
შოტლანდიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს „მარიფილდზე" გამართულ გასახურებელ ტესტ-მატჩში დამსახურებულად, 48:7 სძლია.
ეს იყო საქართველოს ნაკრებისა და მის შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების თითქმის ნახევრისთვის პირველი მატჩი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ. უთამაშებლობა მორაგბეებზე მკვეთრად აისახა, განსაკუთრებით ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან და დაცვაში ინდივიდუალური შეცდომები დაუშვეს, რაც მეტოქემ არ გვაპატია - ჯამში 192 ბოჭვიდან 27 გაგვიფუჭდა.
გარდა ამისა, შოტლანდია სრულად დომინირებდა მოლში, გვავიწროვებდა შერკინებაში, დერეფანსა და რაქებში. პრობლემები გვქონდა დისციპლინაში და საწყის 25 წუთში 7-ჯერ დავჯარიმდით, სულ კი 16-ჯერ. შედეგად, შოტლანდია ტერიტორიულ (77/23) და ბურთის ფლობის (70/30) დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ქულებში ასახა.
მატჩის შემდეგ
შოტლანდიასთან „მარიფილდზე" გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.
პირველი კითხვებს შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა უპასუხა, რომელიც 48:7 მოგებით და საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:
„პერიოდულად ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. თავს კარგად ვიცავდით და ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო. გამოსასწორებელი ბევრი რამაა, თუმცა ეს პირველი თამაში იყო უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში".
„ჩვენი ფორვარდები მეტოქეს შერკინებაში დაჯარიმებას აიძულებდა და დომინირებდნენ მოლში, რაც კარგი სანახავი იყო. კარგი იყო ისიც, რომ დასკვნით 10-15 წუთში თამაში გავაუმჯობესეთ და ასე იყო პირველი ტაიმის მიწურულსაც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიჭები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან".
თამაში შეაფასა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეტოქე დომინირებდა:
„რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა".
„მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ".
„ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".
23 ოქტომბერი
ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი
შოტლანდია - საქართველო 48:7
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.
1 ლელო: ტაბუცაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 სინბინი: აფრასიძე
დაწვრილებით იხილეთ ბმულზე
ფოტო: Ian Muir





ჩვენ








