4 ტურით ადრე, მხოლოდ „მარჩიელობა“ შეიძლება
4 ტურით ადრე, მხოლოდ „მარჩიელობა“ შეიძლება
29.10.2017
ავტორი:

ასეა თუ ისე 28-29 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 4 ტურიღა დარჩა. თუმცა, ამ ეტაპზე 2017 წლის ეროვნული ლიგის მიმდინარეობიდან რაც ნათელია, მხოლოდ ლიგის ბომბარდირის ვინაობაა. ლოკომოტიველ ირაკლი სიხარულიძეს, ამ ტურში გოლი კი არ გაუტანია, მაგრამ თუ სასწაული არ მოხდა, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურში, ძნელად წარმოსადგენია, ერთმა ფეხბურთელმა მინიმუმ 12 გოლი გაიტანოს, თან ისე, რომ სიხაულიძემ 25-ს ერთი მაინც არ შემატოს.  

დანარჩენში კი, ეროვნულ ლიგაზე ბრძოლა პირველ სამეულში, მე-4 ადგილისთვის და ცხრილის ქვედა სატურნირო რგოლში, ელიგაში დარჩენისთვის მიმდინარეობს. ბუნებრივია, 32-იც და დარჩენილ 4 ტურშიც, ყველა გუნდი მაქსიმუმის „დადებას" შეეცდება. ვისთვის სად იწყება და მთავრდება „მაქსიმუმი", ეს კი 26 ნოემბერს გამოჩნდება. მანამდე კი 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ტურში, მხოლოდ 8 გოლი გავიდა.

 

„სამტრედია" - „საბურთალო" 0-2

როგორც ჩანს „სამტრედიელებმა" ამ მატჩამდე, რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, „დინამო არენაზე" მთელი ენერგია დატოვეს და უკვე სამტრედიაში, საკუთარ მოედანზე თბილისის მეორე გუნდთან, „საბურთალოსთან"  ძალები აღარ ეყოთ.

 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბურთალოელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. მათი გამარჯვებაც სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. ნოდარ იაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ, გიორგი ხარაიშვილმა, მცველების უყურადღებობით ისარგებლა და მატჩის 28-ე წუთზე სამტრედიელთა კარში გოლი გაიტანა. გოლიდან რამდენიმე წუთში სტუმრებს უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ლაშა შინდაგორიძის დარტყმული მეკარემ მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში სამტრედიელთა კარს, არ იცავდა ომარ მიგინეიშვილი, რომლის წვლილიც, „დინამოსთან" წინა ტურში მოგებისას, უდიდესია. რაც შეეხება „საბურთალოსთან" შეხვედრის პირველი ნახევრას, დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ ნიკოლოზ საბანაძესა და ანტე გიის ლაზარე კუპატაძემ აჯობა.

მეორე ტაიმი „საბურთალოს" შეტევებით განახლდა. 46-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ილია სტურუამ მოიგერია. თუმცა, ხარაიშვილმა ამ მატჩში, მაინც მოახერხა დუბლის შესრულება, 65-ე წუთზე და „საბურთალოს", მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. მეორე გოლამდე, მასპინძლებს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება, თუმცა სამტრედიელთა მცდელობებს, შედეგი არ გამოუღია.

 

„დილა" - „ტორპედო" 1-0

ტურის მეორე მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა. „დილა", რომელიც ელიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ჩემპიონობის მსურველ „ტორპედოს" დაუპირისპირდა და შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად, გამარჯვებაც მოახერხა, მართალია, მინიმალური ანგარიშით 1-0, მაგრამ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

 

"ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩავატარებთ და დღეს რომ დავმარცხდით, ჩვენი ბრალია. მართალია, გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვქონდა საგოლე მომენტები, უბრალოდ ვერ გავიტანეთ. "დილას" გოლის მერე კი ნერვიულობა დაგვეტყო, ავირიეთ და... მთლიანობაში, "დილამ" დამსახურებულად იმარჯვა და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. დღეს დავმარცხდით, მაგრამ არაუშავს. 1-ში თასზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "დინამოსთან", ჩემპიონატჩიც 4 ტურია დარჩენილი და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჯერ დაკარგული არაფერია," - ამბობს კახა ჩხეტიანი, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი.

