
საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო 2 მატჩს დღეს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველი შეხვედრა დასრულდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "ტიტებმა" ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის "ცხუმ-აფხაზეთს" 87:71 (სტატისტიკა) სძლია.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს უფრო მის პირველ ნახევარზე ითქმის, რომელიც "ცხუმ-აფხაზეთმა" 41:39 მოიგო. მესამე პერიოდში ტიტების მოთამაშეებმა გარდატეხა მოახდინეს, რაც თეიმურაზ ბაბუნაშვილის, აკაკი ლომოურისა და დავით ლომიძის გააქტიურებას მოჰყვა. ტიტების ამერიკელი ლეგიონერები მანამდეც შედეგიანად ირჯებოდნენ, თუმცა როცა მათ ქართველებმაც აუბეს მხარი, მარკოიშვილის გუნდს აღარ გასჭირვებია.
მესამე პერიოდის 29:17 მოგების შემდეგ ტიტებმა 10-ქულიანი, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში დავით ლომიძემ 12 ქულა მიითვალა, რითაც ტიტების სოლიდურ დაწინაურებას დაუდო სათავე და თამაში ისე ჩამთავრდა, "ცხუმ-აფხაზეთს" ვითარების გამოსწორების შანსი არც მისცემია.
მთლიანობაში ტიტებმა გუნდურად ითამაშა და საბოლოოდ 6 კალათბურთელს სარგებლიანობის თითქმის თანაბარი კოეფიციენტი დაუგროვდა. 20 ქულით ბომბარდირი ტაილან ბერტსი გახდა, 18 ქულა და 8 მოხსნა ჯორდონ თალიმ მიითვალა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე.
მატჩის დაწყებამდე ტიტების ყოფილი მოთამაშე, ბესიკ ლეჟავა 70-ნომრიანი მაისურით კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა სათამაშო კარიერას თავი დაანება და ტიტებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად აგრძელებს მუშაობას.

სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩში "ოლიმპი" "დინამო თბილისს" დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით - 77:67 (სტატისტიკა) დასრულდა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მიმდინარე სუპერლიგის ფავორიტთა რიგებს განეკუთვნებიან და შეხვედრაც საკმაო ინტერესს იწვევდა.
საბოლოოდ დინამოელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რაც მათი გუნდური თამაშის და დაბალანსებული შემადგენლობის დამსახურებაა. მაკედონიელ მწვრთნელ, მუჰამედ ტაჩის ყველა პოზიციაზე საიმედო კალათბურთელები ჰყავს, რაც ამ მატჩში იმის გარანტია აღმოჩნდა, რომ პირველ პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა დინამოელებს ბოლომდე შეენარჩუნებინათ.
პირველი პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო, რის შემდეგაც "ოლიმპმა" წამოიწყო თამაშის გათანაბრებაზე ზრუნვა, რაც პერიოდულად გამოსცდიოდა და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა დაწინაურება ვერ მოახერხა. მესამე პერიოდის შუაში ოლიმპელებმა მინიმუმამდე შეამცირეს დეფიციტი, მაგრამ დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით კვლავ დაიბრუნეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
დინამოელებს ამერიკელმა ახალწვეულმა, ტრეივონ რიდმა და ახალგაზრდა ნიკა დარბაიძემ ულიდერეს. 218 სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დარბაიძის ანგარისზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. დინამოელთა ბომბარდირი ახალგაზრდა ლაშა მიქელაძე გახდა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 13 ქულა მიითვალა ლუკა ბულაშვილმა. ოლიმპში 19 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ბუნდუ აბდულაი, 15 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მოერე ტური 24 და 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.





ჩვენ








