
ქალთა ლიგის გათამაშების მე-7 ტურმა, თითქმის მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. გათამაშებას, კვლავინდებურად თბილისის „ნიკე" ლიდერობს. ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ამ ტურში მარტივად, გასვლაზე ჩხოროწყუში, „სამეგრელო" დაამარცხა 0-14 და კვლავ, ერთადერთი გუნდი რჩება მიმდინარე ჩემპიონატში, რომელსაც არც ერთი ქულა არ აქვს დაკარგული.
ნიკელთაგან ამ დღეს პოკერი თეონა ბაქრაძემ შეასრულა. ჰეთ-თრიქის ავტორი ანია პოღოსიანი გახდა. ერთდროულად ორი ფეხბურთელის, ლიზი მწყერაშვილის და თამარ ტატუაშვილის ანგარიშზე დუბლია, თითო გოლს დასჯერდნენ ამ მატჩში მარიამ მაღლაკელიძე, მაიკო ბებია და ლელუ ჭიჭინაძე.

19 ქულა აქვს და „ნიკეს" 2 ქულით ჩამორჩება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი". გურულებმა ამ ტურში, ორი უშუალო კონკურენტიდან ერთ-ერთს ქუთაისის „მართვეს" სახლში, 5-1 მოუგეს. შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც „ნიკე" ამ ტურამდე დაუმარცხებელიც იყო და ქულაც არ ჰქონდა დაკარგული. თუმცა, მე-7 ტურში, მხოლოდ ქუთათურთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლაურა ლებერმა, მატჩის 68-ე წუთზე მოახერხა ამ შეხვედრაში პრესტიჟის გოლის გატანა. ანგარიში კი, მე-13 წუთზე ლანჩხუთელთაგან, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებს თავდამსხმელმა, ნათელა წოწერიამ გახსნა. მალე, მას მხარი ეროვნული ნაკრების შუა ხაზის მოთამაშემ, თეონა თოდაძემ აუბა და „ლანჩხუთმა" პირველი ტაიმი 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმში, „მართვემ" თამაშის მსვლელობის გამოსწორება სცადა და როგორც გითხარით, ლებერის გოლით, ანგარიში შეამცირა, თუმცა, ეს გოლი საბოლოოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა, რადგან მატჩის მიწურულს, 71-ე, 78-ე და 80-ე წუთებზე, მარიამ კალანდაძე, სალომე გასვიანმა და ირინა ხაბურზანიამ, სტუმრებს, თამაშის გადარჩენის ყველანაირი შანსი მოუსპეს.

„ლანჩხუთმა", სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე ამოინაცვლა. თუმცა, ჩემპიონატის დასასრულამდე, გურულებსაც და ქუთაისელებსაც, „ნიკესთან" რჩება თამაშები ჩასატარებელი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სატურნირო ცხრილში კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს.
ამ ტურის შემდეგ, მეოთხე საფეხურზე ამოვიდა „ნორჩი დინამო". თბილისელებმა, მე-7 ტურში, ყველაზე დიდი ანგარიშით 17-0 მოახერხეს, დებიუტანტის, „თუშეთის" დამარცხება. ამ დღეს, ორი ფეხბურთელის მარიამ მოდრეკილაძისა და ელენე კახნიაშვილის ანგარიშზე 3-3 გოლია. დუბლი, ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა შეასრულა, ნადეჟდა ნაკვეთაურმა, ეკა ხარაიშვილმა და მარიამ ჯანიკაშვილმა. თითო გოლი ნინო ჯგუშიას, სალომე ანთაძის, ჟუჟუნა ხმელიძის, ანი კვიცარიძისა და ლიკა მანუჩარიშვილის ანგარიშზეა.
მე-7 ტურის ყველა ანგარიში:
„სამეგრელო" - „ნიკე" 0-14
„ლანჩხუთი" - „მართვე" 5-1
„ნორჩი დინამო" - „თუშეთი" 17-0
„კვარტალი" - „ივეტია" 9-2
„გორი იუნაიტედი" - „ზარზმა" 2-0
„დინამო სოხუმი" - „მცხეთა" 3-0
ამ ტურის ერთი შეხვედრა, ხობის „კოლხეთსა" და „ბათუმს" შორის გადატანილია 10 ოქტომბრისთვის.
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-8 ტური, 26 სექტემბერს გაიმართება. ამ დღეს, ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და „ნიკე", „ლანჩხუთს" დაუპირისპირდება. არანაკლებ საინტერესო შეხვედრა შედგება ქუთაისში, სადაც გათამაშების სატურნირო ცხრილში მეზობლები, ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე მყოფი „მართვე", მეოთხე საფეხურზე მყოფ „ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.
სატურნირო ცხრილი
ქსკ "ლანჩუთის", "ნიკეს" ფოტოები





ჩვენ