ორი განსხვავებული ტაიმი, რომელთაგან პირველში უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, თუმცა ამ ტაიმშიც და მეორეშიც, „დილას" კარს გიორგი ბეგაშვილი კარგად იცავდა. გორელთა მეკარემ, რომელსაც თითქმის მთელი სეზონის სკამზე გატარება მოუხდა, „ტორპედოსთან" მატჩში 2-3 კარგი „სეივი" შემოგვთავაზა. შეხვედრის ერთადერთი გოლი  კი, 56-ე წუთზე გავიდა. პედრინიოს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გოლი როინ კვასვხვაძის კარში დათო კირკიტაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით „დილამ" ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსები მკვეთრად გაიუმჯობესა. „ტორპედომ" კი ექვსი წაუგებელი თამაშის ციკლი შეწყვიტა.

 

„ჩიხურა" - „დინამო თბილისი" 1-3

მატჩამდე, „ჩიხურას" მე-4 ადგილისთვის ბრძოლის შანსი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი, სათასო ტურნირზე უფრო არის წელს მომართული, კიდევ ჰქონდა. „დინამოს" კი დარჩენილ შეხვედრებში, მაქსიმალური ქულების დაგროვება მოუწევს, რომ ჩემპიონობა დაიბრუნოს და კლუბის გარშემო მოგროვილი გარეშე პირთა ნეგატიური მუხტი დაამიწოს. ამისთვის კი თბილისელებმა, პირველი ნაბიჯი „ჩიხურასთან" გადადგეს.

„ჩიხურა", რომელიც ელიგის ბოლოსკენ, საშინაო მატჩებს, თბილისში, მიხეილ მესხზე ატარებს, „დინამოსთან" „განახევრებული" შემადგენლობით გამოვიდა. გუნდს, წინა ტურის დასრულების შემდეგ მომხდარი ავარიის გამო, გუნდის კაპიტანი, შოთა კაშიაც აკლდა. სოსო ფრუიძე, კი როგორც ჩანს ზურაბ მწყერაშვილს უფრო ანდობს კარის დაცვას, ვიდრე გამოცდილ დინო ჰამზიჩს, რომელსაც ტრავმის შემდეგ, წელს არც თუ კარგი სეზონი აქვს.

 

მატჩი მშვიდ ტემპში დაიწყო, თუმცა, უკვე მე-8 წუთზე,  პირველი სახიფათო მომენტი შეიქმნა საჩხერელთა კართან. ბექა მიქელთაძემ შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი კი საჩხერელთა კარის ძელს მოხვდა. მომდევნო შეტევაში მასპინძელთა კარი უკვე ზურაბ მწყერაშვილმა იხსნა და აკაკი შულაიას ძლიერად დარტყმა კუთხურზე  გადაამისამართა. მე-15 წუთზე ბაქარ ქარდავამ მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო ბურთი და ძლიერი დარტყმით თბილისელები დააწინაურა. ამ ტაიმში, არ უნდა დავუკარგოთ შრომა „ჩიხურას" მეკარეს ზურაბ მწყერაშვილს, რომელმაც, რამდენჯერმე იხსნა კარი, თუმცა ტაიმის მიწურულს, ლაშა თოთაძის მორიგი სტანდარტის აღება, სხვა გუნდების მეკარეების მსგავსად, ვერც მან მოახერხა. თავის, მხრივ, თოთაძემ, რომელმაც „სამტრედიასთან" მატჩში, პენალტი გააფუჭა და უგულოდ დაამთავრა შეხვედრა, როგორც სჩანს, „პალასადან" ოდნავ გადახვევის შემდეგ, კვლავ უკან ბრუნდება. „ჩიხურასთან" მატჩში, თოთაძემ, 30 მეტრიდან გაუტანა მწყერაშვილს.

მეორე ტაიმის დასაწყისი, დინამოელთათვის ცოტა მოულოდნელად დაიწყო. სრულიად, უწყინარ სიტუაციაში, როდესაც ლაშა თოთაძემ და სერგეი ლიტოვჩენკომ ვერ გაუგეს ერთმანეთს, კარგად ისარგებლა მომენტით საჩხერელთა 23-ე ნომერმა, ოთარ კვერნაძემ და ბურთს, მშიდად შეუცვალა თბილისელთა კარისკენ მიმართულება.  2-ბურთანი უპირატესობა დინამოელებმა 59- ე წუთზე აღადგინეს. ოთარ კიტეიშვილის გადაცემა აკაკი შულაიამ მიიღო, ერთი შეხებით მეკარეს გასცდა და  „ჩიხურას" კარში მე-3 გოლი გაიტანა. გოლის შემდეგ, დინამოელებს ჰქონდათ კიდევ 2-3 მომენტი, თუმცა საქმე კარში დარტყმამდე აღარ მიდიოდა. „ჩიხურა" კი როგორც ჩანს, ამ მატჩში თავის გამოდებას დიდად აღარ აპირებდა. ასე, რომ „დინამომ", წარუმატებელი ტურის შემდეგ, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში, 4-ქულიანი უპირატესობით, კვლავ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.


