
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ლიგის, რიგით მე-5 გათამაშება დასრულდება. უკვე, ორი ტურით ადრე ნათელია, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, მეორედ თბილისის „ნიკე" მოიპოვებს. 11 ტურის შემდეგ, „ნიკე", ერთადერთი გუნდია ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაში, რომელსაც 11 მოგება აქვს და შესაბამისად, ქულაც არ დაუკარგავს. დიდი ალბათობით, თბილისელთა ქულადაუკარგავი სერია, რომ შეწყდეს, ამის 0.01%-ია, რადგან, გუნდს, სათამაშო, გათამაშების ბოლომდე, მხოლოდ აუტსაიდერ „მცხეთასთან" და „ბათუმთან" დარჩა (იხ. სატურნირო ცხრილი).
მნიშვნელოვანია, რომ „ნიკემ", რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წლის სეზონზე მოიგო, 2020 წლის გათამაშების დროს, თავის ორივე უშუალო კონკურენტი ქუთაისის „მართვეც" და „ლანჩხუთიც" ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხა. „ლანჩხუთს" 1-0 სძლია, ხოლო „მართვეს" გასვლაზე, 1-2 მოუგო.
საჩემპიონო ტიტულთან მისაახლოებელი 3 ქულაც, თბილისელებმა, სწორედ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოიპოვეს და ახლა, დარჩენილ 2 ტურში, 2 ქულაც ჰყოფნით, ტიტულის დასაბრუნებლად. თბილისელთაგან, ქუთაისურ მატჩში, დუბლის ავტორი თეონა ბაქრაძე გახდა. მასპინძლებმა, კი სტანდარტულის შემდეგ, ნიკელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლეს და ერთი გოლის გაქვითა მოახერხეს. ეს, ერთადერთი გოლი, „მართვეს" ამერიკელი ლეგიონერის, ლაურა ლებერის ანგარიშზეა, რომელმაც თითქმის ყველა ტურში მოახერხა გოლის გატანა.
აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ქალთა ლიგის გათამაშებაში, ქუთაისის „მართვე" ის გამონაკლისი ქალთა კლუბია, რომელსაც იმავე სტადიონზე აძლევენ თამაშის უფლებას, რომელზეც, იმერეთის მთავარი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო" თამაშობს.
ქალთა ლიგის გათამაშების მე-11 ტურში, „ლანჩხუთმა", როგორ მოსალოდნელი იყო „ზარზმა" დაამარცხა 19-0 და სატურნირო ცხრილში, „მართვეს" გადაასწრო. ამ მატჩში, 15 გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა და ქალთა ლიგის გათამაშებებში, ახალი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ამ სტატუსით უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს თამაში. წილისყრა უეფაში 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული და სწორედ, ამ დღეს გაირკვევა ვინ იქნება ქართული გუნდის მეტოქე. შეგახსენებთ, რომ წელს, კოვიდ რეგულაციების გამო, უეფამ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფორმატიც შეცვალა და ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ნაცვლად, რომელიც მინი ტურნირების სახით იმართებოდა ხოლმე, წელს ერთ რაუნდიან, ორ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ასე, რომ არაა გამორიცხული, ქართულმა კლუბმა, ქალთა საკლუბო ტურნირის თამაში სახლშიც ჩაატაროს.
ტურის დანარჩენი შეხვედრების ანგარიშები:
„კვარტალი" - „მცხეთა" 13-0
„კოლხეთი ხობი" - „გორი იუნაიტედი" 3-2
„ნორჩი დინამო" - „ივერია" 7-0
„სამეგრელო" - „დინამო სოხუმი" 1-2
„თუშეთი" - „ბათუმი" 0-7
ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მე-12 ტური, 15 ოქტომბერს გაიმართება.





ჩვენ








