
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს, საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურის თამაშები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს. შესაბამისად, თითოეულ ტურში, თითო გუნდს, დასვენება უწევს. დღეს, „კაკტუსი" ისვენებდა. თუ როგორ წარიმართა შეხვედრები და რა შედეგებით დასრულდა, გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებულ მიმოხილვას.
„ოლიმპი" - „დინამო" 59-72
პირველი შეხვედრა დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის ლიდერები - დაუმარცხებელი „დინამო თბილისი" და 4 მატჩიდან მხოლოდ 1 წაგების მქონე „ოლიმპი" შეხვდნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ ოლიმპელებს შანსი ჰქონდათ, გამარჯვების შემთხვევაში დაკარგული ქულებით დასწეოდნენ „დინამოს", თუმცა კარგად დაბალანსებულ ევროსარბიელზე მოთამაშე ერთადერთ ქართულ გუნდთან ვერას გახდნენ.
დინამოელებმა პირველი და მეორე პერიოდი თანაბარი ანგარიშით - 19:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში დინამოელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა და სხვაობას სტაბილურად ინარჩუნებდა. „ოლიმპის" მოთამაშეები ცუდად არ ირჯებოდნენ, თუმცა ბევრად გამოცდილი „დინამო" მეტოქეს მიახლოვების შანსს არ აძლევდა და ასე გაილია მეორე ტაიმიც. ანგარიშში სხვაობა ერთხელ, ისიც მცირე ხნით ჩამოსცდა 10 ქულას.
საბოლოოდ დინამოელებმა 72:59 მოიგეს და 4-დან 4 გამარჯვებით სუპერლიგას ლიდერობენ. 13 ქულით გამარჯვებულებს კაილ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, 11 ქულა დაგროვდა ლევან გრძელიძის ანგარიშზეც. „ოლიმპში" და სრულიად მატჩში საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა მარკ ოგდენმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 10 მოხსნა, 9 პასი და 5 ქულა დაგროვდა.
„ზოგადად, „დინამოსგან" მიღებული 72 ქულა, არაა ცუდი შედეგი, მაგრამ როცა 26-დან 4 სამქულიანს ჩააგდებ, თამაშს ვერ მოიგებ. საერთოდ, ძალიან გასაკვირია, როგორ მოხდა, რომ დინამოელებმა 17 საჯარიმო ესროლეს და ჩვენმა, ახალგაზდა კალათბურთლებმა მხოლოდ - 5. ეს ჩემთვის გამოცანად რჩება. წავაგეთ იმიტომ, რომ ვერ ჩავაგდეთ ბევრი თავისუფალი სროლები", - განაცხადა ლეონიდ ივატინმა, „ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა.
„მგზავრები" - „ქუთაისი" 74- 85
ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „მგზავრები" და „ქუთაისი" დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს ცხრილში თანაბარი ქულები ჰქონდათ, თუმცა ქუთაისელებს - ერთით ნაკლები მატჩიდან. შესაბამისად, გამარჯვება ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ.
შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე პერიოდში „მგზავრებმა" რამდენჯერმე მოახერხეს მცირედით დაწინაურება. სტუმართა გუნდმა მეორე პერიოდის მეორე ნახევარში მატჩის სადავეები ხელთ იპყრო და თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.
სტუმრებმა შეხვედრა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. „ქუთაისმა" საბოლოოდ" 85:74 მოიგო, რაშიც 22 ქულით ლომის წილი გიორგი ბარბაქაძემ დაიდო. 18 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო აკაკი დვალიშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც ამ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა, 11 მოხსნა. „მგზავრებს" 19 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რატი ნუცუბიძისა და ბერნარ ნკალის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა.
„დღეს ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე მგზავრებს. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, იმედი მაქვს უფრო მოუმატებენ თამაშს", - ამბობს კოტე ტუღუში, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი.
„პირველ რიგში მინდა ღირსეული გამარჯვება მივულოცო მოწინააღმდეგეს. ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს და იმედი მაქვს გამოვასწორებთ. ფაქტიურად 3 თამაში გვიწევს კვირაში და ბიჭებისთვის ცოტათი რთულია. დღევანდელ თამაშში გვქონდა კარგი მომენტები, თუმცა ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. ვეცდებით უფრო მეტად მოვემზადოთ ინდივიდუალურად და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ", - ამბობს ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.

„სოხუმი" - „რუსთავი" 62 -94
„სოხუმისა" და „რუსთავის" მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. სტუმართა გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გაარკვია. საბოლოოდ კი რუსთაველებმა 94:62 მოიგეს და მომავალ ტურში „ბათუმთან" მატჩის წინ ოპტიმისტური განწყობა შეიქმნეს.შეხვედრა ქვემოქართლელთა გაქცევით დაიწყო. საწყისი 2 წუთის შემდეგ სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ და სოხუმელთა მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ წუთშესვენება აიღო. ამან „სოხუმს" არ უშველა. რუსთაველებმა განაგრძეს დომინირება და პირველი პერიოდი 25:11 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულში კი 34:16 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 32 ქულით გალიდერდნენ.
