ერთი ნაბიჯი ევროპამდე
ერთი ნაბიჯი ევროპამდე
08.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მწვრთნელის კარიერა ასეთია - როდესაც იგებ გმირი ხარ, თუ ვერ იგებ, არ ხარ. საქართველოსთან მშვენიერი 5 წელი მაკავშირებს და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ფინალს რაც შეეხება, ბევრი რამ მოსამზადებელ ეტაპზე და ფეხბურთელების ფორმაზე იქნება დამოკიდებული", - ეს ვლადიმირ ვაისის სიტყვებია, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა, „დინამო არენასაკენ", გუნდის ავტობუსში მჯდომს, „ქომაგთა" პერფორმანსის შემყურეს, ალბათ, ბელარუსთან მატჩამდე ბოლოჯერ აანალიზებდა რამდენად ეყო მოსამზადებელი ეტაპი და კონკრეტულ მატჩში, რამდენად მომზადებულები შეხვდებოდნენ მისი ფეხბურთელები რეალობას.




თამაში, რომ საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო, ამაში ნაკლებად, თუ ვინმე იდავებს. არც ისაა სადაო, რომ ფეხბურთელებიდან დაწყებული, ქომაგით დამთავრებული, ბელარუსთან მიღწეული შედეგით კმაყოფილია. თუმცა, ალბათ, საქმე უფრო სხვაგვარად იქნებოდა, ქართველ ფეხბურთელებს, პირველ ტაიმში, 3 საგოლე შანსი და ალბათ, თამაშის მიწურულსაც, რამდენიმე მომენტი, რომ არ გაენიავებინათ. ალბათ, სხვა გუნდი, ამ გაშვებულ შანსებს, ცუდად შემოგვიტრიალებს. თუმცა, ჩვენდა საბედნიერო, დღეს, ბელარუსმა ეს ვერ მოახერხა.


„მინდა გამოვყო დაცვის რგოლი, სადაც ყველამ კარგად ითამაშა, კიტეიშვილს კი ჩემი აზრით, უკეთ თამაში შეეძლო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ვფიქრობ, ის პუბლიკაზე არ თამაშობდა, უბრალოდ იდეალური ინდივიდუალური მონაცემები გააჩნია. ახლა დასვენების დრო გვაქვს და შემდეგ პოლონეთში გავემგზავრებით, სადაც ასევე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება", - ამბობს ვაისი.




არადა, ყველა არა, მაგრამ პირველ ტაიმში, ერთი საგოლე შანსი, რომ გოლად გარდაგვესახა, თამაშიც სხვაგვარად წარიმართებოდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ დღეს, ქართველებს ბურთზე კონტროლის დაწესება გაუჭირდათ. ამას გარდა, თითქმის საქმე არ ჰქონია გიორგი ლორიას.  


„ბელარუსთან თამაშმა ძალიან დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია წაიღო, ამიტომ, სომხეთთან მატჩისთვის შემადგენლობაში ალბათ 4-5 ცვლილება იქნება. გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე არ ითამაშებენ, ასევე ცვლილება მოხდება მეკარის პოზიციაზე. ფინალში სასურველ მეტოქეს ვერ დაგისახელებთ, ჩრდილოეთ მაკედონიას უკეთ ვიცნობთ, მაგრამ ახლა ერთა ლიგის მატჩზე ვართ კონცენტრირებული", - ამბობს ვაისი.




საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, დღეს ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან, რთულია იმის თქმა, რომელი ვარიანტი უკეთესი იყო - ფინალში ერთი თვის შემდეგ თამაში თუ, ხუთი დღის შემდეგ, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. თუმცა, ამჯერად, ვაისი თვლის, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა კონდიციებიდან გამომდინარე, ალბათ, ეს, მეორე ვარიანტი უკეთესია.




„თორნიკე ოქრიაშვილი გეთანხმებით, რომ გამორჩეული იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თემურ ქეცბაიას, რომელსაც გუნდში სხვა ქართველი მოთამაშეებიც ჰყავს. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე წარმოუდგენელია და მადლობა მათ ასეთი მიდგომისთვის," - ამბობს ვაისი და დასძენს: „რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ჩვენი სამედიცინო შტაბი ცდილობდა მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ტრავმირებულია და 12-ში კლუბს დაუბრუნდება. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ კლუბში ბოლო ნახევარი საათი ტრავმირებული ფეხით ათამაშეს. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი უნდა დავუდგეთ გვერდზე და დავეხმაროთ, რომ ძველი ჩაკვეტაძე დაბრუნდეს, რადგან ევროპული დონის ტალანტია და დღეს რომ ეთამაშა, ვინ იცის, იქნებ გოლიც გაეტანა - ეს შეიცვლებოდა, ის რო მოედანზე ყოფილიყო".




მაგრამ ჩაკვეტაძეს არ უთამაშია დღევანდელ მატჩში და არც მომდევნო 2 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები, ჯერ პოლონეთში, სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და შემდეგ, უკვე სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ვაისმა დღეს განაცხადა, იცის, რომ საქართველოს სომხეთთან არასდროს წაუგია და ისიც, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, მისთვის, როგორც მწვრთნელისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი არასდროს დაუმარცხებია.




სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს გამართვას მატჩს. მანამდე კი, დღეს, „დინამო არენაზე", უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეო-ოფში, ჩვენმა ნაკრებმა, თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი 11-მეტრიანის წყალობით, ბელარუსის ნაკრები დაამარცხა და ფინალში გავიდა, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისში, კვლავ, „დინამო არენაზე" გაიმართება.


სტატიაში გამოყენებულია ლაშა კუპრაშვილის ფოტო