ფუტსალის ლიგის დონე, ნაკრების დონის პირდაპირპროპორციულია
ფუტსალის ლიგის დონე, ნაკრების დონის პირდაპირპროპორციულია
31.10.2017
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში", გაიმართა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც, მხარეები ერთად გაუწევენ ორგანიზებას. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიც, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

„ფეხბურთის  განვითარების  სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში    ფუტსალის  სახით  ახალი დარგი ჩამოყალიბდა,   რომელიც საქართველოში განვითარებადია.  მას,  ბევრი  მაყურებელი  ჰყავს,  მასიურია  და ჩვენც, სპორტის ამ სახეობას,  გადავწყვიტეთ  მხარში  დავდგომოდით. ტურნირს, ყოველწლიურად  ექნება დაფინანსება  რაც გულისხმობს, ჩემპიონატის  მაღალ  დონეზე  ჩატარებას", - ამბობს ზაზა დოლიძე, ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი.

ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. ფლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

„წლევანდელი  სეზონი ძალიან  საინტერესო იქნება. ნაკრების  შემადგენლობა,  რამდენიმე  გუნდშია გადანაწილებული. ვფიქრობთ, რომ  ძალიან  საინტერესო  სეზონი იქნება, ვისარგებლებ შემთხვევით  და  წარმატებებს  ვუსურვებ   მონაწილე  გუნდებს", ამბობს ზაალ  ჩიტალაძე,  სპორტული სააგენტო   SBM-ის  დირექტორი.

ახალი სეზონიდან იზრდება საპრიზო ფონდიც. ფრედ დამთავრებული შეხვედრების და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები განთავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგანაც. 

„დღეს  ზოგადად  ვისაუბრეთ  იმ სიახლეებზე  რომლითაც  იქნება  გამორჩეული   2017/2018 წლის  სეზონი.  ჩვენ  ყველაფერს  ვაკეთებთ  ავყვეთ  მსოფლიო ფუტსალის  სიახლეებს.  გვაქვს სურვილი, რომ  მომავალი  წლიდან საქართველოს, 19-წლამდელთა  ფუტსალის ნაკრები ჰყავდეს. ფუტსალის  ლიგის  როლი ეროვნული  ნაკრების  წარმატებაში  არის  ძალიან  დიდი", - ამბობს, სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ს, SBM-სა და ტელეკომპანია „სილკის" პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში იხილოს.

„პირველ  რიგში  მინდა  წარმატება  ვუსურვო  ყველა  გუნდს.  ვფიქრობ,  რომ  წლევანდელი  სეზონი  გამორჩეული  იქნება, ყველა  გუნდი  საკმაოდ  ძლიერია.  გვყავს  დებიუტანტიც. ჩემპიონატი  იქნება  დაძაბული და  ეს  ერთისმხრივ  კარგია  რადგან  აიწევს ტურნირის დონე  და  კლასი. იქნება  თანაბარი თამაშები. კარგია, რომ ჩემპიონატი ყოველწლიურად  უმჯობესდება და ამისკენ  მივდივართ  ჩვენ  ყველა  ერთად", ამბობს ავთო ასათიანი, „თელასის" გუნდის წარმომადგენელი.