კოშმარული შოკო, საიდანაც „დინამო თბილისი“ მალე უნდა გამოვიდეს
კოშმარული შოკო, საიდანაც „დინამო თბილისი“ მალე უნდა გამოვიდეს
27.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაშინ, როდესაც „დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და კლუბის დირექტორი ზაზა დოლიძე, ტელეკომპანია „იმედში", ფარერებზე განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, პირველად, ყველა გულშემატკივრისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ გადაცემაში „სპორტი იმედზე", დიღმის მასივში, ანდრო ჟორდანიას „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურისთვის, ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. შესაბამისად, ფარერებთან წაგებული თამაშის შემდეგ, მავანთა მოლოდინი, რომ „ჩისკო კუნძულიდანვე ესპანეთში გაბრუნდა" ან „ჩისკოს ფიფია გაუშვებს", მოლოდინად დარჩა, რადგან ესპანური წარმოშობის, მაგრამ სულით ხორცამდე დინამოელი ჩისკო მუნიოსი საქართველოში გრძელვადიანი პროექტით არის ჩამოსული და მას, დინამოელები სრულ თანადგომას პირდებიან (კლუბის ხელმძღვანელობაც და გულშემატკივარი - საავტ. მინიშნება).


„ჩისკოს, ვაძლევთ 3 წელს. ნუ 2 წელს ზუსტად. იქნება პროგრესი, იქნება 5 წელიც. თუ გადავერთვებით ახალგაზრდებზე, ვერ ავცდებით სამწუხარო მომენტებსაც. ან 5-6 საშუალო დონის ლეგიონერი უნდა ჩამოვიყვანოთ და გითხარით, რა ხელფასებზეც არის ლაპარაკი. მაშინ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. სხვა შანსი, რომ ჩვენ ხვალ გვგქონდეს კარგი შედეგი, ზეგ, მაზეგ, შემდეგ, შანსი არაა. რა თქმა უნდა, ჩვენი აკადემიის ბავშვები, მუდამ უნდა იყვნენ მოედანზე", - ამბობს რომან ფიფია, „დინამო თბილისის" პრეზიდენტი.


უიღბლობა, გუნდის შეუფასებლობა, მინდვრის ხელოვნური საფარი. ჩვენის მხრივ დავამატებ, რომ ადიდასის ფირმის ბურთი, რითაც „დინამო თბილისს" უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში მოუხდა. თუმცა, მარცხიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „წაგებას მარტო მოედანს არ ვაბრალებთ". მატჩის ანგარიში,  6-1 კი, არ ასახავს იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც „დინამო თბილისი" აღმოჩნდა. ზაზა დოლიძე თვლის, რომ ფეხბურთის კუთხით, ფარერებზე წარმოუდგენელი პროგრესია და ის, რომ ფარერების თემა თამაშამდე არ შეისწავლა, მისი პირადი შეცდომა იყო. აქვე, „დინამო თბილისის" გენერალურ დირექტორს რამდენიმე ციფრიც მოჰყავს, თავისი ნათქვამის გასამყარებლად -  კუნძულზე, სადაც 60000 კაცი ცხოვრობს, არის 22 საფეხბურთო სტადიონი. ამ 60000 კაციდან, 5700 არის რეგისტრირებული ფეხბურთელი. იმ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიჰყვება.


„მეც ისეთივე განცდა მქონდა, რაც გულშემატკივარს - რა ფარერები. მინდა გითხრათ, რომ ეს კუნძული, ძალიან წინ წავიდა, რაც 7 წლის წინ იყო. მაშინ, ჩვენ იქ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. მას შემდეგ, ძალიან შორს წავიდა, ამაზე შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია და მინდა ვუთხრა, ჩვენს გულშემატკივრებს, უამრავს, ვინც, ძალიან განიცდის ამ წაგებას, რით შეიძლება ვანუგეშო? მე, როგორც ამ გუნდის პრეზიდენტი, ვცდილობ და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის და ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩვენ ჯგუფში შევსულიყავით წელს. ძალიან გაგვიმართლა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე. ძალიან ცუდად წავაგეთ პირველი თამაში თბილისში, „ტირანასთან". ორი თამაში ამოგვივარდა თბილისში და ორივეს მოგების შანსი გვგქონდა", - ამბობს რომან ფიფია.


„კოშმარისა" და „შოკის", როგორც ამას „დინამო თბილისის" ხელმძღვანელები ამბობენ, შემდეგ, შედარებით მშვიდ გონებაზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები დღეს, ჯერ კიდევ ცხელ გულზე, თუმცა, უფრო დამშვიდებული გონებით შეეცადნენ, გულშემატკივართა იმ შეკითხვებისთვის ნაწილობრივ მაინც გაეცათ პასუხი, რაც 24 სექტემბერს განცდილი მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში უამრავი დაისვა.




