ახალგაზრდული გორში დამარცხდა
ახალგაზრდული გორში დამარცხდა
09.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა. ევროპის, 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელშიც საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებების გარდა, საფრანგეთის, სლოვაკეთის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის გუნდები ასპარეზობენ, დასკვნით ეტაპზე თამაში უფლება, თეორიულად, დღევანდელ მატჩამდეც, უკვე განაღდებული ჰქონდა შვეიცარიის ნაკრებს. ქართველებთან მატჩამდე, შვეიცარიელებს, ფრანგებთან თანაბარი ქულები ჰქონდათ, თუმცა, ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე, ისინი ჯგუფში ლიდერობდნენ.


შესაბამისად, სტუმრებმა, საქართველოში, პოზიციის გამყარება და საჭირო ქულების აღება გადაწყვიტეს და საქართველოს ნაკრებს, 90 წუთის მანძილზე მოდუნების საშუალება არ მისცეს. პირველი, რეალური საგოლე მომენტიც, სწორედ მათ შექმნეს, როდესაც, ბურთი ქართველთა კარის ძელმა იხსნა. თუმცა, მალევე, ხარიხამ ამჯერად, შვეიცარიის ნაკრების კარი იხსნა.




გოლი, კი საქათველოს ნაკრების კარში, ჩვენი გუნდის უყურადღებო თამაშს მოჰყვა და 27-ე წუთზე, ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და თამაშის სადავეებიც ჩაიგდეს ხელში. ჩვენებს რაც რჩებოდათ, კონტრშეტევები იყო, თუმცა, კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.


ანალოგიური სცენარით განვითარდა მეორე ტაიმი, რომელშიც ჩვენებს, ალბათ, უფრო ზუსტნი, რომ ყოფილიყვნენ ანგარიშს გაათანაბრებდნენ და შემდეგ, არაა გამორიცხული, მოვლენები სხვაგვარადაც განვითარებულიყო. თუმცა, ხელიდან გაშვებული საგოლე მომენტების შემდეგ, ჩვენს კარში დანიშნული 11-მეტრიანი და სტუმრებიც, 69-ე წუთზე, ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ბოლო, მესამე გოლი კი, ჩვენების კარში 81-ე წუთზე გავიდა.




ჯგუფის ლიდერმა, რომელსაც კიდევ 3 მატჩი რჩება ჩასატარებელი (ლიხტენშტეინთან, აზერბაიჯანთან და საფრანგეთთან) საქართველოს, მეორე შეხვედრაც მოუგო, ამჯერად 0-3 (პირველი მატჩი შვეიცარიაში 2-1 დასრულდა მასპინძლების გამარჯვებით).


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მომდევნო თამაშს, ის კვლავ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს და მისი მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება. საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 13 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.