არა საგანგაშო, მაგრამ გულდასაწყვეტი - ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება!
არა საგანგაშო, მაგრამ გულდასაწყვეტი - ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება!
15.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები მთავარი ბრძოლისთვის ემზადებიან, რომელიც თბილისში, 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე" გაიმართება. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე ორივე გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მე-4 სათამაშო ტურში ისინი ძალებს არ დაიშურებდნენ, მინდორზე ეს არ ჩანდა.


მაყურებლის გადმოსახედიდან, გუნდები, უბრალოდ კარგად ზვერავდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ, ამ შემადგენლობით, თუ სხვა შემადგენლობისთვის დამახასიათებელი, სისუსტეები დაეჭირათ. ალბათ, ეს, 12 ნოემბრის მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ასეც უნდა მომხდარიყო. ამიტომ, საქართველოს ნაკრების თამაშს, ძალიანაც არ განვიკითხავთ. მითუმეტეს, რომ გუნდი, კვლავ, ჩვენის მოსაზრებით ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო, რაც ნაწილობრივ, შექმნილი სიტუაციითაც იყო ნაკარნახები (ტრავმირებული ოქრიაშვილი, და „გაყვითლებული" კანკავა, რასაც დღეს მატჩის დასაწყისში კიტეიშვილის ტრავმაც დაემატა). არც, ვლადიმირ ვაისის მიერ, ბოლოს გაკეთებული ორმაგ ცვლილებას შევეხებით (რომელიც რომ არ გაეკეთებინა და პენალტი მაინც დაედოთ, ვიტყოდით, რომ შეეცვალა დრო გავიდოდაო), რომელსაც რეალურად 11-მეტრიანი მოჰყვა ჩვენს კარში. ბუნებრივია, ყველა ცვლილება მწვრთნელის გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ ახლადშემოსულება, უბრალოდ „დალაგება" ვერ მოასწრეს.


გულდასაწყვეტია, როდესაც მეორე თამაშია ზედიზედ, ქულებს, 11-მეტრიანის გამო კარგავ. თან, თითქმის იდენტურ სიტუაციაში. თუმცა, დამღლელი 7-დღიანი მარათონის შემდეგ, არც ეს შედეგია ურიგო. მითუმეტეს, რომ მთავარი მატჩი, 12 ნოემბერს გველის, სადაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ჯანმრთელად გვეყოლება და ამიტომ, ყურების ჩამოსაყრელად დრო, უბრალოდ არ გვაქვს.


და მაინც, რამდენიმე სიტყვით დღევანდელ მატჩზე - ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი არასანახაობრივი, ხისტი, ცოტა უხეში და ცოტაც მოსაწყენიც კი იყო. თავდაპირველად, თითქოს ბურთი დავიჭირეთ, უპირატესობა ჩვენი იყო, პირველი კუთხურიც მივიწერეთ და კარის მიმართულებითაც დარტყმა, მაგრამ გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრში თამაშობდნენ. თუმცა, დაახლოებით 33-ე წუთიდან სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. მასპინძლებმა ჯერ გაათანაბრეს ბურთის ფლობის მხრივ სიტუაცია, მერე ლორიას კარში დარტყმაც კი, გაბედეს. 42-ე წუთზე კი, პანდევის თავური დარტყმის შემდეგ ჩვენ გოლს გადავურჩით. რეალურად, ამ ტაიმში, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოვახერხეთ ჩრდ. მაკედონიელთა კარის მიმართულებით დარტყმა.


მეორე ტაიმიც თითქმის იგივე სცენარით განვითარდა, თუ არ ჩავთვლით, ბუბა დაუშვილის გასროლა 49-ე წუთზე და შემდეგ 54-ეზე უკვე გიორგი ლორიას სეივს, რომლის შემდეგაც, საქართველოს ნაკრებმა, უფრო გაბედა შეტევაში გადასვლა. ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, ნიკა კვეკვესკირის კარგად გაჭიმულ პასს, საბა ლობჟანიძემ მოუნახა გაგრძელება, რასაც საბოლოოდ, ჩრდ. მაკედონიელთა მეკარის გაძევება მოჰყვა. აი, ამ მომენტში ვაისის ცვლილებებმა კი, გაამართა. შეცვლაზე შემოსული ნიკა კაჭარავას პირველივე შეხების შემდეგ, ჩრდ. მაკედონიელთა კარი გოლისგან ძელმა იხსნა. აი, მომდევნო მომენტში კი, ასევე შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, დამკის ფიგურებივით მიაწყო მასპინძელთა მცველები და ულამაზესი გოლით საქართველოს ნაკრები დააწინაურა 0-1. ალბათ, საქართველოს ნაკრებს, ანგარიში, რომ გაეზარდა, 10 კაცით დარჩენილი მასპინძლები, მატჩის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.


ვლადიმირ ვაისს, არასდროს მსაჯების მიმართ აუგი არ უთქვამს. რაოდენადაც არ უნდა შემცდარიყვნენ მსაჯები, საქართველოს ნაკრების საზიანოდ, ქართველთა მწვრთნელი, ახერხებს იყოს დიპლომატი და არც დღევანდელ, 92-ე წუთზე გამოგონილ პენალტზე იტყვის რამეს, თუმცა, ალბათ, ამ გარემოების აღნიშვნაც საჭიროა, ჩვენის მხრიდან. ასეა თუ ისე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჩვენ 2 ქულა დავკარგეთ. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. თუმცა, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგაზე, მეორე სეზონია, კვლავ აგრძელებს წაუგებელ სერიას და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში, მთავარი მატჩისთვის ემზადება.