რომან ფიფია:

სამწუხაროდ, მოხდა ეს ფაქტი ძალიან მტკივნეულად დავმარცხდით ფარერებზე, მაგრამ ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს?  პრაქტიკულად, თამაში მოგვიგეს, პრაქტიკულად, თამაში წავაგეთ. პირველი და მეორე ბურთის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა ვერ აღადგინეს, ვერ მოაბრუნეს თამაში. ამას მოჰყვა, დანარჩენი ჰოლებიც და გაუმართლებელი წაგება იყო. ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ უმჯობესია, ეს ფეხბურთის სპეციალისტებმა შეაფასონ.


ჩვენ 2 დღით ადრე ჩავედით, იმიტომ, რომ ბიჭებს, დრო ჰქონოდათ, კარგად გამოეძინათ, კარგ განწყობაზე ყოფილიყვნენ. პირდაპირი რეისი გავაკეთეთ თბილისიდან ფარერებზე, ნორმალური სასტუმრო. ერთი სიტყვით, მთელი წინა განწყობა, არანაირად გვიკარნახებდა, რომ ჩვენ იქ დავმარცხდებოდით.


ბიჭებს, თამაშის წინ ვუთხარი, რომ აქ, მხოლოდ მოგება იყო მისაღები. წაგებას არავინ არ გვაპატიებს-თქო.  შეგიძლიათ, აქ დარჩეთმეთქი. თვითმფრინავი ცარიელი წამოვათქო. ასე, ვიხუმრე. როგორც გულშემატკივარს, ჰქონდა მოლოდინი, ზუსტად იმ განწყობით ვიყავი მეც და ჩვენ მთელი სტაფი, ფეხბურთელებიც.  მე მგონი, რაღაც შეუფასებლობას ჰქონდა ადგილი დიდი ალბათობით, გუნდის მხრიდანაც.


გეტყვით, რომ პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. 13 მწვრთნელი გამოვცვალე. დღეს, მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი. ბიჭებს აქვთ დასამტკიცებელი, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან. იქ, რაც მოხდა, იმას უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, რა თქმა უნდა. აუცილებლად მოხდება ამის ყველაფრის შეფასება, ჩემპიონატის ბოლოს. ამას ყველა გულშემატკივარი ნახავს. ძალიან ადვილი არ არის ჩამოიყვანო საქართველოში კარგი ლეგიონერი.




წლების წინ, ჩისკოს ჰქონდა ხელფასი 25000 ევრო, ლორიას 20000 დოლარი - ესეთი გუნდი გვყავდა. მაგრამ იღბალმა მაშინ არ მოგვცა შანსი ჯგუფში შევსულიყავით, თუმცა, ძალიან ახლოს ვიყავით. მე რა მინდა ამით გითხრათ, ყველაფერი გავაკეთეთ, რის  გაკეთებაც შეიძლებოდა, ერთი გუნდისთვის. ვინმე თუ იტყვის რამე დააკლოო, მაშინ თუ ვინმეს ამის პრეტენზია აქვს, რომ დაგვეხმაროს, მოვიდეს და დაგვეხმაროს, თუნდაც ფინანსურად, რომ უფრო გავაძლიეროთ გუნდი. მე წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ რის საშუალებაც არის დღეს, მე ვაფინანსებ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, უბრალოდ, გვეგონა, რომ გაგვიმართლა წილისყრაში. ეს ბიუჯეტი რაც აქვს დინამო თბილისს, არ არის საკმარისი ჯგუფში მოსახვედრად. თუ გადაუხდი 30000 ევროს, ჩამოიყვან საშუალო დონის ლეგიონერს.


ხშირად გვაკრიტიკებენ და წერენ, რომ ბიზნესად გადააქცია ფიფიამ დინამო თბილისი, ფულს შოულობსო. გასაგებია, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ნახეთ რა ხდება? როდესაც ფეხბურთელი გამოვზარდეთ, ერთი, მეორე, ჩაკვეტაძედან დაწყებული, კვარაცხელიაზე, რომ არ ვილაპარაკოთ, დავითაშვილი და ა.შ. ნახეთ, ბრწყინვალედ თამაშობს მამარდაშვილი და ვაპირებთ მის დაბრუნებას. ყველას უნდა წასვლა სხვა გუნდებში, უცხოეთში, რუსეთი იქნება ეს თუ სხვა ევროპული ქვეყანა. შევაფასოთ ის ქვეყნებიც, ვინ როგორ მუშაობს და როგორ დებენ ფულს ფეხბურთში. მესმის, რომ რუსეთში არის დავალებები და სახელმწიფო კომპანიები „ასხამენ" საშინელ ფულს. ყოველთვის ფული არ ამართლებს. ამაზეც კი, არ მაქვს ლაპარაკი. კარგია, რომ ეროვნულ ნაკრებს აქვს ხვალინდელი დღე, კარგ ფეხბურთელებს ვუზრდით და შეგვაქვს ჩვენი წვლილი, მაგრამ, ამ ფეხბურთელებს ვერ ვაჩერებთ. არ ჩერდებიან. დაფრთიანდებიან, გამოჩნდებიან და უნდა გაფრინდნენ. იმიტომ რომ ფიქრობენ უკეთეს ჩემპიონატში მიდიან. მიდიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, თუ ევროპის რომელიმე ჩემპიონატში ითამაშებენ, ეროვნული ნაკრებიდან უფრო დაფასებულები იქნებიან.




