ირაკლი ძარიამ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
ირაკლი ძარიამ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
19.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის „ტორპედოსა" და თბილისი „მერანს" შორის, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის 35-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი, ირაკლი ძარიასათვის, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასასრული აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ 17 ოქტომბრის შემდეგ, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ დაფიქრდა.


„საკმაოდ მტკივნეული ტრავმა გამოდგა. კოჭი მუხლში ამოვიდა. ტომოგრაფიაზე გამოჩნდება რამდენად სერიოზულია. თუმცა თუ ჩაწყვეტილია, დავამთავრებ ამას", - ამბობს ირაკლი ძარია TFSS.GE-სთან საუბარში. „დაზიანება ცოტა მძიმეა, რადგან უკვე მესამე დღეა და ვერ დავდივარ. რენტგენი გადავიღე და მოტეხილობა არაა. ოდნავ, რომ ჩამიცხრება დასიება, ტომოგრაფიას მხოლოდ, მერე გადავიღებ, რომ ნახონ იოგები როგორ მდგომარეობაშია. იმედია, არ იქნება მძიმე ტრავმა და შევძლებ, სეზონის ბოლომდე დაბრუნებას, რათა „ტორპედოს" დავეხმარო. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება".


31 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა და ეროვნული ლიგის 6 შეხვედრა ჩაატარა. თბილისის „მერანთან" მატჩში, მან ტრავმა მიიღო და მინდორი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ტრავმის ხარისხიდან გამომდინარე, ძარია, აქტიური ფეხბურთიდან წასვლას ან დარჩენას გადაწყვეტს. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ყველა ვარიანტში ის, ფეხბურთში დარჩება. „ამ შემთხვევამდე, დანებებაზე თავი არ მიფიქრია, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი დარჩენა აუცილებლად მინდა", - ამბობს ძარია,


მე-13 ტურის შეხვედრა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე, „ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო და ფლეი-აუთის ზონას ოდნავ მოშორდა. 13 ტურის შემდეგ, „ტორპედოს" 16 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.


„ტორპედოს" ფოტო