ურჩევნია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, ვიდრე ტრიბუნებმა ცხვირიდან სისხლი ადინონ...
ურჩევნია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, ვიდრე ტრიბუნებმა ცხვირიდან სისხლი ადინონ...
06.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებს, ბელარუსის ეროვნულ გუნდსაც ოქტომბრის თვეში 3 შეხვედრის ჩატარება უწევს. თუმცა, საქართველოს მსგავსად, ბელარუსშიც თვლიან, რომ 8 ოქტომბრის მატჩი, მნიშვნელობითა და დატვირთვით, ლატვიასთან და ყაზახეთთან თამაშებს აღემატება. აქედან გამომდინარე, აქცენტს მინსკში, სწორედ, თბილისში, 8 ოქტომბრის თამაშზე აკეთებენ.


„მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასეთი თამაში ალბათ, არ მქონია. ბუნებრივია, რომ გარკვეული ღელვაც ახლავს. თუმცა, მგონია, რომ მზადების პროცესში, ყველაფერი დალაგდება. უპირველესად, გამოცდილი ბიჭების იმედი მაქვს. მჯერა, ისინი მოახერხებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც თბილისში მოუწევთ თამაში, თავდაჯერებულობა შემატონ.

საქართველოს ნაკრები კარგი ხარისხის ევროპული გუნდია. ალბანეთის ნაკრებს შევადარებდი, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ. დაბალანსებული შემადგენლობის გუნდია, რომელსაც არაერთი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. პრაქტიკულად, კლუბებში, ყველას აქტიური სათამაშო გამოცდილება აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ურთულესი თამაში გველის.

გიორგი ნავალოვსკი და ვაკო გვილია (ფეხბურთელები, რომლებმაც წლების წინ, ბელარუსის ჩემპიონატში კვალი დატოვეს მინსკის „დინამოში" და „ბატე"-ში თამაშისას)...მათი თამაში მახსოვს. ოსტატური მოთამაშეები არიან. თუმცა, მას შემდეგ რაც სხვა ჩემპიონატებში გადაბარგდნენ, დიდმა დრომ განვლო. ასე, რომ ნავალოვსკის და გვილიას აქ ყოფნის დროს, მათი თამაშით, მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ დიდად წარმოდგენას ვერ შევიქმნით", - ამბობს მიხაილ მარხელი.  


ბელარუსის ნაკრებმა, რომელმაც შეკრება 3 ოქტომბერს დაწყო, ადგილობრივი ფედერაციის ტექნიკურ ბაზაზე, სრული დატვირთვით, მხოლოდ გუშინდლიდან შეუდგა ვარჯიშს. მიხაილ მარხელმა შეკრებაზე 27 ფეხბურთელს დაუძახა, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ „დრო ისეთია, რომ ყველაფერი შესაძლოა მოხდეს - ერთ მხრივ კორონა და მერე ტრავმისგანაც არავინაა დაზღვეულიო". ამ კუთხით, ბელარუსის ნაკრებს დანაკლისი აქვს. თბილისში, მატჩზე მათ დენის შერბიცკი და იორი კოვალევი ვერ დაეხმარებიან. როგორც ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, ტრავმების გამო, ექიმებმა მათ 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს.


ყაზახეთის ჩემპიონატში 3 ტური გაუცდა ივან მაევსკის, სათადარიგოში მოუწია ყოფნა დენის პოლიაკოვსაც. მარხელი და მისი სამწვრთნელო შტაბი, ამ მოთამაშეებს, რომლებიც გუშინ შეუერთდნენ გუნდს, ვარჯიშების დროს დააკვირდება და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს.


ბელარუსის ნაკრებში მყოფი „ბატე"-ს ფეხბურთელები, ნაკრებში გამოძახებამდე COVID 19-ის გამო, მთელი გუნდით იზოლაციაში იყვნენ. თუმცა, ამ გუნდიდან ბელარუსის ნაკრებში მიანც არიან გამოძახებულები. ერთ-ერთზე, სტანისლავ დრაგუნზე, განმეორებითმა ტესტმა, კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა და შესაბამისად, ბელარუსებს მისი იზოლაციაში გადაყვანა მოუხდათ. აი, იგორ სტასევიჩი კი, განმეორებითი ტესტისა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, ნაკრების შეკრებაზეა.


მარხელს შეკრებაზე 4 ფორვარდი ჰყავს გამოძახებული და ამბობს, რომ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. მათ შორის, იმ მომენტისთვისაც, თუკი, თბილისში, თამაშის მსვლელობის დროს შეტევის ხაზის გაძლიერება გახდება საჭირო.


„არ ვიჩქაროთ. მეკარეები ყველა თანაბარი დონისაა, ამიტომ თუ ვინ დაიცავს კარს, დამოკიდებულია იმ მომენტში, ვინ როგორ იქნება მზად ფსიქოლოგიურად", - ამბობს მარხელი.  


და ბოლოს, რისთვის და როგორ ემზადება მარხელი და მისი გუნდი. რისი იმედი აქვს და რა აწუხებს თბილისში გამოფრენამდე...

- ვარჯიშებზე, მიზანმიმართულად 11-მეტრიანებისთვის გუნდის მზადებას მარხელი არ აპირებს;

- ურჩევნია ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში, ვიდრე ტრიბუნებმა ცხვირიდან სისხლი ადინონ...

- მზად არის კლიმატური ცვლილებებისთვის (ბელარუსში საკმაოდ აციებულა)...

- უკმაყოფილოა, რომ შეკრებაზე ცოტა დრო ჰქონდა;

- აფიქრებს, რომ რამდენიმე წამყვან მოთამაშეს მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს;

- იცის, რომ ძირითადი შემადგენლობა ზუსტად უნდა შეარჩიოს;

- დარწმუნებულია, რომ მენტალური და ფსიქოლოგიური მომენტი, ამ შეხვედრაში გადამწყვეტი იქნება.


შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ეროვნული ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოდის და ხვალვე, „დინამო არენაზე" გუნდის ვარჯიში და მარხელის პრესკონფერენცია იგეგმება.


საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 8 ოქტომბერს, 20:00 დაიწყება. რეპორტაჟი „დინამო არენადა" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.




სტატია მომზადებულია ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით