სოლო ასვლა ახალი გზით თეთნულდზე!
სოლო ასვლა ახალი გზით თეთნულდზე!
20.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სვანეთში, თეთნულდის ჩრდილო დასავლეთ კედელზე უკვე არსებობს კიდევ ერთი ახალი მარშრუტი, ყინულით და კლდით კომბინირებული მიქსი. მისი გავლა და თანაც სოლო ასვლების კატეგორიიდან თემურ ქურდიანმა მოახერხა.


„დიდი ხნის წინ დასახული მიზანი იყო, აღნიშნული მარშრუტი გამეარა მარტო, მეწყვილის და ყველანაირი დაზღვევის გარეშე მხოლოდ საცოცი ინსტრუმენტებით და წრიაპებით. სიტყვებით, იმ ემოციების გადმოცემა ძნელია რასაც მარშრუტის გავლისას განვიცდიდი. ყველა ნაბიჯი რომელიც მარშრუტამდე მიახლოებისთვის იყო  გადადგმული ფიქრებს მიმძაფრებდა თუ რა მოხდებოდა მთაზე", - ამბობს თემურ ქურდიანი.


აღნიშნული მარშრუტის ტექნიკური მახასიათებლებია: მარშრუტის ვერტიკალი 700 მეტრია. ის, 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პლატოდან იწყება და მწვერვალთან მიახლოებულ ქედზე 4700 მეტრ სიმაღლეზე მთავრდება. არის,  დაახლოებით 70-80 გრადუსამდე დახრილობის ყინულის ფერდებისგან, 90 გრადუსით დახრილობის გრანიტის 200 მეტრის სიმაღლის კლდისა შემდგარი. რამდენიმე ადგილას, 2- 3 მეტრიან უარყოფითი კედელიც არის.  


„16 ოქტომბერს, მარშრუტზე წასვლის დილაც გათენდა. ზურგჩანთა მოვიკიდე ორივე ინსტრუმენტი ხელებში დავიკავე და ყველა ნეგატიური შთაგონება გაჩუმდა! არ ისმოდა არანაირი ხმებიც. სოლო ასვლაზე რა თქმ აუნდა არ არსებობს შეცდომის უფლებაც. წამი საკმარისია, რომ დასრულდეს ყველაფერი დახრილ ყინულებზე და შვეულ კლდეებზე, თუმცა რამდენიმე შემთხვევაც იყო, რაზეც შეიძლება ვერ ვთქვა რომ უბრალოდ გავრისკე და გამომივიდა, უფრო გამიმართლა! ვფიქრობ მთას ვუყვარვარ!", - ამბობს თემური.




23 წლის ქუთაისელი მთამსვლელი, მეორე ბანაკიდან მარშრუტის გავლას 4 საათს მოუნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, საკმაოდ რთული მარშრუტი საკმაოდ ტექნიკურად იარა და მწვერვალზე 16 ოქტომბერსვე ავიდა.


„ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა მეგობრების ყოფნა მთაზე , ნიკა ლებანიძე და მიშკა ხორგუანი კლასიკურ მარშრუტს გადიოდნენ ამავე დროს. რატი რატიანი კი, ბანაკში გველოდებოდა, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს", - ამბობს თემური.


მოგეხსენებათ, ალპინიზმი ძირითადად უმაყურებლო სპორტია. შესაბამისად, ასვლების შესახებაც ინფორმაცია, როგორც წესი, მწვერვალიდან დაბრუნების შემდეგ ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაციაც, TSFF.GE-მ მთამსვლელის სოციალური ქსელიდან შეიტყო. დიდი ალბათობით, თემურ ქურდიანის ასვლა, ქართული ოქროს წერაყინის ჟიურის წევრთა განხილვის საგანიც გახდება 2020 წლის მიწურულს, რომელიც კორონა ვირუსისა და აქედან გამოწვეული მთელი რიგი სპორტის სახეობების პარალიზები ფონზე, ქართული ალპინიზმისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

 


ნიკა ლებანიძის ფოტოები