10 თამაშიდან 10 მოგება - ნიკე, კვლავ ლიდერია
10 თამაშიდან 10 მოგება - ნიკე, კვლავ ლიდერია
08.10.2020
ავტორი: თ.ჯ.


დღეს, 7 ოქტომბერს, ქალთა ლიგის მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილის პირველ სამეულში მყოფმა გუნდებმა 3-3 ქულა მარტივად აიღეს.


ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „ლანჩხუთმა", ხაშურის „ივერია" გასვლაზე, 2-7 დაამარცხა. გურულთაგან ამ დღეს დუბლი სამმა ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ, ნინო ჩხარტიშვილმა და სალომი დიმოპულომ შეასრულეს, ერთი გოლი კი, ლანჩხუთელთა მეკარის, თათია გაბუნიას ანგარიშზე.  მასპინძელთაგან, დუბლის ავტორი გახდა, ირმა ლომიძეც.


მეორე ტურია, დიდი ანგარიშით ახერხებს გამარჯვებას ქუთაისის „მართვე", რომელმაც ამჯერად, მცხეთაში, ადგილობრივი გუნდი, 1-17 დაამარცხა. ამ დღეს 11 გოლი, ლანა გორგაძემ გაიტანა და წინა ტურში, ერთ მატჩში გატანილი, გორელი ეთერ სულაშვილის რეკორდი მოხსნა.  ქუთაისელთა რიგებიდან ექვსი გოლი, ამერიკელი ლეგიონერის ლაურა ლებერის ანგარიშზეა. ქალთა ლიგის, 2020 წლის გათამაშების დებიუტანტი „მცხეთის" რიგებიდან, პრესტიჟის გოლი თეონა გიგინეიშვილმა გაიტანა.


„ნიკემ" რომელსაც, ქვეყნის ჩემპიონობამდე, მინიმუმ ერთი ტური აშორებს, დღეს, თუშეთს 16-0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ თბილისელთაგან მეტოქის კარის აღება 8 ფეხბურთელმა მოახერხა. ამ დღეს, ჰეთ-თრიქი ლელა ჭიჭინაძის ანგარიშზეა, თეონა ბაქრაძემ კი, 7 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 10 ტურში, „ნიკეს" მეკარემ, თამარ ნადირაშვილმა, მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.


ტურის დანარჩენ შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

„გორი იუნაიტედი" - „კვარტალი" 1-2

„ზარზმა" - „სამეგრელო" 0-0

„ბათუმი"- „ნორჩი დინამო" 0-2

„დინამო სოხუმი" - „კოლხეთი" ხობი 0-1


ქალთა ლიგის მომდევნო ტური 11 ოქტომბერს გაიმართება. ამ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის „მართვე", თბილისის „ნიკეს" დაუპირისპირდება. არაა გამორიცხული, რომ სწორედ, ამ დღეს გამოვლინდეს, ქვეყნის 2020 წლის ჩემპიონიც.


გათამაშების ცხრილი და დარჩენილი ტურების კალენდარი იხილეთ ბმულზე.