„ლოკო“ – „დინამოს“ ფრანგები განსჯიან
„ლოკო“ – „დინამოს“ ფრანგები განსჯიან
14.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის „დინამომ" ყაზანის „რუბინის" რებუსი ვერ ამოხსნა, რუსული გუნდი თბილისში ოპტიმიზმით ჩამოდის და სჯერა, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მათ თბილისის „ლოკომიტივთან" დაპირისპირება არ უნდა გაუჭირდეთ.


შეხვედრას თბილისში, ფრანგ მსაჯთა ბრიგადა ქარიმ აბედის ხელმძღვანელობით განსჯის. მას ჰიშამ ზაქრანი და აურელიენ ბერთომი დაეხმარებიან. ამ მატჩზე სათადარიგო მსაჯი ფლორან ბატა იქნება.


რუსული კლუბი, მსაჯების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში, ხაზს უსვამს, რომ ქარიმ აქამდე, ქართული და რუსული გუნდების მონაწილეობით თამაშები არ უმსაჯია.


ამასობაში, საფეხბურთო კლუბმა „ლოკომოტივმა" მატჩამდე დღის განრიგი გამოაცხადა. უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის „ლოკომოტივი" - „დინამოს" დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, 16 სექტემბერს, მიხეილ მესხზე, გუნდების მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ასევე ტრადიციულად, გუნდები 15-15 წუთით ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის, ვარჯიშს გახსნიან.


თბილისის „ლოკომოტივისა" და მოსკოვის „დინამოს" დაპირისპირება, 17 სექტემბერს, თბილისის დროით, 21 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩზე გულშემატკივარი არ დაიშვება. ამავე რეგულაციებით შეცვლილი ფორმატის გამო კი, იმ შემთხვევაში თუკი მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, ჯერ დამატებითი დრო, საჭიროების შემთხვევაში კი, პენალტების სერია დაინიშნება.