25 მარტიდან ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას დაიწყებს
25 მარტიდან ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას დაიწყებს
31.10.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი საყოველთაოდ გამოიფინება, რაც სპორტის მოყვარულებს ოთხწლეულის ერთ-ერთი უმთავრეს სიმბოლოს ახლოდან ხილვის საშუალებას მისცემს. საუბარია საგანგებოდ მოწყობილ ერთგვარ გადასაადგილებელ ექსპოზიციაზე, რომელიც 2 ნოემბერს ტოკიოს მუნიციპალიტეტებს მოივლის. გარდა ამისა, გამოიფინება სხვადასხვა ოლიმპიური და პარლიმპური თამაშების დროშები.


საგულისხმოა, რომ ოლიმპიური ესტაფეტის დაწყებამდე ოლიმპიურ ცეცხლს იაპონიის 14 პრეფექტურაში იხილავენ, 2021 წლის 25 მარტიდან კი ესტაფეტა, როგორც ეს თავდაპირველი განრიგით იყო გათვალისწინებული, ფუკუსიმას საფეხბურთო ცენტრიდან დაიწყება, 121 დღეს გასტანს და ქვეყნის 47 პრეფექტურას ეწვევა.


წლეულს გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა ლამპარში მოთავსებული ოლიმპიური ცეცხლი საიდუმლო ადგილზე გადაიტანეს. 1 სექტემბრიდან თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ტოკიოს ეროვნული სტადიონის სიახლოვეს ოლიმპიურ მუზეუმში ტოკიოს-1964-ის, საპორო-1972-ის და ნაგანო-1998-ის თამაშების ოლიმპიური ფიალების ასლების გასწვრივ გამოიფინა.


ოლიმპიური ცეცხლი XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ჯერ კიდევ მის გადავადებამდე ჩაიტანეს.