დანებდება მეორენომრობას თუ, გახსნის თამაშს?
დანებდება მეორენომრობას თუ, გახსნის თამაშს?
07.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი ქვეყნის გუნდი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ასე ახლოს, მას შემდეგ არ ყოფილა, რაც სსრკ დაიშალა და შესაბამისად, ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები დიდი დერჟავის ნაკრების შემადგენლობაში არ მოხვედრილან. შესაბამისად, 8 ოქტომბერს, ორივეს მოუწევს დამტკიცება, რომ ისინი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ღირსები არიან. ორივე გუნდი, თვლის, რომ ხვალინდელი მატჩი „ყოფნა, არ ყოფნის" შინაარსით არის დატვირთული.




„გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. ყველამ ვიცით, რომ ეს თითოეული ფეხბურთელისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. სამწუხაროდ, ხვალ მათ გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვგრძნობთ უდიდეს მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება ბელარუსიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას", - ამბობს ვაკო გვილია, მატჩამდე გამართული ტრადიციული პრეს-კონფერენციის დროს.



მატჩამდე, უეფა-ს გვერდი, ფლეო-ოფის სხვა მატჩების მსგავსად, საქართველო-ბელარუსის მატჩის შესახებაც საუბრობს. ევროპული ფეხბურთის მთავარ სახლში თვლიან, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ნაკრები კერკეტი კაკალი გამოდგა ბევრი გუნდისთვის. მაგალითად, სულ ბოლოს, ევრო 2020-ის კვალიფიკაციის დროს, დანიისა და ირლანდიის ნაკრებები საკმაოდ გაამწარა, განსაკუთრებით, თბილისურ მატჩებში. მაშინ, როცა, ბელარუსის ნაკრებმა თითქმის ყველა თამაშები წააგო 2017 და 2019 წლებში, როდესაც 8 მატჩი წააგეს. 2018 წელი კი, მათთვის შედარებით წარმატებული იყო. ის, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მიხაილ მარხელის გუნდს მეორე ნომრად მოუწევს თამაში, ამას სიტყვიერად სტუმართა გუნდი შეგუებულია. თუმცა, თამაშში, რომელმაც ფინალისტი უნდა გამოავლინოს, არაა გამორიცხული ბელარუსთა მოკრძალება ამბიციაში გადაიზარდოს, მითუმეტეს, რომ თბილისში ჩამოსვლამდე, კონკრეტულად კი, მატჩის დღის მოახლოებამდე, ბელარუსები უფრო თამამები და აგრესიულები იყვნენ გამონათქვამებში.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი ბელარუსის ჩემპიონატში თამაშობს, მეეჭვება, ამ გარემოებამ ხვალინდელ თამაშზე გავლენა მოახდინოს, რადგან სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიც უკვე დიდი ხანია განახლდა. ვიცით, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ერთი მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ამბობს მარხელი.




თბილისში ჩამოსვლამდე, ბელარუსები აცხადებდნენ, რომ 8 ოქტომბრის მატჩში, საფეხბურთო მატჩზე მეტად, ფსიქოლოგიური თამაში და შესაბამისად, ამ ომში ძლიერი გაიმარჯვებდა. ფაქტია, რომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და არა COVID 19-დან, რომელიც ხვალინდელი მეტოქის ქვეყანაში მძვინვარებს, თუმცა მიუხედავად ამისა იქ, საფეხბურთო ცხოვრება არ შეჩერებულა, გუნდს წამყვანი მოთამაშეები არ ჩამოყვნენ. გუნდთან ერთად არ არის გამოცდილი მეკარე, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარხელი, 11-მეტრიანებისთის გუნდს განსაკუთრებულად არ ამზადებს, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა, რომ მეკარეები დიდად არ დასჭირდება. უფრო მეტიც, ის 3 ქულის წაღებას, 90 წუთიანი დაპირისპირების შემდეგ აპირებს. სხვა საქმეა, თუ ჯერი 11-მეტრიანებზე მიდგა, რამდენად მზად იქნებიან მისი ფეხბურთელები ამ ამოცანის გადასაჭრელად.


„რა თქმა უნდა ასეთ მატჩებში, გამოცდილი მოთამაშეების სიჭარბე გადამწყვეტია.  ვფიქრობ, რომ გამოცდილ ფეხბურთელებზე, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ფსიქოლოგიური ასპექტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ შეხვედრას მზად უნდა შევხვდეთ", - ამბობს მარხელი.