„ლოკომოტივი" - კოლხეთი-1913" 1-0

მუხედავად, სხვადასხვა ამოცანისა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული მატჩი, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ ტურში, თბილისის „ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ფოთის „კოლხეთს" დაუპირისპირდა. თბილისელებმა, ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი მატჩები წააგეს. ამიტომ, მათთვის სასურველ მე-4 ადგილზე დასაბრუნელად დარჩენილი ტურების წარმატებით გავლაა საჭირო.

 

ფოთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდს, რომელსაც 17 ტურია არ მოუგია, „ლოკომოტივს" სათანადო წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებში (მათ შორის მსაჯის მიერ კომპენსირებულში) სერიოზული შტურმიც კი მოუწყო თბილისელებს. ალბათ, ფოთელებს ამის სითამამე იმ გარემოებმაც მისცა, რომ „ლოკომოტივი" სწორედ ის გუნდია, რომლის დამარცხებაც „კოლხეთი 1913"-მა მინდინარე გათამაშებაში, 27 მაისს, მინიმალური ანგარიშით 2:1 ბოლოჯერ მოახერხა.

გიორგი დევდარიანმა კი წინა ტურში, „ტორპედოსთან", საკმაოდ დრამატულ მატჩში წაგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. გუნდში დაბრუნდა გიორგი რეხვიაშვილიც, რომლემაც მიკროტრავმის შემდეგ ფოთელებთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ნიკოლოზ გაბრიჩიძე კი, ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ორივე კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. პირველ ნახევარში, გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ლაშა გვალიასა და ირაკლი სიხარულიძეს. თუმცა, გათამაშების ბომბარდირმა, საკუთარ აქტივს, მორიგი გოლი ამ ტურში ვერ შემატა. მეორე ტაიმში საგოლე მომენტი ჰქონდა  გიორგი გოროზიასა და კიდევ ერთი ირაკლი სიხარულიძეს. თუმცა, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე, ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. მან, გიორგი გაბაძისა და ირაკლი სიხარულიძის კომბინაცია, ლოგიკურად დაასრულა. მატჩის მიწურულს „ლოკომოტივმა" თავი გამოიჩინა, მხოლოდ გოლით არა. შეხვედრის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, 86-ე წუთზე, თბილისელთა კაპიტანი, დავით უბილავა გააძევა.  როგორც ავღნიშნეთ, მატჩს მიწურულს ფოთელებმა 10-კაციან „ლოკოს" მასიურად შეუტიეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, „ლოკომოტივმა" კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მიიმატა აქტივში და მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში დარჩა.


„შუქურა" - „დინამო" ბთ 0-0

არც მშრალი და არც გოლიანია ფრე აჭარული გუნდებისთვის სასურველი არ იყო, თუმცა ამ მატჩის შემდეგ, ორივე გუნდმა სატურნირო ცხრილში თითო ქულა მაინც შეიმატა. შეხვედრა ეროსი მანჯგალაძს სახელობის სტადიონზე, სამტრედიაში გაიმართა და არც თუ დიდი სანახაობით გამოირჩეიდა. საშუალო ტემპი, თამაში მოედნის ცენტრში და დაუსრულებელი შეტევები. გამონაკლისი ალბათ, მატჩის დასაწყისში დინამოელი ელგუჯა გრიგალაშვილის მომენტი იყო და მეორე ტაიმში მე-60 წუთზე, „შუქურას" ფეხბურთელის სანდრო გურულის სტანდარტი, რომელიც მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩი, როგორც გითხრაით ფრედ 0-0 დასრულდა. მოპოვებული ქულით ქობულეთელებმა უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან" სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს და ეროვნული ლიგის გადათამაშებაში მონაწილეობის შანსები გაიუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ აჭარულ დერბიში, ბათუმელებს, მიმდინარე სეზონზე, მეოთხედ შეცვილი მწვრთნელი, ამჯერად ასლან ბალაძე გამოუძღვა.

 

 

***

ეროვნული ლიგის მომდევნო, 33-ე ტურის მატჩები 4-5 ნოემბერს გაიმართება. თუმცა მანამდე, ეროვნული ლიგის 3 გუნდი, 1 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ½ ითამაშებს.