
ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონი, ოფიციალურად 20 ოქტომბერს დასრულდება. სწორედ, ამ დღეს დაიწყებს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშისთვის მზადებას, რომელსაც 27 ოქტომბერს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრაში, მონაწილეობას ტატა მატვეევაც მიიღებს, რომელმაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ესპანეთში დაბრუნება ვეღარ მოახერხა და საკლუბო კარიერა ქართულ ჩემპიონატში გააგრძელა. თავიდან, „ნიკეში" მწვრთნელის ფუნქცია შეითავსა, შემდეგ კი, მოთამაშე მწვრთნელად მოგვევლინა. სწორედ, „ნიკესთან" ერთად, ტატას რამდენიმე ნაბიჯი აშორებს საქართველოს ჩემპიონობისგან. იმ შემთხვევაში, თუ 15 ოქტომბერს, „ნიკე", გათამაშების აუტსაიდერის „მცხეთის" დამარცხებას მოახერხებს, გუნდი, ხვალვე იზეიმებს ჩემპიონობას. უკვე ოფიციალურად, რადგან 12 თამაშიდან 12 გამარჯვება ექნება და მინიმუმ 5 ქულით წინ იქნება, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უშუალო მდევრისგან, ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონისგან „ლანჩხუთისგან".
„კორონას გამო, ჩემი აქ დარჩენის შემდეგ, „ნიკეში" დავიწყე თამაში და მწვრთნელობა. ეს ყველაფერი, ჩემთვის სიურპრიზი იყო და არც ველოდი და არც ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა. წასვლას ვაპირებდი ესპანეთში, თუმცა, ვაღიარებ, რომ აქ, ძალიან სასიამოვნოდ ჩავატარეთ ეს სეზონო. ეს ჩემპიონატი, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის „ნიკეში", დიდი გამოცდილების მომცემი იყო. ამ ამპლუაში ყოფნა, იმიტომაც იყო სასიამოვნო, კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობაზე ვფიქრობ, თუმცა, ამ ეტაპზე ნაადრევად მომიწია ამის გაკეთება. კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი. პარალელურად, ვთამაშობდი კიდევაც და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მოთამაშე მწვრთნელის ამპლუაში. ვფიქრობ, ასე, მომავალშიც გავაგრძელებ" , - ამბობს ტატა მატვეევა, TSFF.GE-სთან საუბარში.

სხვათა შორის, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, კიდევ რამდენიმე ქართველმა ქალმა ლეგიონერმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა უცხოეთში, საკუთარ კლუბებში წასვლა. შესაბამისად, ისე მოხდა, რომ „ნიკეში" ტატასთან ერთად თურქეთში მოთამაშე თამარ ტატუაშვილი, ლელა ჭიჭინაძე და თეონა ბაქრაძეც აღმოჩნდნენ. ქალთა ლიგის შესვენების დროს, „ნიკეში" რომელმაც 2019 წლის სეზონზე ჩემპიონის ტიტული „ლანჩხუთს" გადაულოცა, რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. შესაბამისად „ნიკემ" შევსება დაიწყო და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ზემოთჩამოთვლილთა გარდა, ეროვნული ნაკრების კიდევ რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი დაიმატა, მაგალითად ნათია სხირტლაძე, ანა პოღოსიანი, ანა ზაქაიძე და თამარ ნადირაშვილი - მეკარე, რომელსაც ტრავმის, ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციის გამო, საკმაოდ დიდი დროის გაცდენა მოუხდა.
„ჩვენ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით ფეხბურთელების ნაკლებობის მხრივ. სულ 13 მოთამაშე მყავდა. ისე დავიწყეთ ჩემპიონატი, რეალურად სკამზე, შემცვლელიც რეალურად არ გვყავდა. თუმცა, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი გუნდურობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომითა და მიზანდასახულობით, იმ შედეგს მივაღწიეთ, რაც დასახული გვგქონდა - ჩემპიონობა. დღეს, თითოეული ფეხბურთელით მეამაყება. მათ ყველაფერი გააკეტეს წარმატებული სეზონისთვის და შედეგისთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ასევე მინდა აღვნიშნო, გივი კვარაცხელიას ძალიან დიდი მხარში დგომა, რომელმაც გუნდისთვის ყველაფერი საჭირო გააკეთა და იმაზე მეტიც ვიდრე ველოდით, რაც წარმატებას მოგვიტანდა. გუნდის სახელით, მას ყველა ერთად ვუხდით მადლობას. მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ ჩვენ, ერთი პატარა ოჯახი ვიყავით, რამაც საბოლოო წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. მადლობა ყველას", - ამბობს მატვეევა.

ბუნებრივია, როდესაც ტატა მატვეევას ელაპარაკები და წინ სანაკრებო თამაშია, არ შეიძლება არ ჰკითხო, თუ როგორ არიან „ნიკეში" მოთამაშე და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები, მომავალი მატჩისთვის მზად. ასეთი კი, ტატას ჩათვლით „ნიკეში" კიდევ 5 ფეხბურთელია - თამარ ნადირაშვილი, თამარ ტატუაშვილი, თეონა ბაქრაძე, ლელუ ჭიჭინაძე და ლიზი მწყერაშვილი.
„ნაკრებში გამოძახებული „ნიკეს" ფეხბურთელები, ვფიქრობ, კარგ ფორმაში არიან. ისინი, მზად არიან ეროვნული გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯონ ჯერ ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ და სხვა გუნდებთანაც, იმედი მაქვს, ასე იქნება. ყველა მზად და შემართებით ნაკრებისთვის. წარმატება ყველას", - ამბობს ტატა მატვეევა.
შეგახსენებთ, რომ 15 და 19-20 ოქტომბერს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების ბოლო ტურებია დარჩენილი. თუმცა, ხვალ 15 ოქტომბერს, „მცხეთისა" და „ნიკეს" დაპირისპირების შემდეგ, დიდი ალბათობით, ტატა მატვეევას გუნდი, ოფიციალურად „გაიფორმებს" ჩემპიონობას.





ჩვენ