ზაზა დოლიძე:


2019 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ მოგვიწია, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ იყო ჩვენი სურვილი და ის, რომ ჩისკო გაგვეშვა. პირიქით, როგორ შეიძლება გუნდიდან გაუშვა ჩემპიონი მწვრთნელი. პრო-ლიცენზიის გამო, იყო სერიოზული მოთხოვნა, სფფ-დან და ლიცენზირების დროს, მივიღეთ შენიშნა, რომ მწვრთნელს, უნდა ჰქონოდა პრო-ლიცენზია. ამ წუთას, ჩისკო არის მოვალეობის შემსრულებელი.


რომ ვუყურებდი ტაბლოს, მეგონა, რაღაც კოშმარული სიზმარი იყო და გავიღვიძებდი და ახლიდან, ახალ დღეს დავიწყებდი, მაგრამ ეს არის რეალობა, რაც მოხდა. ჩვენ ვმუშაობთ... ბევრი კომპონენტით წავაგეთ, ლაპარაკია ფსიქოლოგიურად, მეორე გოლის შემდგე, გუნდმა ვერ მოახერხა რეაბილიტაცია. თუ გახსოვთ, თქვენ თამაში, როგორ მიდიოდა? ჩვენ გვქონდა მომენტი 1-0-ზეც. პირველი გოლიც გავუშვით ძალიან უხეში შეცდომის შემდეგ. ვფიქრობ, ანგარიში, რომ გაგვეთანაბრებინა, სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი.


დღეს, ჩვენ გუნდში თამაშობენ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები და ის ლეგიონერები ვინც გვაყავს გუნდში არიან საკმაოდ შეზღუდული რესურსით შერჩეულები. საქართველოში ფეხბურთელი, რომ ჩამოვიდეს, ჭირდება ბევრი ფაქტორის დაკმაყოფილება. იმ ფეხბურთელს, ვერ გეტყვით, რომ ფარერების ლეგიონერები  დინამოს ლეგიონერებზე უკეთესები არიან.




***

და ბოლოს, „იმედის" სტუდიაშიც და გულშემატკივრებშიც არის ერთი შეკითხვა, რომელიც ყველას აწუხებს და ბევრიც, „დინამო თბილისის" დღევანდელი რეალობის შეფასებისას, სწორედ, ამ გარემოებას უსვამს ხაზს - რატომ დაშალეს 2019 წლის ბოლოს ჩისკოს აწყობილი ჩემპიონი გუნდი, გაუშვეს მწვრთნელი და სეზონზე, საუკეთესოდ აღიარებული ფეხბურთელები, უცხოელებიც და ქართველებიც. რატომ გადააწყო კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისი" თავისი შეხედულებებით და საბოლოოდ, რა დაუტოვა დედაქალაქს, გუნდიდან წასვლის შემდეგ. ბუნებრივია, ეს არის კითხვები, რომელსაც სწორედ ცხელ გულზე არ უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა, მათი უპასუხოდ დატოვება შეუძლებელია. ამ ეტაპზე, „დინამო თბილისის" წინაშე, მთავარი ამოცანა, ქვეყნის ტიტულის შენარჩუნებაა და თუნდაც, ოქტომბრის დასაწყისში, საკუთარი გულშემატკივრისთვის და არა მხოლოდ მათთვის დამტკიცება, რომ ის, რაც ფარერებზე მოხდა იყო შემთხვევითობა და არა კანონზომიერება. ბევრი თვლის და ალბათ, უფრო უნდა, რომ 24 სექტემბერს განცდილი მარცხის შემდეგ, „დინამო თბილისი" დიდხანს ფეხზე ვერ დადგეს. თუმცა, „დინამო თბილისი", „დინამო თბილისია" და რომ  ფარერებზე, ჩვენი ფეხბურთელები, ნამდვილად არ იმსახურებდნენ 6-1 წაგებას.