პერიმეტრზე თუ სამწამიან ზონაში, რუსთაველთა დომინაცია აშკარა იყო და მესამე პერიოდში სტუმართა უპირატესობამ 40 ქულას მიაღწია. შეხვედრის ბედიც გაირკვა და შეხვედრა ძირითადად სათადარიგოებმა ჩაამთავრეს. საბოლოოდ რუსთაველებმა 32 ქულით იმარჯვეს, რაშიც მათ ადამ ბლეიზეკმა 27 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით ულიდერა. 14 ქულა დააგროვა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძემ და ჯეკ კრუკმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს. სოხუმელთაგან 14 ქულით ანატოლი ჩელოვანი გამოირჩა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა 13 ქულა მოაგროვა.
„სოხუმი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენც დაცვაში ძალიან მოვინდომეთ და თავდასხმაშიც უფრო დალაგებულად ვითამაშეთ. ამან განაპირობა დიდი სხვაობა თავიდანვე, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. მივულოცავ ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას. შემდეგი თამაში ბათუმთან გვაქვს და შევეცდებით, რომ სათანადოდ მოვემზადოთ", - ამბობს რამაზ გოგობერიშვილი, რუსთავის მთავარი მწვრთნელი.
„როტაციის უქონლობის გამო დღევანდელ მატჩში დავმარცხდით. იმედი მაქვს სკამს შევავსებთ და უკეთ ვითამაშებთ", - ამბობს, მიხეილ კობეშვიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.
„მარნეული-დელტა" - „ბათუმი" 78-92
დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტური, რომლის ბოლო მატჩშიც „მარნეულმა" „ბათუმს" უმასპინძლა. მატჩი მარნეულში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვემოქართლური გუნდის ტექნიკური პრობლემების გამო შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და ნომინალური მასპინძელიც „დელტა" გახლდათ.
ქვემოქართლურ გუნდში მთავარი მწვრთნელის დებიუტი შედგა. თემურ კანკიამ, რომელიც აქამდე „მგზავრების" ასისტენტი მწვრთნელი იყო, „დელტა" ჩაიბარა და პირველ შეხვედრაში ძლიერ „ბათუმს" დაუპირისპირდა. მარნეულელებმა კარგად ჩაატარეს პირველი ნახევარი, რომლის უმეტესობაც იგებდნენ და დიდ შესვენებაზეც ლიდერის ამპლუაში მივიდნენ - 38:32.
შესვენებიდან დაბრუნებული ბათუმელები სულ სხვა შემართებით ათამაშდნენ და ჩამორჩენა 2 წუთში გააბათილეს, პერიოდის ბოლომდე კი გვარიან უპირატესობასაც დაეუფლნენ. ამერიკელი სპენსერ კოლინსისა და უკრაინელი ლეგიონერების შორი სროლებით, ასევე სერბი სტეფან ანდრესევიჩის შედეგიანი ფარქვეშ თამაშით ზღვისპირელებმა მესამე ათწუთეული 35:12 (!) მოიგეს და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
ბოლო პერიოდის დაწყებამდე სტუმრები 17 ქულას იგებდნენ და მატჩიც აუღელვებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ბათუმელებს 26 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო 18 - ილია შემოსიუკმა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სტეფან ანდრესევიჩმა მიითვალა.
„დელტას" შემადგენლობაში 17 ქულით ბომბარდირი გახდა არტიომ შვეცი. დეანდრე რეის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა, ჯინ ბონდუმელის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.
„დღეს სერიოზული მეტოქე გვყავდა და ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდი ჯერჯერობით არ არის მზად 40 წუთის სათამაშოდ. პირველი ნახევარი კარგი გამოგვივიდა. განწყობის ხარჯზე შეიძლება თამაში, თუმცა როგორც კი ცოტა დავიღალეთ ეს შედეგსაც დაეტყო. ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ გამოვასწოროთ", ამბობსთემურ კანკია, მარნეულის მთავარი მწვრთნელი.
„თავიდან კარგად ნამდვილად არ დაგვიწყია. კაპიტანიც დაგვიბრუნდა და ვიმედოვნებ, რომ ის ფორმას მალე დაუბრუნდება. ჯერ კიდევ ბევრ დეტალზე გვაქვს სამუშაო. მინდა აღვნიშნო ტომარაძეს კარგი თამაში შეხვედრის პირველ ნახევარში. ასევე აღსანიშნავია სპენსერის და სერბი მოთამაშის ძალისხმევაც, რომელთაც პირიქით, თავიდან გაუჭირდათ, თუმცა მეორე ნახევარში შედეგიანობას მოუმატეს", ამბობს, ვლადიმერ ბოსნიაკი, ბათუმის მთავარი მწვრთნელი.
***
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მე-7 ტური 7 ნოემბერს გაიმართება.






ჩვენ








