სომხებთან მატჩში, ვაისი იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, ვინც შანსის ამ მოლოდინში არიან
სომხებთან მატჩში, ვაისი იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, ვინც შანსის ამ მოლოდინში არიან
10.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები, კატოვიცეში, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. ვაისმა, სომხეთის წინააღდეგ, სათამაშოდ 25 ფეხბურთელი წაიყვანა. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებენ. გუნდთან ერთად არ იმყოფება, არც დავით ხოჭოლავა.


„ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.

 

წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

 



ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.


ის, რომ სომხეთთან მატჩში, განსხვავებით 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" გამართული შეხვედრისგან ცვლილებები იქნებოდა, ვაისმა, ბელარუსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ბუნებრივია, ვაისი არ საუბრობს თუ ვინ ეყოლება სომხებთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა, ის, რომ გიორგი ლორია შესაძლოა სხვა მეკარით ჩაანაცვლოს, ქართველთა მწვრთნელმა, იმავე პრესკონფერენციაზე დააანონსა.




„ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ", - ამბობს, გიორგი აბურჯანია.


სომხეთთან თამაშზე, მნიშვნელოვანი იქნება კონცენტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა", - ამბობს ლევან შენგელია.




შეგახსენებთ, რომ სომხეთ- საქართველოს დაპირისპირება, მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, უეფა-ს გადაწყვეტილებით ერევნის ნაცვლად, პოლონეთის პატარა ქალაქ ტიხიში, 11 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი, კორონა ვირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრის მთავარი მსაჯი ხორვატი ივან ბებეკი იქნება. მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


ასევე იხილეთ გუნდის შემადგენლობა




ლაშა კუპრაშვილის ფოტოები