ახალი გზა უშბაზე
ახალი გზა უშბაზე
19.09.2020
ავტორი: თ.ჯ.

„ტექნიკურ სირთულეზე საუბარი ადვილია, ემოციურზე ცოტათი რთული, იმაზე რაც ასეთი თავგადასავლებისკენ გვიზიდავს ხომ სიტყვებში არც გადმოიცემა. და მაინც... მთამსვლელისთვის, უდიდესი პატივია შენი ქვეყნის, კავკასიონის თუ საერთოდ, შენი პლანეტის უმშვენიერესთა შორის გამორჩეულ - უშბაზე საკუთარი გზა გქონდეს გავლილი" - ამ სიტყვებით, ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილის, სცოქსელში ახალი მარშრუტის გავლის შემდეგ სტატიას აქვეყნებს.


ქართველმა მთამსვლელებმა არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ წყვილში, უშბაზე ახალი მარშრუტი გაიარეს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანმა, უშბაზე ახალი გზა იარა, ქართული ექსპედიციების ანგარიშზე ასეთი გზის გავლის წარმატებული მცდელობა რა ყოფილა.




„ამ ახალი გზის მთელ მუღამს (რომ აღარაფერი ვთქვათ რთულ კომბინირებულ კასკადებზე იქამდე და მის მერე, რომლის დიდი ნაწილიც უკვე გავლილი ან ნაცადია) წარმოადგენს ჩრდილო-დასავლეთ კედელი, უარყოფითი დახრის გრანიტის სიგიჟე რომელიც უშბის სხვა კედლებზე ბევრად მაღლა იწყება და მწვერვალთან ახლოს მთავრდება; ამ კედელს პირველი სხივები მხოლოდ მზის ჩასვლის წინ ხვდება.


ზედა ვერტიკალური სარტყელის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში არის გავლილი მარშრუტები (გრიგორენკო-პრიგოდას და არწიშევსკის გუნდების, კლასიფიკაციის მიხედვით ორივე 6ა. პირველის გავლაზე ექვსი ადამიანი 14 დღის, ხოლო მეორეს გავლაზე კი ოთხი ადამიანი 12 დღის განმავლობაში მუშაობდა", - ამბობს ბადრიაშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2015 წელს არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ „პრიგოდას მარშრუტი"  ახალი ვარიანტით გაიარეს. პირველ ალპურ სტილში და შემდეგ ტრავერსით ჩრდილოეთ უშბაზე გადავიდნენ. ეს ასვლა, იმ წელს ქართული ოქროს წერაყინით დაჯილდოვდა.  ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად პრიგოდას გუნდმაც, ამ მარშრუტის გავლის შემდეგ ოქროს წერაყინი მიანიჭეს. თუმცა, 2015 წელს, ქართველების გავლილ გზას შორის გაცილებით რთული ცენტრალური კედელი აქამდე გაუვლელი რჩებოდა.


„ასვლა ჩვენებურად უნდა წარმართულიყო შეძლებისდაგვარად მსუბუქად, ,,იჩქარე აუჩქარებლად სტილში", ზემოთ-ქვემოთ სიარულის, თოკების დაკიდების გარეშე და ეს ყველაფერი წყვილში. ზემოთ ჩამოთვლილი გაცილებით მეტი ფიზიკური და მენტალური ტვირთია ორივე მთამსვლელისთვის, მაგრამ გამოწვევის მასშტაბი მიმზიდველია და ჩვენც წავედით.

ასვლის მეოთხე ღამეს, 14 სექტემბერს ღამის გრილი ნიავის თანხლებით, როდესაც საკარვემდე უკან დასახევი გზა მოჭრილი გვქონდა - შუაღამის ორ საათზე გადავედით კედლის თავზე..." - ამბობს ბადრიაშლი.




ამავე ექსპედიციის ფარგლებში აილამას სამხრეთ-დასავლეთ კედელზე ახალი გზის (ბადრიაშვილი, ტეფნაძე, ლაშქარაშვილი) გავლის შემდეგ, რომლის შესახებაც ჩვენი გვერდიც წერდა, გუნდმა ოთხი დღე ბეჩოს ხეობაში დაისვენა. ახალი მარშრუტის გავლის წინ, ე.წ ზურგის გასამაგრებლად არჩილ ბადრიაშვილი -გიორგი ტეფნაძის წყვილს, ბანაკში ზურაბ ბადრიაშვილი და გიორგი კახაბრიშვილი შეუერთდნენ. მარშრუტის გავლის პერიოდში, სწორედ მათ ჰქონდათ მათზე მყოფ წყვილთან პირდაპირი კავშირი.

„მთამ მიგვიღო. სიკვდილის ანგელოზმა დაგვიფარა, ამინდმა გაგვიმართლა, გრავიტაცია გვაფხიზლებდა, ჩვენები ბანაკიდან გვიყურებდნენ და სულისკვეთებას ცეცხლს უმატებდნენ", - ამბობს არჩილ ბადრიაშვილი

***

შეფასება:

უშბა 4710 მ.

რდილო-დასავლეთ კედლის დირექტი

1700 ვერტ/მ.

6A/6B (პირველგავლის სირთულე 6ბ)

5 დღე ასვლა-დაშვებაზე (დაშვება სამხ-აღმოსავლეთ მხარეს, გაბრიელ ხერგიანის 5ა)

წყვილში არჩილ ბადრიაშვილი გიორგი ტეფნაძესთან


ექსპედიციის ფოტო

#Ushba  #Newroute