
ბათუმის „დინამოს" ხელმძღვანელობა დღეს გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან გია გეგუჩაძესთან გამართული საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ გეგუჩაძე არსად არ მიდის და ბათუმის „დინამოში" რჩება.
„გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, - განაცხადა არჩილ ბერიძემ, - ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია - საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება", - ამბობს არჩილ ბერიძე, ბათუმის „დინამოს" პრეზიდენტი, დღეს, ბათუმში, ანგისას ბაზაზე მედიასთან შეხვედრის დროს.
აღნიშნულ განცხადებას ავრცელებს კლუბის ოფიციალური გვერდი და იქვე, ბათუმის „დინამოს" ირგვლივ, უფრო სწორად კი, ფლამარიონის შესახებ დამატებით განმარტებასაც აკეთებს.
„კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ, თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნტქს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ", - ამბობს ბერიძე.
კლუბის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმის „დინამო" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, კლუბი წარმატებულია და მიუხედავად, ბოლო დროინდელი წარუმატებლობისა, ბათუმელები, კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.





ჩვენ