თბილისამდე გამომგზავრებამდე, ბელარუსთა მწვრთნელი, შეგახსენებთ, რომ იმ გარემოებასაც უსვამდა ხაზს, რომ საქართველოს ნაკრებში, რომელიც ალბანეთს შეადარა და ამის გამო, დღევანდელ პრესკონფერენციაზე, მოიბოდიშასავით - იმედია, არ გეწყინათო, რომ ბევრი ევროპულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელია, ეს ვიგულისხმეო. ამ ფეხბურთელებს, კი კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთო. ვაისიც, თავისი გამოცდილებით, ბევრად მჯობიაო და ისიც ვიცი, რომ ხვალ ჩვენ მეორე ნომრად მოგვიწევს თამაშიო.


„ჩვენი ფეხბურთელების გამო ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო 3-4 ტურია საკუთარ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ვეცდებით, ოპტიმალური 11 მოთამაშე შევარჩიოთ და შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპიროთ მოწინააღმდეგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იგივეს ფიქრობს ჩვენი მეტოქის მთავარი მწვრთნელიც", -  ამას, უკვე ვლადიმირ ვაისი ამბობს, რომლის ფეხბურთელებმაც, ბოლო უიქენდის საკლუბო თამაშებისას, თითქმის ყველამ გოლი გაიტანა. რაც შეეხებათ დანარჩენებს, უფრო ზუსტად კი გურამ კაშიას, რომელსაც ზუსტად ეს სათამაშო დრო აკლია და გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ტრავმის შემდეგ, ვერა და ვერ „აეწყო" ვაისმა განაცხადა: „კაშია მატჩისთვის მზად არის, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებს. რაც შეეხება მარცხენა მცველს, ამ პოზიციაზე საკმარისი ფეხბურთელები გვყავს და გადავწყვეტთ, რომელი გამოვიყენოთ. ხვალ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება პოზიციებს შორის სწორი ბალანსის დაცვა.


ხვალ ჩაკვეტაძის გარეშე მოგვიწევს თამაში, რადგან გიორგი შეკრებაზე ტრავმით ჩამოვიდა. მას ვესაუბრე და სამწუხაროდ, სათამაშოდ მზად არ არის. 3-4 დღე დაისვენებს და იმედი გვაქვს, შემდეგ მატჩებში დაგვეხმარება".




გულშემატკივარი და ტრიბუნების ზეწოლა, „ცხვირიდან სისხლს" გვადენინებსო - ასეთი შინაარსის წინადადება გამოაქვეყნა თბილისში გამომგზავრებამდე ბელარუსის ფედერაციის ვებ-გვერდმა. შესაბამისად, ასეთ გარემოში თამაში უფრო გვაწყობსო. თუმცა, თბილისში მარხელმა ფირფიტა შეცვალა და მე-20 საუკუნის თბილისური მატჩების მოგონებებს მიეცა,


„რა თქმა უნდა ფეხბურთი, გულშემატკივრის გარეშე არაფერია. მე მახსოვს, ჯერ კიდევ, სსრკ-ს დროს, რამდენად სასიამოვნო იყო თბილისში თამაში. შექმნილ ვითარებას, ვუყურებთ, როგორც მოცემულობას, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთი თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდებაო", - აღნიშნა მარხელმა.


მაყურებლით თუ უმაყურებლოდ, ბელარუსები ხვალ, ისევე, როგორც ჩვენი ქართველთა ნაკრები, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამოდიან. მარხელს უკან დასახევი გზა არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ანტისამთავრობოდ განწყობილი გუნდის ლიდერები აკლია და არაა, გამორიცხული, ამ სარჩულით წაგებული მატჩის შემთხვევაში, თბილისურ თამაშს, მისი კარიერაც გადაყვეს. თუმცა, ეს ქართველთა დარდი, ნაკლებად მგონია იყოს.




რაც შეეხევა ჩვენს გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთით კი, თითქმის „კოსმოსიდან" მოგვიწია მუშაობა, გუნდს, ემჩნეოდა, რომ საბრძოლო განწყობაა და ხვალაც მხოლოდ მოსაგებად გამოვა.


„ჩვენ გვინდა და უნდა ვაჩვენოთ ხარისხი, ხვალინდელ მარჩში,  მაგრამ ეს ფეხბურთელთა და ხვალ ერთი გუნდი ბედნიერი იქნება და მინდა, რომ ეს გუნდი საქართველო იყოს!


მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელ მატჩს გულშემატკივარი არ დაესწრება, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ 3 მლნ. ადამიანის მხარდაჭერას", - ამბობს ვაისი.




შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 ოქტომბერს, საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება.