ბოლო წუთებზე, ჩვენ დღეს 2 ქულა დავკარგეთ - ვლადიმირ ვაისი
ბოლო წუთებზე, ჩვენ დღეს 2 ქულა დავკარგეთ - ვლადიმირ ვაისი
12.10.2020
ავტორი: თ.ჯ.

პოლონურ ქალაქ ტიხიში გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს, რომელიც სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

 

ვლადიმირ ვაისი:

წინა მატჩის შემდეგ გუნდში ცხრა ცვლილება გვქონდა, გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა გაგვეტანა. გაშვებული გოლის შემდეგ დაწინაურება მაინც მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წუთებში დღეს ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ.


უნდა ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, კმაყოფილი ვარ თამაშით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა და მოგება შეგვეძლო. ამ თამაშის შემდეგ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიაში მივემგზავრებით, სადაც გიორგი აბურჯანია არ გვეყოლება, ის კლუბში ბრუნდება. ჯაბა კანკავა კი სკოპიეში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ცვლილებები მომდევნო შეხვედრაშიც იქნება.


ჩრდილოეთ მაკედონიასთან სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, მომდევნო თვეში კი ამ გუნდს უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალში შევხვდებით.




ნიკა კვეკვესკირი:

შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა.


გვქონდა შანსი, რომ  ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი.


ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში მივდივართ, იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ."


თორნიკე ოქრიაშვილი:

მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ავიღოთ სამი ქულა."




ნიკა კაჭარავა:

ნაკრებში გატანილი გოლი, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყვეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება.


რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.





შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში სომხეთის ეროვნულ ნაკრებს, ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღდეგ 14 ოქტომბერს გამართავს. მატჩი სკოპიეს ფილიპე II-ის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი