„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრა კორონა ვირუსის მიზეზით გადაიდო
„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრა კორონა ვირუსის მიზეზით გადაიდო
18.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მატჩი, პირველად   კორონა ვირუსის მიზეზით გადაიდო. ელიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-13 ტურის ბოლო მატჩის, რომელიც „ლოკომოტივისა" და „დინამო თბილისს" შორის, მიხეილ მესხზე 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადადების შესახებ განცხადება თამაშის დაწყებამდე 3 საათნახევრით ადრე გააკეთა.


„კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

 

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება" - ნათქვამია ელიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თუმცა, გვერდი არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად რომელ გუნდში დაფიქსირდა კორონა ვირუსის შემთხვევა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის აკადემიის" გუნდმა აკადემიის 2 წარმომადგენლის კორონა ვირუსით დაინფიცირების შესახებ, სოციალური ქსელით ოფიციალურად განაცხადა და ამ გარემოებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, დღეს, კლუბში აცხადებენ, რომ ამ დღევანდელი ინფორმაციით, არც აკადემიაში და არც კლუბში, კორონა ვირუსით ინფიცირებული არ არის. შესაბამისად, დღეს კლუბი სრულ მზადყოფნაში იყო თამაშისთვის. რაც შეეხება აკადემიას, იქ სასწავლო-სამწვრთნელო პროცესი უახლოეს ხანში განახლდება.


რაც შეეხება დღევანდელი გადადებული მატჩის მასპინძელ, თბილისის „ლოკომოტივს", ჩვენი გვერდისთვის ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი იყო, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბის 2 წარმომადგენელს, რომელთა ვინაობაც ჩვენ ვიცით და შეგნებულად არ ვასახელებთ, COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი იყო. ამის შემდეგ, კლუბსა და აკადემიაში, კვლავ ჩატარდა ტესტირება. თუმცა, როგორც კლუბის წარომადგენლები აცხადებენ, უკვე აღნიშნული შემთხვევების გარდა, უშუალოდ მთავარ გუნდში მეტი შემთხვევა დაინფიცირების არ დაფიქსირებულა. თუმცა, კორონა ვირუსი „ლოკომოტივის" აკადემიის თანამშრომელს დაუდასტურდა.


ელიგის გათამაშებაში 13 ტურის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი"  11 თამაშითა და 22 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 12 თამაშში, 19 ქულა აქვს „ლოკომოტივს", რომელიც მე-5 პოზიციაზეა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს 2020 წლის 3 ივლისს დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა.