
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, საქათველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სრულიად განახლებული შემადგენლობით ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, 8 ოქტომბრის თამაშის სასტარტო შემადგენლობიდან, მხოლოდ გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი იყვნენ. ბუნებრივია, 9 ცვლილება, არ არის სახუმარო საქმე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სათამაშო გამოცდილება და დრო აკლიათ, როდესმე ეს დრო უნდა მიეცეთ. ბუნებრივია, იმ გულშემატკივრისაც გვესმის, რომელიც მეზობელ სომხეთთან თამაშს, შესაძლოა, უფრო მეტ პრინციპულ დატვირთვას ანიჭებდა, ვიდრე, თუნდაც 14 ოქტომბრის მატჩს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ნაკრები (ამ შეხვედრაში პირობითი მასპინძელი იყო) სრული საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, დაპირებული სიურპრიზი, რომლითაც წინა დღით ქართველთა გაოცებას გეგმავდნენ, კაცნაკლული საქართველოს ნაკრებისთვის, მე-6 წუთზე გატანილი გოლი იყო და ისიც, იმიტომ, რომ დაცვის ხაზი (ბათუმის „დინამოს" მოთამაშეებით დაკომპლექტებული, რომელიც კონკრეტულ მომენტში მონაწილეობდა) ჩაწვა. ალბათ, ეს იყო, ის გამონაკლისი შეცდომა, რომელიც დღეს, საქართველოს ნაკრებმა, საკმაოდ სუსტი სომხეთის გუნდის წინააღმდეგ დაუშვა.
ის, რომ გამოუყენებელი საგოლე მომენტები, ჩვენი ნაკრებისთვის „აქილევსის ქუსლი" ხდება, ვერც ამ ფაქტს გავექცევით. ალბათ, ისევე, როგორც იმ გარემოებას, რომ რაც არ უნდა ვიძახოთ, განვლილი მატჩი და მის გამო გამოწვეული ეიფორია ჩავლილიაო, სადღაც, მისი კვალი მაინც ჩანდა. როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი კუთხითაც, რადგან, სწორედ პირველ ტაიმში, გაშვებული გოლის შემდეგაც კი, ჩვენ რამდენჯერმე შეგვეძლო სომხების კარის აღება. მაგალითად ვაკო, ყაზაიშვილს, შემდეგ, ეგრევე ნიკა კაჭარავას და ბოლოს, კვლავ, ყაზაიშვილს... სულ ბოლოს, სომხების კარი, ძელმაც იხსნა.
ამ ტაიმში, ბურთის ფლობაც, კუთხურებიც, კარში დარტყმაც საჩვენო იყო. სხვა თუ არაფერი, სომხებმა პირველი კუთხური, მხოლოდ 84-ე წუთზე მოაწოდეს. მოკლედ, კარგი სტატისტიკა, გვქონდა, მაგრამ ანგარიში სრულიად საპირისპირო, რომლის გამოსწორებაც, ნიკა კაჭარავამ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 25 წამში მოახერხა. ამის შემდეგ, ჩვენ გუნდი, კიდევ ცოტა ხანს დომინირებდა სრულად, თუმცა, ნელ-ნელა სომხებმა, მომენტებში თამაშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა, გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღეს. თორნიკე ოქრიაშვილს, მეორე თამაშია (თუ ბელარუსებთან გატანილ 11-მეტრიანს არ ჩავთვლით) ზედიზედ გააქვს გოლები. დღეს, მისი გოლის წყალობით, საქართველოს ნაკრები 74-ე წუთზე დაწინაურდა, 1-2 და ალბათ, რომ არა უიღბლობა, რასაც მატჩის მიწურულს მურთაზ დაუშვილის ხელით თამაშს მივაწერთ, შეხვედრას ლოგიკური დასასრული ექნებოდა. თუმცა, დღეს, ფორტუნამ ცოტა გვიმტყუნა.
ტრადიციულად, დღევანდელი მატჩი სტაბილურად კარგად ჩაატარა ჯაბა კანკავამ, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და 14 ოქტომბრის შეხვედრას გამოტოვებს. კარგი იყო გია გრიგალავა, რომელმაც ბევრი იმუშავა, თან სხვისი დაშვებული შეცდომებიც ასწორა. ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღეს, გიორგი აბურჯანიაც.
ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა, ახლა ეს ფურცელიც ისევე გადასაფურცლია, როგორც 8 ოქტომბრის შეხვედრის და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ, 2 უახლოეს მატჩზეა აქცენტები გასაკეთებელი.
***
აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში, ჩრდ. მაკედონია დღეს, ესტონეთში დაზავდა. შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩრდ. მაკედონიის გუნდმა, 5 ძირითადი მოთამაშის გარეშე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის, C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით, ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ლიდერობენ. გუნდები მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს, სკოპიეში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მატჩის სტატისტიკა
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








