საქართველოს ახალგაზრდულმა აზერბაიჯანს მეორეჯერაც მოუგო
საქართველოს ახალგაზრდულმა აზერბაიჯანს მეორეჯერაც მოუგო
13.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა მატჩში. რამდენიმე დღის წინ,  ამავე სტადიონზე, შვეიცარიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობაში რიგი ცვლილებები შეიტანა. ვატო არველაძე კი, რომელიც წინა შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, დღეს საერთოდ არ იყო ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში.


მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა საქართველოს ნაკრების მხარეს იყო, ძირითადად მე-18 წუთამდე ბექა დარცმელიას ორი დარტყმა იყო კარის მიმართულებით. რეალური საგოლე მომენტი კი, 37-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კართან შეიქმნა, როდესაც, გიორგი მამარდაშვილმა, აზერბაიჯანელთა საკმაოდ ძლიერი და ეფექტური დარტყმა მოიგერია. გოლი, კი 43-ე წუთზე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ნაკრების კარში მაინც გავიდა. დარცმელიას დაწყებული კომბინაცია, ლუკა ლაკვეხელიანმა გააგრძელა და გიორგი გულიაშვილის გოლმა დაასრულა. ისევე, როგორც ამ გუნდების პირველი შეხვედრის დროს, რომელიც ქართველებმა გასვლაზე 0-3 მოიგეს, ახლაც პირველი ტაიმი ჩვენს სასარგებლოდ, 1-0 დასრულდა.


მეორე ტაიმში, ვასილ მაისურაძის გუნდის უპირატესობა უფრო გაიზარდა. კარის მიმართულებითაც იყო რამდენიმე დარტყმა, თუმცა, რეალური საგოლე შანსი ანრი მექვაბიშვილმა, 62-ე წუთზე გაიშვა ხელიდან. ამ მომენტში, აზერბაიჯანელთა მეკარის იბრაჰომოვის კარგი თამაშიც უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც დღევანდელ მატჩში, რამდენჯერმე აშკარა გოლისგან კარის დაცვა მოახერხა. კიდევ ერთი მსგავსება ამ გუნდების პირველ შეხვედრასთან ის იყო, რომ დღესაც, აზერბაიჯანელები 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ მეორე ტაიმის დასასრულისკენ. თუმცა, ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა, მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა და თამაში 1-0 დასრულდა.


მატჩის სტატისტიკა


საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მომდევნო შეხვედრას, 12 ნოემბერს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს ჩვენი გუნდისთვის ამ ციკლის ბოლო შეხვედრა იქნება და წარმატების შემთხვევაში, ჩვენ ჯგუფში მე-3 საფეხურზე ვიქნებით. დიდი შვება ვერაფერი, მაგრამ შვეიცარიისა და საფრანგეთის საკმაოდ ძლიერი გუნდების შემდეგ, ჯგუფში, მესამე ადგილიც ხეირია.


ჩვენს ჯგუფში გუშინ და დღეს, გამართულ შეხვედრებში შემდეგი ანგარიში დაფიქსირდა:

საფრანგეთი - სლოვაკეთი 1-0

შვეიცარია - ლიხტენშტეინი 3-0


სატურნირო ცხრილი