
დღეს და გუშინ, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ¼ ფინალები გაიმართა და შესაბამისად, ნახევარფინალისტების ვინაობაც გაირკვა.
26 სექტემბერი
„სპაერის" სტადიონზე ლიგა 3-ის წარმომადგენელმა "თბილისი სიტიმ" ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. მატჩი იმერელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 5-2 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი კახა კახაბრიშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი, ბესო დეკანოიძემ, ლუკა კიკაბიძემ და დავით მუჯირმა გაიტანეს. "თბილისი სიტის" შემადგენლობიდან კი, მეტოქის კარის აღება ლევან ქალდანმა და გიორგი შუბითიძემ მოახერხეს.
სათამაშო დღის მეორე შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა "სამგურალმა" "თელავს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი მე-10 წუთზე გავიდა, მეტოქის კარი გამოცდილმა ლუკა რაზმაძემ აიღო. რაზმაძეს 52-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული პენალტი ძელმა მოიგერია. საბოლოდ წყალტუბოელებმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხეს. 56-ე წუთზე "თელავს" დემურ ჩიხლაძემ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
27 სექტემბერი
თბილისის "საბურთალომ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. თასის მოქმედმა მფლობელმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, 2-0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, საბურთალოელთა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა "ტორპედოს" პენალტით გაუტანა. ქუთაისელთა კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი 79-ე წუთზე ოლივიე ბუმალი გახდა.
საინტერესო გამოდგა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედანზე გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს "გაგრა" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. პენალტების სერია კი უკეთ გაგრელებმა შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით, 5-3 დაამარცხეს.
***
შესაბამისად, ცნობილია, საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშების ნახევარფინალის მონაწილე ოთხივე კლუბი ვინაობა. დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას საჩხერის "ჩიხურა", წყალტუბოს "სამგურალი", თბილისის "საბურთალო" და "გაგრა" აგრძელებენ.
ფოტო: სკ "გაგრა"





ჩვენ








