ხატია ჭყონიას 5 გატანილი გოლი და ჩემპიონი გუნდის მომდევნო 2 პრინციპული ტური
ხატია ჭყონიას 5 გატანილი გოლი და ჩემპიონი გუნდის მომდევნო 2 პრინციპული ტური
13.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქალთა ლიგის მე-6 ტურში ერთი მატჩი გადაიდო. აჭარაში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, „ბათუმისა" და „კვარტალის" შეხვედრა გადაიტანეს.



მხოლოდ, ერთ დღით მოახერხა სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ", რომელიც მიმდინარე გათამაშებაში დაკარგული ქულების გარეშე ასპარეზობს. თუმცა, გატანილი და გაშვებული გოლების კოეფიციენტის მიხედვით, ამ ეტაპზე, გუნდი მეორე ადგილზეა თბილისის „ნიკეს" შემდეგ.


მე-6 ტურში, მართვემ მარტივად მოახერხა ჩხოროწყუს „სამეგრელოს" დამარცხება, ანგარიშით 7-0. ქუთაისის „ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ამ შეხვედრაშიც მორიგი გოლი გაიტანა, ქუთათურთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა. კიდევ ერთი გოლი ლანა გორგაძის ანგარიშზეა, დუბლი თამთა შენგელიას, ხოლო ჰეთ-თრიქი მარიამ შონიას ანგარიშზე.


თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტში, 9-1 იმარჯვა თბილისის „ნიკემ", რომელმაც ამჯერად ხობის „კოლხეთის" დამარცხება შეძლო. ამ შეხვედრაში 2-2 გოლი ანა პოღოსიანმა, ლიზი მწყერაშვილმა და თამარ ტატუაშვილმა გაიტანეს. თითო გოლი, ლელა ჭიჭინაძის, თეონა ბაქრაძისა და ნათია სხირტლაძის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა, აღნიშნულ, მე-6 ტურის მატჩში ანგარიში გახსნა.


არ გასჭირვებია მორიგი 3 ქულის მოპოვება „ნორჩ დინამოსაც", რომელმაც ამჯერად გათამაშების დებიუტანტი „მცხეთა" 0-10 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დინამოელთაგან ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება. 3-3 გოლი ეკატერინე ხარაიშვილისა და მარიამ მოდრეკილიძის ანგარიშზეა. თითო გოლი მარიამ ჯანიკაშვილმა, ელენე კახნიაშვილმა, მარიამ ბეგიაშვილმა, და ანი მინაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ, „ნორჩი დინამო" 11 ქულით მე-4 საფეხურზე გადავიდა.


ერთი საფეხურით მაღლა, ამ მომენტისთვის მე-3 ადგილზე არის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი", რომელმაც აღნიშნულ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შესძლო. ლანჩხუთელებმა 0-12, გათამაშების დებიუტანტი, თუშეთი დაამარცხეს. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, ჩემპიონი გუნდი 0-8-ს იგებდა. ამ მატჩში თითო-თითო გოლი ნათელა წოწერიამ, ია ალელიშვილი, მარიამ რომანჩუკი, ნინო გუჯაბიძე, ქეთევან ხრიკაძემ გაიტანეს. დუბლი ირინა ხაბურზანიას ანგარიშზეა. საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ კი ამ დღეს 5 გოლის გატანა მოახერხა.


მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა „ზარზმა" საშინაო მატჩში სოხუმის „დინამოსთან". სოხუმელთაგან გოლები ანა კულდონაშვილმა და თეა მეტრეველმა გაიტანეს.


„გორი იუნაიტედმაც" გასვლით შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება და მშრალი ანგარიშით 0-3 ხაშურის „ივერია" დაამარცხა. გამარჯვებულთაგან დუბლი ეთერ სულაშვილის ანგარიშზეა. ერი გოლი კი, რუსუდან მანაგაძემ.


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3kdoPWD


ქალათა ლიგის მომდევნო, მე-7 ტური 19 სექტემბერს გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლანჩხუთი", ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლებს.