სათასო მარათონს „ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისი“ გამოეთიშნენ
სათასო მარათონს „ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისი“ გამოეთიშნენ
21.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დილით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼ ფინალის წილისყრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ წილისყრის დროს 1/8 ფინალური მატჩებიდან ორი ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, წილისყრამ გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით დააწყვილა ¼ ფინალში:


„გაგრა" - „დილა"

„სამგურალი" - „თელავი"

„საბურთალო"/"დინამო თბილისი" - „ტორპედო"

„თბილისი სითი" - „ჩიხურა"/"ლოკომოტივი"


ამ წილისყრის შესაბამისად, დღევანდელი, 1/8 ფინალური ეტაპის ბოლო მონაწილეებმა, უკვე თამაშამდე იცოდნენ, მათი მომავალი მეტოქეების შესახებ და ისიც, რომ თასის გათამაშებას ამ ეტაპიდან, ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბი, ბათუმის „დინამო", „სამტრედია" და თბილისის „მერანი" გამოეთიშნენ. ამ სათამაშო დღემდე, ისიც ცნობილი იყო, რომ ¼ ფინალის საგზურს დღეს, ელიგის ერთი კლუბი, აუცილებლად დაემშვიდობებოდა.


გამომდინარე იქიდან, რომ 2 დღეში, საქართველოს თასის მონაწილე ორ გუნდს, „დინამო თბილისსა" და „ლოკომოტივის" ხანგრძლივი მოგზაურობა ფარერებზე და გრანადაზე და იქ უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები უწევდათ, ბევრი ელოდა, რომ დღეს ჩისკო მუნიოსიც და გიორგი ჭიაბრიშვილიც, ძირითადი გუნდის მოთამაშეებს დასვენების საშუალებას მისცემდა. მითუმეტეს, რომ გუნდებმა, 17 სექტემბერს, არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები ჩაატარეს.


„ჩიხურამ", რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის არის და ამდენად, სათასო დაპირისპირებაში, „ლოკომოტივთან", ფავორიტებადაც სწორედ სტუმრები ითვლებოდნენ 2 გოლის გადატანა, თამაშის სტარტზევე მოახერხა და ამით, „ლოკოს" თავსატეხი გაუჩინა. მითუმეტეს, რომ ჭიაბრიშვილმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათასო შეხვედრაში ძირითადი გუნდის დიდი ნაწილი, მომავალი ევროთასის მატჩისთვის დაასვენა, როგორც ჩანს. თბილისელებმა, ამ შეხვედრაში, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა და მიმდინარე სეზონზე, სათასო გათამაშებას გამოეთიშნენ. „ჩიხურამ" 2-1 გაიმარჯვა და ახლა, ¼ ფინალში, „თბილისი სითის" დაუპირისპირდება.




სათასო მარათონს გამოეთიშა, საქათველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", რომელიც უკვე ხვალ დილით, ფარერის კუნძულებზე, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრება. სწორედ, ეს გახდა მიზეზი, რომ დინამოელთა თავკაცმა ჩისკო მუნიოსმა, თასის 1/8 ფინალში, „საბურთალოს" წინააღმდეგ, იმ ფეხბურთელებს მისცა თამაშის საშუალება, რომლებსაც დიდი ბათუმის „დინამოსთან" და შემდეგ უკვე უელსის „ქონას ქი ნომედისისთან" არ ჰქონდათ სათამაშო დრო.



უნდა ითქვას, რომ ამ შემადგენლობით „დინამო თბილისს", პირველ ტაიმში, მე-18 და მე-19 წუთებზე ჯერ, ბუღრიძეს და შემდეგ, პერნამბუკოს  ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა, „დინამო თბილისმა" ეს ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ თამაში ნელ-ნელა გათანაბრდა, მეორე ტაიმი კი საბურთალოელთა მცირედი უპირატესობით დაიწყო და შედეგმაც არ დააყოვნა. გოლი, სტანდარტული შემდეგ გაგი მარგველაშვილმა გაიტანა, რომელმაც დინამოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მომენტის შემდეგ, ან ერთმა გუნდმა მოუმატა თამაშს, ან მეორემ, თუმცა, „საბურთალომ" აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა, რაც ლევან კორღალიძეს, სადებიუტო მატჩი, კარგად გამოუვიდა. „დინამოს" მატჩის მიწურულს ჰქონდა თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შესაძლებლობა, თუმცა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ამ ჯერზე ვერ ეს შანსი გამოიყენა. „საბურთალომ" მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა და ახლა, ¼ ფინალში, ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება.