
ხვალიდან, 3 ოქტომბრიდან, ბელარუსის ნაკრები, ადგილობრივი ფედერაციის საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება და იქ, დაიწყებს ჯერ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ, კიდევ ორი სანაკრებო თამაშისთვის მზადებას.
ორი დღის წინ, მიხაილ მარხელმა საბოლოოდ დაასახელა ის 28 ფეხბურთელი, რომლებიც ოქტომბრის თამაშებისთვის გაივლიან მზადებას. საქართველოს ეროვნული ნაკრები მოწინააღმდეგე თბილისში, 7 ოქტომბერს ჩამოვა და როგორც უკვე გითხარით, იმ დღესვე პროტოკოლის შესაბამისად გამართავს ვარჯიშს, მარხელი კი, პრესკონფერენციასაც. თუმცა, ამ ეტაპზე არაა ცნობილი, კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოყვებიან თუ არა ჟურნალისტები საკუთარი ქვეყნის ნაკრებს, მნიშვნელოვანი თამაშის დღეს. მით უმეტეს, რომ უეფა-მ სანქციები შეარბილა და წევრ ქვეყნებს, კონკრეტული ადგილის რეგულაციების შესაბამისად, უფლება მისცა ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩზე, მაყურებელთა 30 % (სტადიონის ტევადობასთან შეფარდებით) დაუშვას. დღეს, დილიდან ბელარუსული მედია, „დინამო არენის" ტევადობას და აქედან გამომდინარე 30%-ს ითვლის. თავს კი, იმით იმშვიდებს, რომ ქართული რეგულაციით, ღია ცის ქვეშ, 200 კაცზე მეტი არ დაიშვება.
ფაქტია, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისში, ვერანაირად ვერ მოხვდება, Tribuna.com-ის ჟურნალისტი ალექსანდრ ივულინი, რომელსაც ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ, ადგილობრივი ჩემპიონატის და თასის თამაშებზე აკრედიტაცია გაუუქმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჟურნალისტის პოლიტიკური ხედვა და გამონათქვამები იყო, რომელიც, უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე ის, რომ ივულინი, ბელარუსში, ფეხბურთის განვითარების და დღევანდელობის მიმართ ხშირად, თავისებურად, განსხვავებულად ფიქრობდა და საუბრობდა.

არასახარბიელო მდგომარეობაა ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ქვეყანაში, კორონა ვირუსის პანდემიის მხრივაც. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას, პირველი ლიგის თამაშების გადატანა მოხდა, რადგან ერთ-ერთ კლუბში, „ნაფტანაში", 7 ფეხბურთელს COVID 19 დაუდასტურდა. ამავე კლუბის მფლობელი კი, 74 წლის ასაკში, კორონა ვირუსით გარდაიცვალა. ბუნებრივია, როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ უწევს სხვას თამაში, იმ სხვაში არსებული ყველა დეტალით ინტერესდები. მითუმეტეს ახლა. WHO-ს ინფორმაციით, დღეს ბელარუსში, კორონა ვირუსით ინფიცირების 402 შემთხვევა დაფიქსირდა, 5 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
როგორც ხედავთ, ფლეი-ოფის წინ ბელარუსში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 13-14 გრადუსი სითბოა და წვიმს, საკმაოდ მაღალი „ტემპერატურაა" - ეს იქნება პოლიტიკურ, პანდემიურ თუ, საფეხბურთო ჭრილში და ამ „ტემპერატურაში", ლომის წილი 8 ოქტომბრის მატჩზე მოდის.

თამაშის წინ შანსები, ყოველთვის 50/50 არისო, ამბობს, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ბელარუსთა ნაკრების ერთ-ერთი მეკარე ეგორ ხატკევიჩი, რომელიც ბელარუსულ მედიასთან საუბარში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სურვილის გამოთქვას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ბარიერს გადალახავს. „მოწინააღმდეგის გუნდში, ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის და ევროპის გუნდებში თამაშობს. ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება და ადვილი გასეირნება არ გველოდება"-ო.
ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ, არანაკლებს დაძაბულ (პანდემია და წინასაარჩევნო გარემო, მეზობლებში გაჩაღებული საბრძოლო მოქმედებები) გარემოში, ბელარუსებს, საქართველოში მხოლოდ სეირნობა შერჩებათ. საქართველოს ნაკრები კი, 8 ოქტომბრის შემდეგ, ამ ციკლის ბოლო, 12 ნოემბრის მატჩისთვის მოემზადება.





ჩვენ








