასარგებლოდ იზრდებოდა და ბოლო პერიოდის წინ სტუმრებმა 41-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს. აჭარელებს უკრაინელი ლეგიონერები - ლეონიდ სტეპანიშინი (23 ქულა) და ილია შემოსიუკი (22 ქულა) ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრები მთლიანობაში ძალიან გამართულად და გუნდურად თამაშობდნენ. ამერიკელმა უკანახაზელმა სპენსერ კოლისმა 17 ქულა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სერბმა ცენტრმა, სტეფან ანდრეშევიჩმა მიითვალა - 12 ქულა, 10 მოხსნა.
„კაკტუსში" 11 ქულით კრისტიან ჯონსონი გამოირჩა. 10 ქულა დავით ლომიძის ანგარიშზე დაგროვდა. მომდევნო მატჩში ერთმანეთს „სოხუმი" და მარნეულის „დელტა ხვდებიან".
„სოხუმი"- „მარნეული დელტა" 75-73
მე-3 ტურის ბოლოსწინა მატჩში მიმდინარე სუპერლიგაში ჯერაც მოუგებელი გუნდები - „სოხუმი" და მარნეულის „დელტა" შეხვდნენ. სოხუმელებმა საწყისი ტურის მატჩები დაძაბულ ბრძოლაში - „კაკტუსთან" და „მგზავრებთან" წააგეს, ხოლო ქვემოქართლელებმა თავისი შეხვედრები „დინამოსთან" და „რუსთავთან" დათმეს.
აქედან გამომდინარე, ორივე გუნდი პირველი გამარჯვებისთვის ემზადებოდა და მის მისაღწევად ბოლომდეც იბრძოლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთბზე გადაწყდა. პირველი პერიოდი სოხუმელებმა 1 ქულით - 19:18 მოიგეს. მეორე ათწუთულში მარნეულელებმა თამაში გამოასწორეს და პერიოდის 25:21 მოგებით დიდი შესვენებისთვის 3 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე მეოთხედში უკვე სოხუმელებმა იძალეს და ბოლო 10-წუთეულის დაწყების წინ ანგარიში გათნაბრდა - 55:55. გადამწყვეტი მეოთხედი მთლიანად ქულა-ქულაში წარიმართა. ანგარიში ხან გათანაბრდებოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხანაც - მეორე.
ბოლო წუთზე მოვლენები საინტერესოდ წარიმართა. სოხუმელები 73:71 დაწინაურდნენ და მარნეულელი ზვიად ანთაძის აცილებულის შემდეგ 2 საჯარიმოს შესრულების უფლებაც მოიპოვეს. ამერიკელმა კვან უოლერმა საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა. ბურთი „დელტას" ამერიკელმა ლეგიონერმა, ნიკოლას ნილმა მოხსნა, მთელი მოედანი გადალახა და ის სოხუმელებმა ჯარიმით შეაჩერეს.
ნილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. სოხუმელებს შესატევად 7.7 წამი დარჩათ. წუთშესვენებაზე დაგეგმილი შეტევა კვან უოლერმა შედეგიანი გარღვევით დააგვირგვინა, რომელმაც მარნეულელთა ფარი საფინალო სირენამდე 0.5 წამით ადრე დალაშქრა. შეხვედრაც სოხუმელთა გამარჯვებით - 75:73 დასრულდა.
„სოხუმს" 17-17 ქულით მაქსიმ ლუცენკომ და ანატოლი ჩელოვანმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ორმაგი შეასრულა კვან უოლერმაც, რომელმაც შეხვედრა 12-12 ქულა-მოხსნით დაასრულა. „დელტაში" 15 ქულით ბომბარდირი გახდა დეანდრე რეი. ნიკოლას ნილმა 14 ქულა მიითვალა.
„მგზავრები" - „ოლიმპი" 73 -89
სუპერლიგის მე-3 ტური დღეს „მგზავრებისა" და „ოლიმპის" მატჩით დასრულდა. ოლიმპელებმა მეტოქე შეხვედრის მე-3 პერიოდში გატეხეს და გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი პერიოდი ოლიმპის უპირატესობით დაიწყო და 10-წუთეულის მიწურულს 5 ქულით დაწინაურდა 22:17. მგზავრებმა მეორე პერიოდის მიწურულს 2 ქულამდე დაიყვანეს ანგარიშის სხვაობა და ტაიმის მიწურულს დიდ შესვენებაზე ტაბლოზე 39:37 დაფიქსირდა.
მესამე პერიოდში ოლიმპმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და მეოთხედის 27:10 მოგების შემდეგ ფაქტიურად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ბოლო მეოთხედში ბევრი არაფერი შეცვლილა და გამარჯვება ოლიმპს დარჩა 89:73. აღსანიშნავია, რომ მგზავრებს ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარებოდა ავთანდილ ლომინაშვილი.
გამარჯვებულებს 21 ქულითა და 6 მოხსნით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, 16 ქულა დაგროვდა ახალგაზრდა მოთამაშის, ნიკა დარბაიძის ანგარიშზე, ხოლო გივი ბაქრაძემ გუნდს 13 ქულა და 7 პასი მოუტანა. დამარცხებულთაგან საუკეთესონი იყვნენ დერონ პაუერსი 21 ქულით, სანდრო სანაძე 13 ქულით და კახაბერ ჯინჭარაძე 11 ქულით.
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური
ზიზუ ჯიქიას ფოტო





ჩვენ








