ოლიმპიურში სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები დაიწყო
ოლიმპიურში სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები დაიწყო
24.10.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური 24 და 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კვირას 2 მატჩია დაგეგმილი, დღეს კი ოლიმპიური სასახლე 3 შეხვედრას მასპინძლობს.


***


სუპერლიგაში პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა. "ოლიმპისა" და "ქუთაისის" თბილისურ დაპირისპირებაში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. დამატებით 5-წუთეულში ლეგიონერების დუელში  "ქუთასის" უცხოელებმა იძალეს და იმერულმა კლუბმა მეორე გამარჯვება მოიპოვა - 105:100 (სტატისტიკა).


ლეგიონერთა დუელი იმის გამო ვახსენეთ, რომ  დამატებით ხუთწუთეულში, როცა ყველა გადაღლილი იყო და პოზიციურ თამაშზე მეტად ინდივიდუალური ოსტატობა ჭრიდა, მანამდე ისედაც აქტიურმა ლეგიონერებმა მთლად საკუთარ თავზე აიღეს თამაში. ლიუკ მოიერის, კაჰიმ რენსომისა და დეჟუან რაიტის შორი სროლები გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ ტრიოს ილია ლონდარიძისა და გიორგი ბარბაქაძის შედეგიანი გაელვებაც დაემატა და "ქუთაისმა" გამარჯვება გაინაღდა.


არადა, "ოლიმპმა" საკმაოდ კარგად ითამაშა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. როცა აკაკი ფიფიამ მესამე პერიოდის შუაწელში სამქულიანი ჩააგდო, "ოლიმპი" 63:46 დაწინაურდა. ბოლოსწინა პერიოდში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა თითქმის გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა ქუთაისელები არ დანებდნენ და როცა პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოაცილეს, წარმატების რეალური შანსი გაუჩნდათ.


მედგარი დაცვა და სწრაფი, იმპროვიზებული შეტევები - ეს იყო ქუთაისელთა იარაღი, რისი წყალობითაც ბოლო პერიოდში ოლიმპელთა სოლიდური ლიდერობა მთლიანად გაბათილდა. ბოლო წუთზე ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ ვერც ქუთაისელმა ლიუკ მეიერმა და ვერც ოლიმპელმა ლუკა კალატოზიშვილმა გადამწყვეტი სროლები ვერ ჩააგდეს - 89:89.


დამატებით ხუთწუთეულში კი ქუთაისელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მატჩის ბედი სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა. გამარჯვებულებს 33 ქულით დეჟუან რაიტმა ულიდერა. 21 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი კაჰიმ რენსომმა, ხოლო 16 ქულა ლიუკ მოიერმა მიითვალეს. "ოლიმპში" 28 ქულით საუკეთესო იყო ტომპსონი. 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა დევანტე ფოსტერს. 16 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა კალატოზიშვილმა.



"რუსთავი 1991", რომელიც პირველ ტურში ისვენებდა, თბილისურ "ვერას" შეხვდა და დამაჯერებელი სხვაობით - 99:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.


რუსთაველთათვის ეს გახლდათ პირველი მატჩი მიმდინარე სუპერლიგაში. შესაბამისად, ქვემოქართლურ გუნდს ცოტა დრო დასჭირდა, რომ მეტოქის თამაშისთვის ალღო აეღო და სათავისო შედეგი დაეფიქსირებინა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა "ვერამ", რომელიც კვლავ ულეგიონეროდაა, სწორი ტაქტიკური თამაშით პირველი პერიოდი 20:13 მოიგო. ზონურმა დაცვამ შედეგი გამოიღო და ვერელები ხელჩასაჭიდად დაწინაურდნენ, რასაც რუსთაველთა მწვრთნელის, ანატოლი ბოისას წუთშესვენება და ტაქტიკური გადაადგილებები მოჰყვა.


მეორე პერიოდში ვითარება ქვემოქართლელთა სასარგებლოდ შეიცვალა. სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით რუსთაველებმა მეტოქის ზონურ დაცვას ეფექტი დაუკარგეს. მალიქ უაითი და მაიკ დევისი შეუჩერებლები იყვნენ და იმდენი ბურთი ჩააგდეს, დიდი შესვენებისთვის უკვე ქვემოქართლელები იგებდნენ 7 ქულით.


უაიტმა ქულებთან ერთად პასებიც ბლომად აგროვა. საბოლოოდ მან შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი - 22 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. 24 ქულა ჰქონდა მაიკ დევისს, 13 - გუგა პატაშურს, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილმა 11-11 ქულა-მოხსნა მიითვალა. "ვერაში" 26 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია. 14 ქულა და 9 პასი ჰქონდა გივი ბაქრაძეს, ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.



"ცხუმ-აფხაზეთმა" სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლზ ჩერეზიშვილის გუნდმა საკმაოდ სოლიდურ "კაკტუსს" მოუგო. 3 ლეგიონერით გაძლიერებულმა კაკტუსელებმა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფიდან გააღწიეს, სუპერლიგის პირველ ტურში კი "მგზავრები" დაამარცხეს. ამ შედეგების გათვალისწინებით, არჩილ ჟღენტის გუნდი მოგების უფრო რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, ვიდრე ამ ეტაპისთვის მხოლოდ 1 ლეგიონერის მყოლი "ცხუმ-აფხაზეთი", რომელმაც პირველ ტურში "ტიტებთან" უშანსოდ წააგო.


შესანიშნავად ითამაშა "ცხუმ-აფხაზეთის" ახალგაზრდა ფორვარდმა ნიკა ჩეჩელაშვილმა, რომელმაც 24:33 წუთში 20 ქულა ჩააგდო. ზოგადად, "ცხუმ-აფხაზეთის" ყველა კალათბურთელი ძალიან მონდომებული იყო და გამარჯვებაში ყველამ სოლიდური წვლილი შეიტანა. 


თანაბარი თამაშის შემდეგ ცხუმ-აფხაზელთა უპირატესობა მესამე პერიოდში გამოიკვეთა, რომელიც დასკვნივ პერიოდში გამყარდა. ჩერქეზიშვილის გუნდმა 18-ქულიან ლიდერობას უწია და მიუხედავად იმისა, რომ დასრულებამდე 7 წუთი იყო, მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა - 75:63 (სტატისტიკა).


ჩეჩელაშვილთან ერთად გამარჯვებულთა შორის 19 ქულითა და 9 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა. 14 ქულა მიითვალა ნოდარ გოგოძემ, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. "კაკტუსში" 18 ქულით სამაი ჰეინს-ჯონსი გამოირჩა, ეი ჯეი სამბრის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.


***


სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 25 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:

დინამო - ბათუმი 13:00

თსუ - მგზავრები 15:30


შეგახსენებთ, რომ covid 19-ის რეგულაციების გამო სუპერლიგის თამაშები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე.