ქუთაისის „მართვე“ ქალთა ლიგის გამარჯვებულია
ქუთაისის „მართვე“ ქალთა ლიგის გამარჯვებულია
05.11.2017
ავტორი:

მართალია, საქართველოს ქალთა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. ქუთაისის „მართვემ" ზედიზედ მეორედ, ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილთან ერთად, გუნდი მომავალ სეზონზე ევროთასებზე, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებით, კვლავ სარგებლობს.

„წლევანდელი ჩემპიონატი, შარშანდელთან შედარებით ძლიერი იყო. კარგი გუნდები მონაწილეობდნენ და კარგი თამაშებიც ჩატარდა. ჩვენ, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. შესაძლოა, უფრო ბევრი ვიშრომეთ, ვიდრე სხვებმა და დაგვიფასდა. წელს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი გუნდისთვის - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფი. ამ ტურნირზე, პირველად ვასპარეზობდით. საერთოდ, ქალთა გუნდებს შორის პირველები ვართ ამ ტურნირზე და გამოცდილებაც, შესაბამისად არ გვქონდა. ჯგუფში, ვისაც ვეთამაშეთ, ყველა გუნდი იყო 3-4 მოთამაშით გაძლიერებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავდა მოწვეული ფეხბურთელები. ეს, ალბათ ფინანსებსაც უკავშირდება. გვყავდა მხოლოდ მეკარე დამატებული. ჩვენი უკრაინელი მეგობარი ნასტია კლიმოვა, რომელიც უანგაროდ დაგვეხმარა. წავაგეთ ფიზიკური მომზადების ნაკლებობის გამო, თუმცა ეს, კარგი გაკვეთილი იყო და მომავალში, აუცილებლად გამოვასწორებთ. სავარაუდოდ, გავძლიერდებით ლეგიონერებითაც და შევეცდებით, მომავალ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეც სათანადოდ გამოვიდეთ. თუმცა, ეს ცოტა შორეული გეგმებია", ამბობს ანა სინატაშვილი, „მართვეს" ფეხბურთელი.

ქუთაისელებმა მთელი სეზონის მანძილზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ჩემპიონატზე, რომელშიც შარშანდელისგან განსხვავებით 6-ის ნაცვლად, 9 გუნდი მონაწილეობდა, თუ არ ჩავთვლით დარჩენილ ტურებს, რომლის შედეგის პროგნოზირებაც არავის ძალუძს, რადგან „მართვე" უშუალო კონკურენტებთან თამაშობს, 14 მატჩში იმარჯვეს. დარჩენილ 2 ტურში, რომელიც უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფი გუნდებისთვის პრინციპული ხასიათის იქნება, ქუთათურებს შეუძლიათ, თავს დასვენების უფლეაბაც მისცენ.

მოგეხსენებათ, ქალთა ჩემპიონატი უხვგოლიანობით გამოირჩევა და გამონაკლისი, არც „მართვეა". სეზონის მანძილზე, მათი ყველაზე შედეგიანი მატჩი, ჩემპიონატის სტარტზე, ახმეტის „ბახტრიონის" წინააღმდეგ გამოდგა. ქუთაისელებმა, სტუმრად 10-0 გაიმარჯვეს.

„ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ უკვე მეორედ - დროზე ადრე გავხდით ჩემპიონები. კარგი იქნებოდა, თუ ბოლომდე გაგრძელდებოდა ეს დაძაბულობა და ბოლო თამაში გადაწყვეტდა ჩემპიონი გუნდის ვინაობასაც, თუმცა, დროზე ადრე გამარჯვება, ეს დიდი სტიმულია და ასევე თავდაჯერებულობა. ამ წარმატებასთან ერთად, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, კიდევ ერთი შანსი, ვცადოთ ძალები ჩემპიონთა ლიგაზე. ყველაფერს გავაკეთებთ,რომ შემდგომში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ და გულშემატკივრები გავახაროთ", - ამბობს ლანა გორგაძე.

სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე უხვგოლიანი სხვა მატჩი იყო, „თბილისმა" რომელსაც იმ მომენტში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი გივი კვარაცხელია წვრთნიდა 19-0 დაამარცხა „მტრედები".  ქალთა ლიგაზეც, სწორედ „თბილისი" არის სატურნირი ცხრილის მეორე საფეხურზე, რომელსაც ვადამდელ ჩემპიონთან გასამართი მატჩიღა რჩება. თუმცა, ამ მომენტისტის „თბილისი", „მართვეს" 8 ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაშიც კი გუნდებს შორის სხვაობა 5-ქულიანი შენარჩუნდება.

მესამე საფეხურზე ლანჩხუთელები ახერხებენ გასვლას. მეოთხე ადგილზე კი გათამაშების დებიუტანტი, „ნორჩი დინამოელის" გოგონათა გუნდი გადის. ქალთა ჩემპიონატი 11 ნოემბერს დასრულდება. სავარაუდოდ, ამ დროს გახდება ცნობილი, თამაშებდარჩენილი გუნდებიდან, მოახერხებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი ხაშურის „ივერიის" მოთამაშეზე, ირმა ლომიძეზე მეტი გოლის გატანას, რომელიც ქალთა შორის 2017 წლის სეზონის ბომბარდირობის კანდიდატია.

იხილეთ სატურნირო ცხრილი